კომპანია Apple-ის ახალი სმარტფონები iPhone 4 პირველსავე დღეს წარმატებით გაიყიდა. კომპანიის მესვეურებს მობოდიშებაც კი მოუხდათ იმ მიზეზით, რომ მზარდი ინტერესის გამო გაიჭედა ოპერატორ AT&T-ის ვებ-გვერდი, რომელსაც აშშ-ში iPhone-ის გაყიდვის ექსკლუზიური უფლება აქვს. საგულისხმოა, რომ პირველსავე დღეს საიტზე შეკვეთის გაკეთება 13 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოინდომა.
მომდევნო დღეებში კომპანიამ ახალი შეკვეთების მიღება უკვე შეგნებულად შეწყვიტა. ამის მიზეზი აპარატების მარაგის ამოწურვა გახდა. AT&T-ის ოპერატორმა კლიენტები იმით დაამშვიდა, რომ გაყიდვები უახლოეს მომავალში განახლდება.
ანალიტიკოსთა თქმით, ახალი სმარტფონი iPhone 4 ბევრად უკეთესია თავის წინამორბედზე და 100 ახალი ფუნქციითაა გამდიდრებული. მათივე ვარაუდით, სექტემბრის ბოლომდე კომპანია 36 მილიონ სმარტფონს გაყიდის, რომელიც სულ რამდენიმე დღეა, რაც ბაზარზე გამოჩნდა.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.