ფეხბურთის ისტორიაში ორ უძლიერეს მოთამაშედ მიჩნეულ პელესა და მარადონას შორის დაპირისპირება გრძელდება. ცოტა ხნის წინათ არგენტინელის მიერ
ბრაზილიელის გაკრიტიკებას მალევე მოჰყვა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის პასუხი: “არ შეიძლება მარადონას ვუწოდოთ კარგი მწვრთნელი.
ამას იმიტომ ვამბობ, რომ არ შეიძლება მარადონამ, რომელიც ასეთი მოუწესრიგებელი ცხოვრებით ცხოვრობს, გუნდისთვის სასიკეთო სამუშაო გასწიოს”.
პელე არ მორიდებია მარადონას გუნდის მომდევნო მეტოქის, გერმანიის ნაკრების ქებას: “სასიამოვნოა გერმანიის ახალგაზრდა ნაკრების ყურება. აშკარაა, რომ გერმანულ ფეხბურთში ცვლილებებია”.
ფეხბურთის მეფედ აღიარებულმა ბრაზილიელმა გერმანელთაგან მესუტ იოზილი და ტომას მიულერი გამოჰყო: “ამ ორ ფეხბურთელს აქვს კარგი დრიბლინგი. მათ შეუძლიათ ზუსტი პასის გაკეთება და ნებისმიერ ეპიზოდში არასტანდარტულად მოქცევა” – ციტირებს პელეს სიტყვებს Sky Sports.