მიმდინარე სატრანსფერო სეზონზე ტურინის “იუვენტუსის” ერთ-ერთი შენაძენი მეკარე მარკო სტორარია. ბუფონის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ “მილანისა” და “სამპდორიას” ყოფილ გოლკიპერ სტორარის ძირითადში დამკვიდრების შანსი აქვს, მით უმეტეს, მარკოს “ბებერი სინიორას” ახალი თავკაცი ლუიჯი დელ ნერი “მოწყალე თვალით” უყურებს.
- 33 წლის ხართ და “მესინას” თუ არ ჩავთვლით, ძირითადი მეკარე პრაქტიკულად ვერც ერთ გუნდში ვერ გახდით. ამის ფონზე თქვენი ტურინის “იუვენტუსში” მიწვევა ცოტა უცნაურადაც კი გამოიყურება...
- ჩემს “ბიანკონერიში” გადმოსვლას რამდენიმე მომენტი განაპირობებს. “იუვეს” კარგა ხნის განმავლობაში ჯიჯი ბუფონი ვერ დაეხმარება და გუნდს გამოცდილი კიპერი ესაჭიროება. ბუფონს ოპერაცია რომ არ გაეკეთებინა, ტურინში ვერ მოვხვდებოდი. თუმცა, სხვა მომენტიცაა ყურადსაღები – იანვრიდან “სამპდორიაში” გახლდით განათხოვრებული და გენუელთა შემადგენლობაში საიმედოდაც ვითამაშე.
დელ ნერი ჩემით კმაყოფილი დარჩა და როდესაც “იუვენტუსის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, ტურინში მეც მიახლა. ჩემთვის უდიდესი პატივია ასეთ სახელოვან კლუბში ჩარიცხვა და ტურინში საიმედო ასპარეზობის ჩვენების იმედით ჩამოვედი. ბუფონს რაც შეეხება, როგორც გავიგე, მისმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ჯიჯი დაახლოებით ერთ თვეში აღდგენით პროცესს დაიწყებს. გუნდთან ერთად წვრთნას იგი კარგა ხნის განმავლობაში ვერ შეძლებს, მე კი იტალიის საუკეთესო მეკარეს დავურეკავ, გავამხნევებ და წარმატებას ვუსურვებ გამოჯანმრთელების გზაზე.
- დელ ნერის სამწვრთნელო სტილს როგორ დაგვიხასიათებდით?
- სინიორ ლუიჯისთან დიდი ხნის საქმიანი ურთიერთობა არ მაკავშირებს. “სამპაში” იანვარში გამანათხოვრეს (2010 წლის ივნისამდე სტორარი “მილანის” საკუთრება გახლდათ-რედ.) და დელ ნერისთან მხოლოდ ექვსთვიანი თანამშრომლობის გამოცდილება მაქვს. თუმცა, გენუაში გატარებული ნახევარი სეზონი ყოველთვის კარგად გამახსენდება.
მეორე წრის ყველა მატჩში სწორედ მე ვიცავდი “სამპდორიას” კარს, გუნდმა კარგად ითამაშა, ჩემპიონატი მეოთხე საფეხურზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. დელ ნერის რაც შეეხება, მან კეთილი ადამიანისა და მცოდნე სპეციალისტის შთაბეჭდილება დატოვა.
- როგორ გონიათ, ბუფონის არყოფნაში “იუვენტუსის” კარის დაცვას თქვენ მოგანდობენ?
- ძნელი სათქმელია, ტურინში ხომ ალექს მანინგერი დამხვდა. ავსტრიელი მეკარე ადრე მშვენივრად ცვლიდა ბუფონს. ვარჯიშზე თავს არ ვზოგავ და დანარჩენს დრო გამოაჩენს. ისე კი, თავის დროზე “მილანში” მეოთხე მეკარედ ვითვლებოდი, მაგრამ შემდეგ ძირითადშიც არაერთხელ მითამაშია. ვფიქრობ კარგი მეკარე ვარ, გამოცდილი და დარწმუნებული ვარ, 33 წლის სტორარი “იუვენტუსს” გამოადგება.
- რამდენიმე დღეა, რაც “იუვენტუსთან” ერთად ახალი სეზონისთვის ემზადებით. როგორი განწყობით ვარჯიშობთ?
- მიუხედავად იმისა, გასული სეზონი “იუვემ” მოწინავე ოთხეულს მიღმა რომ დაასრულა, გულშემატკივრებს გუნდისადმი რწმენა არ დაუკარგავთ და “ინტერთან”, “მილანსა” და “რომასთან” ერთად “ბიანკონერი” სკუდეტოს მოპოვების კანდიდატად ითვლება. კლუბში საქმიანი ატმოსფეროა, ყველამ თავისი ფუნქცია და საქმე იცის, ამიტომაც “იუვენტუსის” ნათელი მომავლისა მწამს. იმედია, მის წარმატებებში ჩემი წვლილიც იქნება.