მექსიკის ქალაქ აპაცინგანში ნარკოკარტელის "ლა ფამილიას" ლიდერი ნასარიო მორენო გონსალესი მოკლეს.
სააგენტო "ფრანს პრესის" ინფორმაციით, ნარკოკარტელის ლიდერი ნასარიო მორენო გონსალესი სამართალდამცავებმა სპეცოპერაციის დროს მოკლეს. ნარკოკარტელის ლიდერის ცხედარი გონსალესის დაჯგუფების წევრებმა თან წაიღეს. ადგილობრივი ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ნასარიო მორენო გონსალესი ცოცხალი ნამდვილად არ გადარჩენილა.
მექსიკის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, სპეცოპერაციის დროს 3 მშვიდობიანი მოსახლე, ნარკოკარტელის 3 წევრი და 5 პოლიციელი დაიღუპა.
სამართალდამცავთა ინფორმაციით, გონსალესი დამნაშავეთა იმ სიაში შედიოდა, რომლის დაკავება მექსიკელი სამართალდამცავების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა. მორენოს ადგილსამყოფელის დასახელების შემთხვევაში პოლიციას ჯილდოდ 2.4 მილიონი დოლარი ჰქონდა განსაზღვრული.
"ფრანს პრესის" ცნობით, 7 დეკემბერს სამართალდამცავებმა "ლა ფამილიას" კიდევ ერთი წევრი ხოსე ანტონიო არკოსი დააკავეს.
2006 წელს "ლა ფამილია" "ყურეს კარტელს" გამოეყო.
დაჯგუფება ოჯახურ ფასეულობებზე, ნახევრად რელიგიურ ფილოსოფიასა და კრიმინალური ბიზნესის ძალადობრივ მეთოდებზეა დაფუძნებული.
"ესოშეიტედ პრესის" ცნობით, გონსალესმა, რომლის მეტსახელი "შეშლილი" იყო, თავისი მომხრეებისთვის მორალური კოდექსიც დაწერა, რომლის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, დაჯგუფების წევრებს ნარკოტიკების მოხმარება და რეალიზაცია მექსიკის ტერიტორიაზე ეკრძალებოდათ.