"ფიორენტინას" ახალ თავკაცს, სინიშა მიხაილოვიჩს გუნდის დაცვის ცენტრის გაძლიერება სურს და ამ მიზნის მისაღწევად "ინტერიდან" ივან კორდობას გადაბირებას აპირებს. Football Italia-ს ინფორმაციით, ფლორენციელები მზად არიან 33 წლის კოლუმბიელი უკანახაზელის სანაცვლოდ "ნერაძურის" 4 მილიონი ევრო გადაუხადოს.
შეგახსენებთ, რომ მიხაილოვიჩი 2004-06 წლებში "ინტერში" თამაშობდა, ხოლო შემდეგ მილანური გუნდის თავკაცის, რობერტო მანჩინის თანაშემწე იყო. ასე რომ, სერბ სპეციალისტს შესანიშნავად მოეხსენება კორდობას შესაძლებლობები, რომელიც "ნერაძურის" ღირსებას 1999 წლიდან იცავს. იტალიური გრანდის შემადგენლობაში გატარებულ 11 სეზონში კოლუმბიელმა მცველმა 366 მატჩი გამართა, რომლებშიც 17 გოლის გატანა მოახერხა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში "ინტერის" დაცვის ცენტრში ძირითადად ვალტერ სამუალისა და ლუსიოს წყვილი თამაშობდა. მართალია, განვლილ სეზონში 26 მატჩი კორდობასაც დაუგროვდა, მაგრამ, კოლუმბიელმა მათი უმეტესობა შეცვლაზე შესულმა ჩაატარა. სწორედ ეს აძლევს მიხაილოვიჩს იმის იმედს, რომ ვეტერანი სამხრეთამერიკელი უკანახაზელი ფლორენციელთა შეთავაზებას დათანხმდება.