მოსკოვში ასლან აბაშიძის დროის აჭარის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ელგუჯა ჯინჭარაძე, მეტსახელად "რემბო" მოკლეს.
რუსული სააგენტოების ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ელგუჯა ჯინჭარაძეს ტარას შევჩენკოს სანაპიროზე წუხელ, დაახლოებით, 01.00 საათზე ესროლეს.
დაზუსტებული ინფორმაციით, თავდასხმა რამდენიმე ადამიანმა განახორციელა. მათ ელგუჯა ჯინჭარაძეს სასტუმრო "უკრაინასთან" გაუხსნეს ცეცხლი, რის შემდეგაც ავტომანქანით მიიმალნენ. მიღებული ჭრილობებისგან ჯინჭარაძე ადგილზე გარდაიცვალა. მასთან ერთად იმყოფებოდა კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც, ასევე, კავკასიური წარმოშობის არიან.
მოგვიანებით, მილიციელებმა დააკავეს ავტომანქანა, რომლითაც თავდამსხმელები გაუჩინარდნენ. თუმცა, მანქანის მფლობელი ტაქსის მძღოლი აღმოჩნდა, რომლის ინფორმაციითაც, მგზავრები რუბლიოვკის რაიონში ჩამოსვა. თავდამსხმელების ძებნა გრძელდება.
რუსული სააგენტოები წერენ, რომ ჯინჭარაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში ასლან აბაშიძის მმართველობის დროს იყო. 2004 წლის მაისში, სააკაშვილსა დ აბაშიძეს შორის კონფლიქტის დროს ჯინჭარაძე სააკაშვილის მხარეს გადავიდა. ამასთან, ელგუჯა ჯინჭარაძე ბიზნესმენ მამუკა ჯინჭარაძის ძმა იყო. მამუკა ჯინჭარაძეც რამდენიმე წლის წინ მოსკოვში მოკლეს.