"ალ-ქაიდასთან" დაახლოვებული დაჯგუფების მებრძოლებმა ქალაქ სირტში ლიბიის ყოფილი ლიდერის მუამარ კადაფის ნათესავთა საფლავები შეურაცხყვეს. ბარბაროსებმა კადაფის ყოფილი რეზიდენციის ეზოში პოლკოვნიკის დედა, ბიძა და ბიძაშვილები საფლავებიდან ამოთხარეს და მათი ძვლები საქვეყნოდ დაწვეს.
მუსლიმანური სამყაროს ლიდერები მომხდარით აღშფოთდნენ. ისლამი, შურისმაძიებელთა მოტივების მიუხედავად, საფლავის შეურაცხყოფას კრძალავს. მუსლიმანური ტრადიციების თანახმად, გარდაცვლილს კრძალავენ და იმის მიუხედავად, თუ როგორ ცხოვრობდა, მის საფლავს არ ეხებიან.
ალჟირული გაზეთი Ennahar-ი ამ შემთხვევას ეხმაურება. ”ეროვნული გარდამავალი საბჭო ამ ფაქტის დამალვას ცდილობდა, მაგრამ კადაფის დედის საფლავის შეურაცხყოფა იმაზე მიუთითებს, რომ ლიბიაში ჯერ ისევ სახიფათო ექსტრემისტული დაჯგუფებები მოქმედებენ. ეს კი დიდ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ თავად ლიბიასა და მეზობელ რეგიონებს, არამედ მთელ მსოფლიოს", - წერს გაზეთი.
მომზადებულია Ennahar-ის მიხედვით.