ვალუტის კურსი
06/09/2010
USD
1
USD
1.8419
EUR
1
EUR
2.3654
RUB
100
RUB
6.0012
რომელ რადიოს უსმენთ ყველაზე ხშირად?
კალენდარი
« სექტემბერი 2010 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
  
ყველაზე კითხვადი
08:17 / 20-02-2010
საბედისწერო მოთელვა
Ambebi.Geვანკუვერი, საქართველო, ბაკურიანი და ახალგაზრდა სპორტსმენის ტრაგიკული აღსასრული - ამ თემით გასულ კვირას საქართველო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოხვდა. კანადაში, ოლიმპიადაზე დატრიალებულ ტრაგედიას მსოფლიოს წამყვანი საინფორმაციო საშუალებები გამუდმებით გადმოსცემდნენ... რედაქციის დავალებით, ნოდარ ქუმარიტაშვილის მშობლიურ ბაკურიანში მიმავალი, გზაში ძალებს ვიკრებდი - როგორმე მის ახლობლებთან გასაუბრება რომ შემძლებოდა...

ბაკურიანში თოვლი იდო. დამსვენებელიც მრავლად შემხვდა, მაგრამ ყველა, კანადაში დაღუპულ 21 წლის "ჩვენებურ ბიჭზე" ლაპარაკობდა, რომელსაც სამშობლო და პატარა ბაკურიანი უნდა ესახელებინა...
ერთ-ერთ სასტუმროში უცნობი ახალგაზრდა აღელვებული ჰყვებოდა რაღაცას, ცრემლებისგან დაწითლებულ თვალებს ხელის ზურგით იწმენდდა... ჩერდებოდა და მოყოლას განაგრძობდა... აღმოჩნდა, რომ დაღუპული სპორტსმენის ბავშვობის მეგობარი იყო. ვთხოვე, მეგობარზე ჩემთვისაც მოეყოლა. თავი უსიტყვოდ დამიქნია... მერე კი მანქანაში ჩავსხედით და დაღუპული სპორტსმენის სახლისკენ მიმავალ თოვლიან გზას ავუყევით.


- ამ უბანში გავიზარდეთ. ვინ იცის, მე და ნოდო ამ აღმართზე რამდენჯერ დავშვებულვართ ციგებით! ის სულ მასწრებდა და ქვემოდან ამომხედავდა თავისებური ღიმილით, - გაბზარული ხმით მიყვება დაღუპული სპორტსმენის ბავშვობის მეგობარი, ყოფილი მოციგავე ალბერტ მიკირტიჩიანი და ცრემლიან სახეს ქუჩისკენ აბრუნებს: - ეს ჩვენი საყვარელი ადგილი იყო, "სადგურის ბირჟას" ვეძახდით;

აქ გამოვდიოდით ძმაკაცები და "დიდი ფიქრისა და მსჯელობის" შემდეგ, გასართობ ადგილს ვარჩევდით, - დახშული ხმით განაგრძობს და ხელს ბაკურიანის სადგურისკენ იშვერს. - აღარ ვიცი, მის გარეშე ამ უბანში ცხოვრებას როგორ გავაგრძელებ, ყველა ადგილი მის თავს მახსენებს. პირველად დავკარგე ასეთი ახლობელი ადამიანი და ასე მგონია, განახევრებული ვარ... მე და ნოდო საბავშვო ბაღიდან ერთად მოვდიოდით, ერთად გავიზარდეთ, ერთ კლასში ვსწავლობდით, ერთ მერხზე... ჩვენი მამებიც ძმაკაცები იყვნენ და ჩვენც ძმებივით გაგვზარდეს...

სკოლაში იმდენად ცელქი და ცოცხალი ბავშვი იყო, მასწავლებლები სიყვარულით საყვედურობდნენ: ქუმარიტაშვილო, სად შეგიძლია ამდენი, ენერგიის გენერატორი ხარო?! ყველა პედაგოგს ქუმარიტაშვილის "მოთვინიერების" პრობლემა ჰქონდა, მაგრამ მაინც ყველას უყვარდა; საყვედურზე იუმორით პასუხობდა. კლასში შემოსულ მასწავლებელს თუ სიჩუმე დახვდებოდა, გვეტყოდა: რა ხდება, ხომ კარგად ხართ? ალბათ ნოდო არ არის დღეს და იმიტომ არის სიწყნარეო... ნოდო ჩემთვის ძმასავით იყო. ყველაფერი ვიცოდით ერთმანეთის შესახებ... ბავშვობაში მეც მოციგავე ვიყავი და ერთმანეთთან სპორტული ინტერესიც გვაკავშირებდა.

ორივე ამ ექსტრემალურ სპორტს მივდევდით, მაგრამ მე მერე თავი დავანებე. ნოდო კი ამ სპორტით ცხოვრობდა, უსაზღვროდ უყვარდა. რამდენჯერმე ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობდა. გული, იცით, რაზე მწყდება?.. ამ წარმატებას თავისით მიაღწია, თავდაუზოგავი შრომის ხარჯზე; მშობლებს რაც შეეძლოთ, უკეთებდნენ, მაგრამ მატერიალურად არ გადასდიოდათ და უცხოეთში წასასვლელ ხარჯებს გაჭირვებით აგროვებდნენ... ნოდო კი თავს არ ზოგავდა... სერიოზულ თემებზე თითქმის არასდროს ვსაუბრობდით, მაგრამ ერთხელ საფრანგეთში ყოფნისას მითხრა: ჩემი დედ-მამის იმედი უნდა გავამართლოო...

- საზღვარგარეთ ხშირად დადიოდა?
- დიახ. სავარჯიშოდ დადიოდა და ერთ ან ორ თვეს რჩებოდა. თითქმის მთელი მსოფლიოს კურორტული ზონები მოიარა. რადგან საქართველოში სპორტის ამ სახეობისთვის საჭირო საწვრთნელი ბაზა არ არსებობს, ნოდოს ოჯახი ყველაფერს იკლებდა, რომ შვილს კარგი სპორტული მომზადება ჰქონოდა. გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში ხშირად უწევდა ყოფნა. მერე საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ხელფასიც დაუნიშნა, მაგრამ ეს ზღვაში წვეთი იყო, ხარჯებთან შედარებით...

ჯერ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა და საკმარისი ქულები დააგროვა. როცა ოლიმპიადაში მოხვედრის თანხმობა მიიღო, დამირეკა და ბედნიერი ხმით მითხრა: ახლა ნახე, რას ვიზამო!.. მას შემდეგ, საქართველოშიც იყო ჩამოსული და მაშინ მითხრა, - ოცეულში მოვხვდი და აწი მე ვიცი; მოციგავეებს შორის, ყველაზე ძლიერი დევჩენკოა და იმდენს ვივარჯიშებ, რომ მას მოვუგოო...

- ვანკუვერში ყოფნის დროს თუ დაგიკავშირდათ?
- კი, როგორ არა?! გახარებული მიყვებოდა, იქაურ მწვრთნელს უთქვამს: ეს ქართველი ბიჭი კარგად არის მომზადებული, რა მაგრად დადისო!.. ციგას თავისებური მართვა უნდა, მოციგავე ძალიან სწრაფი და მობილიზებული უნდა იყო, ნოდოს ეს ყველაფერი კარგად გამოსდიოდა. ეტყობა, სისხლში ჰქონდა სპორტის ამ სახეობისადმი სიყვარული, მამამისიც მოციგავეა, ბიძებიც და ნათესავებიც. ნოდოს მამა თავის დროზე სპარტაკიადებში მონაწილეობდა და მედლებიც აქვს აღებული.

- ნოდარს ადრე თუ მიუღია ტრავმა?
- კი, რამდენიმე წლის წინ, გერმანიაში ვარჯიშის დროს, ფეხი დაიზიანა და კოჭთან კანი ათლილი ჰქონდა. მწვრთნელისთვის არ გაუმხელია, - ვარჯიშს შემაწყვეტინებსო, უთქვამს, - და დაუჩირქდა. მაშინ კინაღამ ფეხი დაკარგა. აქედან ვეჩხუბებოდი, - ბიჭო, ბავშვი ხომ არა ხარ, ხომ არ გადაჰყვები-მეთქი?!. მერე, როგორც იქნა, ექიმთან მივიდა და იმკურნალა. ნეტავ უფრო მაგრად დაეზიანებინა ფეხი, იქნებ ამ საქმეს აღარ გაჰყოლოდა... როცა მისი ამბავი გავიგე, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, ვერ ვიჯერებდი...

ყველაზე მეტად მის ოჯახში მისვლა გამიჭირდა, - მისი მშობლებისთვის რა უნდა მეთქვა?!. ჩვენ ერთმანეთის სახლებში ისე ვიყავით, როგორც საკუთარ ოჯახებში. მის სახლში მისული, დედამისს საკუთარი დედასავით ვთხოვდი, - საჭმელი მაჭამე-მეთქი... ნოდოს ძმა არ ჰყავდა და ამბობდა, - შენ აგერ არა ხარო?!. როგორი შვილი იყო, იცით?.. დედ-მამის მუდმივი ყურადღების ქვეშ იყო, მაგრამ თანატოლებიდან ვერავინ აკადრებდა რაიმე "გადაკრულს"... არასდროს დამავიწყდება მათი ბედნიერი სახეები, როცა ნოდომ ოლიმპიადაში მონაწილეობის მიწვევა მიიღო...

- ალბერტ, ლევან გურეშიძეც თქვენი მეგობარია?
- დიახ. ამ ტრაგედიის შემდეგ, ვანკუვერიდან რომ დამირეკა, ისე ცუდად იყო, ვერ მელაპარაკებოდა: ჩემს თავში ძალას ვერ ვპოულობ, შეჯიბრებაზე რომ გამოვიდეო... კიდევ იცით, რა მახსოვს?.. სანამ ვანკუვერში გაემგზავრებოდა, ნოდომ წინაღამეს დამირეკა და მითხრა: ჩემთან ამოდი, ხომ იცი, რომ წასვლამდე ეკლესიაში უნდა ავიდეო: ტრადიციად ჰქონდა - უცხოეთში წასვლამდე და იქიდან ჩამოსვლის შემდეგ, ტაძარში ადიოდა. იმ საღამოსაც ბაკურიანში, წმინდა სამების სახელობის ტაძარში ავედით და სანთლები დაანთო.

მიუხედავად იმისა, რომ სპორტის ძალიან სარისკო სახეობას მისდევდა, იმდენად სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო, მშვიდობით დაბრუნებაზე არასდროს ლაპარაკობდა, სიკვდილის შიში არ ჰქონდა - უფალს მხოლოდ წარმატებას შესთხოვდა... მეორე დღეს, სანამ წავიდოდა, ისევ გამომიარა სახლში, თავის მწვრთნელთან მივედით; ნოდო დარჩა, მე კი წამოვედი. მას შემდეგ აღარ მინახავს... მერე ვანკუვერიდან დამირეკა... სიცოცხლით ტკბებოდა... 2007 წელს, აქ ბაკურიანში, დიდოელისკენ არის სასრიალო ადგილი და თხილამურებით სრიალის დროს კიდევ ერთი ძმაკაცი, მახო თედიაშვილი დაგვეღუპა. ნოდარი და მახო სასრიალოდ ერთად იყვნენ წასული; მაშინ ნოდოს ძმაკაცი ხელებში ჩააკვდა. დიდხანს ჭკუაზე არ იყო, ნერვიულობდა, - ვერაფერი ვუშველეო...

ეზოში შესულს, სახლის კედლებს მიღმა გოდება შემომესმა, ჭიშკართან კი - მხრებში მოხრილი მამაკაცი იდგა და სამძიმარს უსიტყვოდ იღებდა... მწუხარების გაზიარებისთვის მადლობა გადამიხადა. ლაპარაკს დროდადრო ნოდარის დედის მოთქმა გვაწყვეტინებდა: როგორ ვიცხოვრო უშენოდ, შვილოო?!.  

Ambebi.Geდავით ქუმარიტაშვილი:
- ჩემი სიცოცხლე და ენერგია შვილის გზაზე დაყენებას შევალიე... უბანში, თავის თანატოლებთან გვიანობამდე რომ დარჩებოდა, ჩავაკითხავდი, ამდენ ხანს სად ხარ-მეთქი?!. მთელმა საქართველომ დამირეკა, პრეზიდენტმაც მომისამძიმრა, შემპირდა, ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით და ნოდარის გარდაცვალების მიზეზს დავადგენთო. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობამაც დამირეკა, დამაიმედა, ყველაფერს გავაკეთებთო... სიმართლის გამოძიება შვილს ვერ გამიცოცხლებს, შვილო, მაგრამ არ მინდა, სხვა სპორტსმენების მშობლებიც ჩემსავით გამწარდნენ, არ მინდა, სხვების დედ-მამასაც ჯოჯოხეთად ექცეს სიცოცხლე.      

- ნოდარის მწვრთნელი თქვენი ძმა არის?
- არა, ჩემი ბიძაშვილია. მას ჩემი ნოდარი შვილივით ჰყავდა გაზრდილი და ახლა ჩემზე უარეს დღეშია. ვანკუვერიდან რომ დამირეკა, ხმამაღლა ტიროდა და ქალივით მოთქვამდა: რა გითხრა, დავდივარ, მაგრამ მკვდარი ვარო... ფელიქსი საკუთარ თავზე მეტად მეცოდება: მე შვილი მომიკვდა, მაგრამ მისი სიკვდილი არ მინახავს, მას კი შვილივით გაზრდილი ბიჭი ხელებში ჩააკვდა... ნოდარზე მას ლამის ჩემზე მეტი ამაგი აქვს, როგორია - ამხელა ბიჭი გაზარდო და მოგიკვდეს?!. ჩემი შვილის სპორტულ აღზრდაში მთელი გული და სული ჩადო. უხაროდა: თითქმის ყველა ეტაპი წარმატებულად გაიარა, 40 ქულა დააგროვა და ოლიმპიადაში მონაწილეობის ლიცენზია მოიპოვაო!..

- ნოდარის მეგობრებისგან ვიცი, რომ უნივერსიტეტშიც სწავლობდა...

- დიახ, თბილისში ჟიული შარტავას სახელობის უნივერსიტეტში, საბაჟო ეკონომიკურ ფაკულტეტზე სწავლობდა. წელს დაამთავრა. დიპლომი ჰქონდა ასაღები; ოლიმპიადიდან რომ დავბრუნდები, ავიღებო, - გვითხრა, მაგრამ... ვერ მოასწრო, მოუკვდეს მამა!.. უნივერსიტეტიდანაც დაგვირეკეს და მოგვისამძიმრეს, გვითხრეს, თავად მოგიტანთ ნოდარის დიპლომსო... რამდენი რამე დარჩა დაწყებული და შუა გზაზე მიტოვებული!..

- თქვენი გოგონა რამდენი წლის არის?

- მარიამი 17 წლის არის. ბაკურიანის სკოლა ფრიადზე დაამთავრა და სწავლას თბილისში მოსამზადებელზე აგრძელებს. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე უნდა ჩაბარება... ყოველთვის ვამბობდი, - ბედნიერი კაცი ვარ, შვილებში გამიმართლა და ჩემი შრომა წყალში არ ჩამყრია-მეთქი, მაგრამ გამწირა ბუნებამ... ჩემი შვილი მორწმუნე ადამიანი იყო, ვანკუვერში გაფრენამდე სამების საკათედრო ტაძარში ავიდა და სანთლები დაანთო. რომელი ერთი გავიხსენო?.. აღარ ვიცი, რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას ნოდარის გარეშე...   

- ალბათ ვანკუვერიდანაც დაგირეკათ...
- დიახ, ხშირად გვირეკავდა, ჩვენც ვურეკავდით. გამარჯვებისთვის იყო განწყობილი. აბა, შენ იცი-მეთქი! - ვუთხარი. რაღაცნაირად, სიამაყით მითხრა: - კარგი, რა, მამა, ბავშვი ხომ არა ვარო!.. ასე მეგონა, ჩამოყალიბებული კაცი მელაპარაკებოდა. დღემდე ყურებში მიდგას ჩემი შვილის სიტყვები...

ამირან ქუმარიტაშვილი, ნოდარის ბიძა:

- ჩემს ხელში გაიზარდა, შვილო... ჩვენს გვარში ძირითადად ამ სპორტს მისდევდნენ და ყველა გახარებული იყო: ეს ბავშვი ჩვენი საგვარეულოს ყველა რეკორდს მოხსნისო. მეც ყოფილი მოციგავე ვარ, ჩემი ბიძაშვილი, ნოდოს მამაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო... ნოდარი უცხოეთიდან რომ ჩამოდიოდა, ვარჯიშის დღეებს არ "ჩააგდებდა".

დილას, როცა მის თანატოლებს ეძინათ, დარბოდა და სპორტული ნორმების დაცვით ვარჯიშობდა... ბოლო ერთი წელი განსაკუთრებით აქტიურად ემზადებოდა, საზღვარგარეთ გასვლითი ვარჯიშები და შეკრებები ჰქონდათ. როგორც ვიცი, ლატვიაში იყო, მანამდე - გერმანიაში, შემოდგომაზე კი ვანკუვერში, სწორედ იმ ავბედით ტრასაზეც იყო სასრიალოდ წასული, საჩვენებელ და მოსამზადებელ ვარჯიშებს ასრულებდა... საქართველოში ჩამოსული, გახარებული გვიყვებოდა, - ოლიმპიადაზე მოსახვედრი ქულები დავაგროვეო!..

ოლიმპიადისწინა ეტაპები რომ გაიმართა, მსოფლიო მასშტაბით, ორჯერ, 28-ე ადგილი დაიკავა და ასე მოაგროვა ოლიმპიადაზე გასასვლელი ქულები... თქვენი თვალით ხედავთ ალბათ, რომ ოჯახში ფუფუნების პირობებს ვერ შეუქმნიდნენ, მაგრამ რაც შეეძლოთ, უკეთებდნენ, დანარჩენს თავისი ნიჭითა და მონდომებით მიაღწია... გამარჯვებას ველოდით და მთელი სანათესავო ვგულშემატკივრობდით. როცა ღამე დაგვირეკეს და ამ ტრაგედიის შესახებ გვითხრეს, ერთადერთი ის მოვიფიქრე, რომ მისი დედ-მამისთვის ამ უბედურების შესახებ ექიმების თანხლებით უნდა მეთქვა...

აკაკი ქემერტელიძე, დაღუპულის მეგობარი:
- ნოდარს ბავშვობიდან ვიცნობდი. ერთ უბანში, ერთმანეთის გვერდით გავიზარდეთ. ნოდო ამ სპორტს ბავშვობიდან მისდევდა, ძირითადად უცხოეთში ვარჯიშობდა, რადგან საწვრთნელი ბაზა საქართველოში არ არის. სანამ საქართველოში ჩამოვიდოდა, ძმაკაცებს გაგვაფრთხილებდა ხოლმე, - რამდენიმე დღეში მანდ ვიქნები და არსად გაიკრიბოთო...

უცხოეთიდან ჩამოსული, იქაურ ამბებს გვიყვებოდა - როგორ ვარჯიშობდა, როგორი რეჟიმი ჰქონდა... ძალიან მიჭირს მასზე წარსულში საუბარი, ძალიან მხიარული და მეგობრული ადამიანი იყო. სპორტი მისი ცხოვრების აზრი იყო. გვაოცებდა საქმისადმი ერთგულებით, ამ სპორტისთვის იყო დაბადებული... ოლიმპიდიაზე გასვლის საშუალება რომ მოიპოვა... - დამირეკა, გახარებული იყო... ჩემი დეიდაშვილი ამერიკაში ცხოვრობს და იქიდან დამირეკა, - ქუმარიტაშვილი რომელიაო? - ჩემი ძმაკაცია-მეთქი. - ვარჯიშის დროს დაიმტვრაო...

მერე ყოველ წუთს მაწვდიდა ინფორმაციას, რეანოვერტმფრენით საავადმყოფოში წაიყვანესო... რამდენიმე წუთის შემდეგ კი მითხრა, დაიღუპაო... ვერ ვიჯერებდი. თავად გადავამოწმე ინტერნეტსაიტებზე და ყველგან ეს ინფორმაცია იყო. მერე ბაკურიანში მის ბიძაშვილს, მისი მწვრთნელის შვილს დავურეკე, - ნოდოზე ხომ არაფერი იცი-მეთქი? - არა, რა ხდებაო? ვერაფერი ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე... ბოლოს იანვარში ვნახე, ბაკურიანში იყო ჩამოსული, საფრანგეთიდან ქუდი ჩამომიტანა და ხალისობდა, - ხედავ, კარგად გიცნობ, ზუსტად შენი თავის ზომა შემირჩევიაო... 

ნატო ფანჯაკიძე, ნოდარ ქუმარიტაშვილის ახლობელი:

- ჩვენს ხელში გაიზარდა, ჩემი ძმა და ნოდო მეგობრები იყვნენ. ბაღშიც ერთად იყვნენ, მერე - კლასში და თბილისში, უნივერსიტეტშიც ერთ ჯგუფში სწავლობდნენ. მისი ჩამოსვლა მთელი უბნისთვის ზეიმი იყო, ჩამოგვივლიდა და მოგვეფერებოდა, - ხომ არ მოიწყინეთ უჩემობაშიო?... ალბათ ასეთი მოკლე დღე რომ ჰქონდა, იმიტომ იყო ასეთი თბილი, მხიარული, სიყვარულითა და იუმორით სავსე...


ლალი პაპასკირი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ყურადღება - კონკურსი!
09:48 / 06-09-2010  Image საქართველო ევრობასკეტზე დაუშვეს!!!
გინდ დაიჯერეთ და გინდ არა - საქართველოს ნაკრები გაისად, სექტემბერში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს!
14:40 / 06-09-2010  Image იური შევჩუკი: "პუტინთან საუბარი მუხლების კანკალის გარეშეც შეიძლება"
"მინდა დემოკრატიულ, სამართლიან ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც თითოეული ადამიანი კანონით იქნება დაცული. ზოგიერთებს ხელისუფლების ეშინიათ, მაგრამ გარწმუნებთ, სავსებით შესაძლებელია მთავრობასთან მშვიდად ისაუბრო და არ გიკანკალებდეს მუხლები", - განაცხადა შევჩუკმა
11:21 / 06-09-2010  Image მოსკოვში ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს
მოსკოვში ქართველი კანონიერი ქურდი თეიმურაზ ფაროიანი, მეტსახელად თეკო, დააკავეს