შსს ლილოს ბაზრობაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ადგილზე სამართალდამცავებიც იყვნენ მისულები და ლილოს ბაზრობაზე არანაირი საფრთხე არ არსებობს.
როგორც ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებმა "ინტერპრესნიუსს" აცნობეს, ბაზრობაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რამაც პანიკა გამოიწვია.
"დაახლოებით 13:30 საათზე გავრცელდა ხმა, რომ ბაზრობის ტერიტორიაზე ბომბი იყო შემოტანილი, რამაც ხალხში ძლიერი პანიკა გამოიწვია. ამის შემდეგ შეშინებული ხალხი ცდილობდა, ბაზრობიდან გაქცეულიყო. შედეგად დაზიანდა დიდი რაოდენობით დახლები და მოვაჭრეებმა საქონელიც დაკარგეს", - ამბობენ თვითმხილველები.