ლეგენდარული დანიელი მეკარე პეტერ შმეიხელი, საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ფართო აუდიტორიის წინაშე არცთუ ხშირად ჩნდება. ის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ფეხბურთს არ მოსწყვეტია – სხვადასხვა სატელევიზიო პროექტებში მონაწილეობს, ტელეკომენტატორად მუშაობს და ცდილობს შვილს, კასპერს, რომელიც ასევე კარში დგას, მაღალი კლასის მეკარედ ჩამოყალიბებაში ხელი შეუწყოს.
ცოტა ხნის წინათ, დანიელი ჩასტროლ EGDE Penalty Analysis-ის ექსპერტი გახდა და მოქმედ მეკარეებს სასარგებლო რჩევებს აძლევს. შპორტბოხ-თან ინტერვიუში შმეიხელმა თავის ამჟამინდელი ყოფის გარდა, არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა.
- კარიერის დასრულების შემდეგ, პროექტ “ჭუჭყიან სამუშაოში” მონაწილეობდით, რომელიც ტელეარხ Discovery-ზე გადიოდა. ამის გარდა რას აკეთებდით?
- ბევრს ვმუშაობდი მასმედიაში, სხვადასხვა ტელეარხებზე კომენტატორი ვიყავი. გარდა ამისა, ჩემს შვილს კასპერს ვაქცევ ყურადღებას და ვეხმარები, რომ როგორც მეკარე კიდევ უფრო განვითარდეს. ცოტა ხნის წინათ, ის “ლიდსში” გადავიდა და მის წინსვლას თვალი უნდა ვადევნო.
- მწვრთნელობა არ გიცდიათ?
- მართალი გითხრათ, მწვრთნელად მუშაობა შემეძლო. მე საუცხოო კარიერა მქონდა თუმცა, მინდა, რომ დრო სხვა საქმეებისთვისაც დამრჩეს. ამიტომ, მზად არ ვარ, ყურადღება მხოლოდ ერთ კლუბს დავუთმო.
- ბევრი ყოფილი ფეხბურთელი სხვადასხვა ტელეარხებზე კომენტატორად მუშაობს და მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებს აშუქებს. ამის გაკეთებას თქვენც ხომ არ გეგმავთ?
- ერთ-ერთ დანიურ ტელეარხზე კომენტატორად ვმუშაობ და მთელი ჩემპიონთა ლიგა გავაშუქე. სამწუხაროდ, ამ არხს მსოფლიოს ჩემპიონატის ტრანსლირების უფლება არ აქვს. ამიტომ, ახალი სეზონის დაწყებამდე ვისვენებ.
- დანიის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი მატჩი იაპონიასთან წააგო და ფლეი ოფში ვერ მოხვდა. რას ფიქრობთ თქვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის შესახებ და მისი პერსპექტივა როგორია?
- დანიაში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელთაც თავის გამოჩენის შანსი უნდა მიეცეთ. ჯგუფური ეტაპიდან გავარდნა საწყენია, მაგრამ ახლა დანიელებს შანსი აქვთ, ყველაფერი თავიდან დაიწყონ და კარგი გუნდი შექმნან.
- ბევრ მოთამაშეს არ მოსწონს ახალი ბურთი - “ჯაბულანი”. როგორ ფიქრობთ, მიმდინარე მუნდიალზე მეკარეების უხეში შეცდომები სწორედ ამ ფაქტორს უკავშირდება?
- ახალი ბურთის შესასწავლად, მეკარეებს დრო არ ჰქონდათ. ის ძალიან მსუბუქია და ჰაერში ტრაექტორიას ხშირად იცვლის, რითაც გოლკიპერებს პრობლემებს უქმნის. ჩემი აზრით, წარსული უნდა გავიხსენოთ და უფრო მძიმე ბურთები გამოვიყენოთ. ეს როგორც მეკარეებს, ასევე, ფეხბურთელებს წაადგებათ.
- “ჯაბულანის” შეუძლია თამაშის მერე დანიშნულ თერთმეტმეტრიანების სერიაზე გავლენა იქონიოს?
- ახალი ბურთი მეკარეებს შეცდომის უფლებას ფაქტობრივად არ უტო-ვებს. მადლობა ღმერთს, რომ კარიერა დავასრულე და “ჯაბულანისთან” საქმე არ მექნება.
- გასულ ევროპის ჩემპიონატზე იკერ კასილიასმა პენალტების სერიაში თავი საუცხოოდ გამოავლინა. როგორ ფიქრობთ, ამ კომპონენტში მან რის ხარჯზე მოუმატა?
- ნათელია, რომ კასილიასი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. მან ჩემპიონთა ლიგა 19 წლის ასაკში მოიგო და მას მერე, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში, მაღალ დონეზე თამაშობს. ვინაიდან, ის დიდი ხნის განმავლობაში ასეთ სათამაშო კლასს ინარჩუნებს ე.ი. საუცხოოდ იცის, რთულ ვითარებაში როგორ უნდა მოიქცეს.
- ესპანეთის ნაკრებს შემადგენლობაში 3 საუცხოო მეკარე ჰყავს – კასილიასი, ვიქტორ ვალდესი და პეპე რეინა. თითოეული მათგანის პლუსი რა არის და როგორ გრძნობს თავს მაღალი კლასის მეკარე, როდესაც თადარიგშია?
- კასილიასი, ვალდესი და რეინა – სამივე, ევროპის საუკეთესო კლუბებში, უმაღლეს დონეზე თამაშობს. კასილასს ურთულეს შეხვედრებში მონაწილეობის უდიდესი გამოცდილება აქვს, როგორც ნაკრებში, აგრეთვე კლუბში. ვალდესი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გამოდის – ყოველ კვირა შეხვედრებს ძალიან რთულ ჩემპიონატში ატარებს და ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში რეგულარულად მონაწილეობს.
რეინა ინგლისის პრემიერლიგაში გამოდის. მას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა წინააღმდეგ უთამაშია და ნაკრებში არ დაიკარგება. კარგადაა ცნობილი, რომ სათადარიგოებში ჯდომა არცერთ ფეხბურთელს უნდა. თითოეულ მათგანს იმედი აქვს, რომ საკუთარ შანსს მიიღებს და მაქსიმუმს აჩვენებს. როდესაც გუნდში ასეთი კონკურენციაა, იძულებული ხარ, შესაძლებლობების ზღვარზე ითამაშო. ამ მხრივ, ესპანეთის ნაკრების ნამდვილად შეგშურდება.
- პენალტების სერიაში ესპანეთთან რომ გეთამაშათ, დამრტყმელებს შორის ვის ხილვას არ ისურვებდით?
- ცოტა ვინმეს სურს ისეთ ტოპ-თავდამსხმელებთან დაპირისპირება, როგორიც ფერნანდო ტორესი და დავიდ ვილიაა. თუმცა, ჩასტროლ Castrol EDGE Penalty Analysis-ის გამოკვლევას თუ გადავხედავთ, ისინი თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან ხშირად ცდებიან. ვისიც ნამდვილად შემეშინდებოდა, ეს ხაბი ალონსოა. მან ბოლო 7 პენალტი ზუსტად დაარტყა. მას შესრულების რაიმე შაბლონური მანერაც კი არ გააჩნია და ამიტომ, წინასწარ იმის განსაზღრა, თუ როგორ დაარტყამს, შეუძლებელია.
- შეგიძლიათ თქვათ, მეკარეები პენალტებისთვის როგორ ემზადებიან. დამშვიდებას და კონცენტრირებას რის ხარჯზე ცდილობენ?
- პენალტების სერიას ყოველთვის მშვიდად ვხვდებოდი. ყველაზე მეტად დამრტყმელი ნერვიულობს და არა მეკარე, რადგან თუ ბურთი მოიგერიე, უკვე გმირი ხარ. ჩვეულებისამებრ, თვალს ვადევნებდი მოთამაშეს, რომელსაც პენალტი უნდა შეესრულებინა. მისი სიარულის მანერით, შესაძლოა განსაზღვრო, თუ რამდენად თავდაჯერებულია. ასევე, შეიძლება თვალებში შეხედო და მიხვდე, რომელ კუთხეში აპირებს დარტყმას.
ჩემს დროს ჩასტროლ Castrol EDGE Penalty Analysis-ის მსგავსი გამოკვლევა რომ ყოფილიყო, მეტოქეზე, ალბათ, 2 ნაბიჯით წინ ვიქნებოდი. ყოველ შემთხვევაში, ის მაინც მეცოდინებოდა, თუ რომელ კუთხეში გაგზავნა მან ბურთი ბოლო რამდენიმე პენალტის შესრულებისას. რაიმე კანონზომიერების გამოვლენის შემთხვევაში, დარტყმის მიმართულების გამოცნობა გაცილებით იოლია.
- რამდენად მნიშვნელოვანია Castrol-ის კვლევა ფეხბურთისთვის და კერძოდ, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის?
- მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთი გამოიკვლიონ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ეს კვლევა სწორად აღიქვან. Castrol ეფექტურია. ჩემი აზრით, მასში ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემებია შეტანილი.