უშუქობის გამო მეტროს სადგურებში რთული ვითარება შეიქმნა. ელექტრომომარაგების შეწყვეტის გამო თბილისის მეტროპოლიტენის მუშაობა შეწყვეტილია.
როგორ "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი მეტრო "რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორიიდან იუწყება, მგზავრები, რომლებიც დენის გათიშვის დროს მეტროპოლიტენით სარგებლობდნენ და გვირაბებში დარჩნენ, მეტროსადგურებს ეტაპობრივად ტოვებენ.
როგორც მგზავრები ამბობენ, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მათ ჰქონდათ გაუსაძლისი პირობები, სიცხე და უჰაერობა, რის გამოც რამდენიმე მათგანი შეუძლოდ გახდა. მათი განცხადებით, მეტროსადგურების დატოვება მოახერხეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვაგონების სადგურამდე მისვლა მოხერხდა, ესკალატორზე ამოსვლა კი ფეხით მოუწიათ.
მგზავრების განცხადებით, მეტროსადგურებში ამ დრომდე რჩება ხალხი, არიან ისეთებიც, მაგალითად მოხუცები, რომლებიც შეუძლოდ არიან და საკუთარი ფეხით ამოსვლას ვერ ახერხებენ.
ამასთან, მგზავრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა მათ მიმართ ყურადღება არ გამოიჩინეს და სადგურებში დარჩენილი ადამიანები სასმელი წყლით არ მოამარაგეს. მეტროსადგურებში ელექტროენერგიის მიწოდება ამ დრომდე არ აღდგენილა.