ექსტრემისტებმა იერუსალიმის ჯვრის მონასტერი შეურაცხყვეს

ექსტრემისტებმა იერუსალიმის ჯვრის მონასტერი შეურაცხყვეს

7 თებერვლის ღამეს ისრაელის მემარჯვენე ექსტრემისტებმა იერუსალიმის ჯვრის მონასტერი შეურაცხყვეს. ამის შესახებ, ინტერნეტ-პორტალი newsru.co.il იტყობინება.

ქნესეთთან ახლოს მდებარე სამონასტრო კომპლექსის კედლებზე ექსტრემისტებმა შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს.

მემარჯვენე ექსტრემისტებმა წარწერები დატოვეს იერუსალიმის ერთადერთი სკოლის კედლებზეც, სადაც სწავლა მიმდინარეობს როგორც ივრითზე, ასევე არაბულ ენაზე.

ისრაელში საქართველოს ელჩმა, არჩილ კეკელიამ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის გალავნის დაზიანების შესახებ უცხოური მედიით გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.

"ჯვრის გალავნის კედელზე მემარჯვენე რადიკალური მოძრაობის აქტივისტებმა ქრისტიანების მიმართ შეურაცხმყოფელი წარწერები დაწერეს. ჩვენი ინფორმაციით, რუსთაველის ბარელიეფს დაზიანება არ მიუღია. ისრაელის პოლიციის პრესსამსახურის უფროსმა ინციდენტი დაადასტურა და გვითხრა, რომ ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება", - განაცხადა ელჩმა.

მონასტერში დაცული შოთა რუსთაველის ფრესკა ერთხელ უკვე დაზიანდა. 2004 წელს დაუდგენელმა პირებმა გამოსახულებას სახე გადაუფხიკეს.

ამ ფაქტის შემდეგ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ინიციატივით, მონასტრის მიმდებარე რუსთაველის ქუჩაზე მწერლის ბარელიეფი დაიდგა, თუმცა 2010 წელს ეს მემორიალიც დააზიანეს. ქვის სვეტზე მიკრულ ბარელიეფს სახე ამოუმტვრიეს. ქართულმა მხარემ ქნესეთში მიმართვაც გაგზავნა და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა.

რაც შეეხება ფრესკას, ის მოგვიანებით ებრაელმა რესტავრატორმა ხაიმ კაპშიცმა აღადგინა, თუმცა გამოსახულებას რესტავრაციის კვალი აშკარად ეტყობა.

ამ დრომდე ებრაულ მხარეს რუსთაველის ფრესკის დაზიანებისთვის არავინ დაუსჯია.

მომზადებულია newsru.co.il-ის მიხედვით.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია