თურქეთიდან დაბრუნდა საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები, რომელმაც ქალაქ სტამბოლში, ამ ქვეყნის 18-წლამდელთა ნაკრებთან ორი შეხვედრა
ჩაატარა და ორივე წააგო. ქართველი კალათბურთელები პირველ შეხვედრაში 53:78, მეორეში კი, 53:80 დამარცხდნენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის B დივიზიონის H ჯგუფში მოხვდა, სადაც ქართველ კალათბურთელებთან ერთად, ისრაელის, შვედეთისა და უნგრეთის ნაკრები გუნდები ითამაშებენ. ასპარეზობა 14 ივლისს დაიწყება და მას ავსტრიის ქალაქები - გესინგი და ობერვარტი უმასპინძლებენ.
გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს 20-წლამდელთა მთავარ მწვრთნელ მიხეილ ბერუაშვილთან, რომელსაც თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ გავესაუბრეთ.
მიხეილ ბერუაშვილი: თურქებს ჰყავთ ძალიან ძლიერი გუნდი, რომელიც A დივიზიონში თამაშობს და ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია. თურქეთის ნაკრები რამდენიმე 19 წლის კალათბურთელით იყო გაძლიერებული. არც ჩვენი ნაკრებია 20-წლიანებით სავსე, ძირითადად, 19-წლიანები თამაშობენ. მართალია, დავმარცხდით, მაგრამ თურქეთში ჩატარებული 2 საკონტროლო მატჩით მაინც კმაყოფილი ვარ.
- ორივე შეხვედრაში დიდი ანგარიშით დამარცხდით და კმაყოფილი რით ხართ?
- ჩვენი უმთავრესი მიზანი გუნდის შეთამაშება იყო და არა მოგებაზე თამაში. შარშანდელი შემადგენლობიდან გუნდში მხოლოდ ზურაბ მაჭავარიანი და თორნიკე შენგელია თამაშობენ. დანარჩენები კი, ახალწვეულები არიან. აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი უმთავრესი მიზანი გუნდის შეთამაშებაა და ამიტომ ვარ თურქებთან თამაშით კმაყოფილი.
- გუნდში რა ხარვეზები გამოჩნდა თურქებთან თამაშის შედეგად?
- ხარვეზები გვაქვს როგორც დაცვაში, ისე თავდასხმაში თამაშის დროს. რა თქმა უნდა, არის დადებითი მხარეებიც. ასე რომ არ იყოს, გუნდის თამაშს აზრი არ ექნებოდა.
- თურქული ტურნედან რომელიმე ჩვენებურის თამაშს თუ გამოარჩევდით?
- გამორჩევით კალათბურთელის დასახელებისაგან თავს შევიკავებ.
- ავსტრიაში გამგზავრებამდე საკონტროლო მატჩებს აღარ ჩაატარებთ?
- დაველაპარაკები საქართველოს 18-წლამდელთა მთავარ მწვრთნელ მიხეილ კობეშავიძეს და შეიძლება, ამ გუნდთან ვითამაშოთ.
- ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული შენგელია თუ დაგეხმარებათ?
- ჩავალთ ავსტრიაში, სადაც ეროვნული ნაკრები ვარჯიშობს და ყველაფერი ამის შემდეგ გაირკვევა.
- ესპანეთში მყოფ გიორგი შარაბიძეზე რა ისმის?
- გიორგი უკვე თბილისშია და ვარჯიშებზე ხვალიდან (დღეიდან – რედ.) შემოგვიერთდება.