აფეთქება, მკვლელობა და მოკლულის უკანასკნელი წერილი - "მიცკევიჩის" ტრაგედიის დეტალები და 10 ფოტო შემთხვევის ადგილიდან

აფეთქება, მკვლელობა და მოკლულის უკანასკნელი წერილი - "მიცკევიჩის" ტრაგედიის დეტალები და 10 ფოტო შემთხვევის ადგილიდან

"ტკივილს ვეღარ ვუძლებ და ბოლო უნდა მოვუღო ყველაფერს. დედა, მაპატიე, სანამ მოვკვდები, ბოლოს მოვუღებ იმას, ვინც ამ მდგომარეობაში ჩამაგდო", - დედის სახელზე დაწერილი დაახლოებით ამ შინაარსის წერილი მიცკევიჩის ქუჩის ნომერ 29 ა-ში, შემზარავი მკვლელობის ადგილას ერთ-ერთი გარდაცვლილის მანქანაში აღმოაჩინეს.

წერილი იმ პაციენტის მანქანაშია ნაპოვნი, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე მდებარე დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრში მკურნალობდა. ორივე გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობა უკვე დადგენილია.

რა მოხდა თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრში, ზუსტად უცნობია. თუმცა დღის განმავლობაში მკვლელობასთან დაკავშირებით არაერთი ვერსია გავრცელდა.

როგორც ცენტრის თანამშრომლები Ambebi.ge-სთან პირად საუბრებში აცხადებენ, ცენტრის ექიმმა, ზურაბ ბენდელიანმა ცეცხლსასროლი იარაღით მისივე პაციენტი, 33 წლის. ა.ბ. მოკლა. მანამდე კი, პაციენტმა ცენტრის შენობაში, იმ ოთახში, სადაც ექიმი ბენდელიანი იმყოფებოდა, ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდო.

არსებული ინფორმაციით, ექიმმა პაციენტისთვის ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა მოასწრო, თუმცა ოთახში გაჩენილ ხანძარს თავი ვერ დააღწია და დაიწვა.

გარდაცვლილები შენობაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მისულმა მეხანძრეებმა აღმოაჩინეს. ცენტრის პირველ სართულზე, ერთ-ერთ ოთახში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. მეორე მამაკაცის ცხედარი კი შენობის შესასვლელში, ფოიეში იქნა აღმოჩენილი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა.

ცნობილია, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილი არის დედათა და ბავშვთა სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრის ექიმი, ცნობილი დერმატო-ვენეროლოგი, პროფესორი ზურაბ ბენდელიანი. მისი ცხედარი მისსავე კაბინეტში აღმოაჩინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტი და ექიმი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რასაც გასროლა მოჰყვა. აფეთქება კი სავარაუდოდ, სწორედ მკვლელობის შემდეგ მოხდა.

"პაციენტი მოვიდა. კანკალებდა, ტიროდა და წყალი უნდოდა, მითხრა საავადმყოფო აფეთქდაო. მეტი არაფერი ვიცი. გამოვედი და კვამლი დავინახე, მეოთხე სართულზე რომ ამოდიოდა. შიგნით "ლიმონკა" ააფეთქესო, გარეთ კი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლესო", - აცხადებენ თვითმხილველები.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს დედათა და ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკურ ცენტრში სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც აფეთქების შემდეგ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ფანჯრიდან გაიყვანეს და გადაარჩინეს. სტუდენტები სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს. მიცკევიჩის ქუჩაზე, გარდაცვლილების გვამები პროზექტურაში უკვე გადაასვენეს, სადაც მათ ცხედრებს ექსპერტიზა ჩაუტარდებათ. მიცკევიჩის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმე 109-ე მუხლით აღიძრა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. სამინისტროს ინფორმაციით, საქმე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა..

გიორგი დადიანი, Ambebi.ge

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია