ონის რაიონის სოფელ გლოლასთან ტყე იწვის. როგორც "ინტერპრესნიუსს" რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულმა, დავით გაგოშიძემ განუცხადა, ამ დროისთვის ხანძარი, დაახლოებით, 7-8 ჰექტარზეა გავრცელებული.
"გუშინ ცეცხლი 5 ჰექტარზე იყო და მისი ლოკალიზება თითქმის მოვახერხეთ, მაგრამ შუადღით ძლიერი ქარი ამოვარდა, რამაც ცეცხლი გააღვივა და გაავრცელა. ჯერ ცეცხლის ჩაქრობას საკუთარი ძალებით ვცდილობთ, მაგრამ თუ საჭირო გახდება, დასახმარებლად ვერტმფრენებს გამოვიძახებთ", - აღნიშნა დავით გაგოშიძემ.
პრეზიდენტის რწმუნებულის ინფორმაციით, ხანძარი სოფელ გლოლასთან სამი დღის წინ გაჩნდა, თუმცა ცეცხლის სოფლის მხარეს გავრცელების საფრთხე არ არსებობს.