პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლება დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს გამოუყოფს ორ კომპანიას, რომლებიც ამერიკის მზის ენერგეტიკის ინდუსტრიას განავითარებენ.
კომპანია Abenoga Solar არიზონაში მსოფლიოში ყველაზე დიდ სადგურს ააგებს, რომელიც მზის ენერგიის გადამუშავებაზე იმუშავებს. სადგური ელექტროენერგიით 70 ათას მოსახლეს დააკმაყოფილებს, რის შედეგად ატმოსფეროში გამონაბოლქვი მნიშვნელოვნად შემცირდება.
კომპანიის Abenоga წარმომადგენლის განცხადებით, მზის ელექტროსადგური დაახლოებით 8 კვადრატულ კილომეტრზე განთავსდება და უახლესი ტექნოლოგიებითა და აპარატურით აღიჭურვება.
კიდევ ერთი კომპანია, რომელიც აშშ-ში ჰელიოენერგეტიკულ პროექტს განახორციელებს, Abound Solar Manufacturing-ია. მისი ქარხნები კოლორადოსა და ინდიანას შტატებში განთავსდება და ფირის სისქის მზის ბატარეების წარმოებით დაკავდებიან.
პრეზიდენტ ობამას თქმით, ამ ორი პროექტის განხორციელებით ქვეყანაში 5 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.