მექსიკის სამხედრო უწყება 25-კაციანი ჯგუფის განადგურების შესახებ ცნობას ავრცელებს. დანაშაულში ეჭვმიტანილები მექსიკის არმიის ჯარისკაცებთან ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ნუევო-ლეონის შტატში შეტაკებისას დაიღუპნენ.
როგორც ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, სამხედროები ტერიტორიაზე პატრულირებდნენ, როცა ერთ-ერთ რანჩოსთან მიახლოებისას მათ ცეცხლი გაუხსნეს. საპასუხო ცეცხლის შემდეგ ჯარისკაცებმა თავდამსხმელები ადგილზე გაანადგურეს.
მოგვიანებით რანჩოში სამი ადამიანი აღმოაჩინეს, რომლებიც, სავარაუდოდ, გატაცებულნი იყვნენ, თავად რანჩო კი, ადგილობრივი გაზეთების ცნობით, ნარკოდილერების ბანაკი იყო. სამხედროთა შორის დაშავებულებსა ან დაღუპულებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
მექსიკის არმიის ქვედანაყოფი ნარკოკარტელებთან რეგულარულ ბრძოლას აწარმოებს. ოფიციალური მონაცემებით, 2006 წლიდან მოყოლებული, მხოლოდ ნარკობანდების დაპირისპირებას ქვეყნის 28 ათასზე მეტი მაცხოვრებელი შეეწირა.
მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.