დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყანაში დასაქმებული მოსახლეობის 6% (დაახლოებით 2 მლნ ადამიანი) სამუშაო დღის პერიოდში დაახლოებით საათს სოციალურ ონლაინ-მედიაზე ხარჯავს.
მოსამსახურეთა მხრიდან სამუშაო დროის ასეთი ფლანგვა ბრიტანულ კომპანიებს წელიწადში 14 მლრდ ფუნტი სტერლინგით აზარალებს. შედარებისთვის, 2009 წელს დიდი ბრიტანეთის მთლიანი შიდა პროდუქტი ორი ტრილიონი ფუნტი სტერლინგით განისაზღვრა.
დასაქმებულ ბრიტანელთა ნახევარი (55%) აღიარებს, რომ სამუშაო საათებში სოციალური ქსელით სარგებლობს. არადა, მოსამსახურეები ფოტოებისა და ვიდეორგოლების ატვირთვაზე, პროფილების განახლებაზე, პოსტების შექმნასა და წაკითხვაზე იმდენ დროს ხარჯავენ, რომ ეს მათი სამუშაოს პროდუქტიულობაზე უარყოფითად აისახება.
ექსპერტთა თქმით, გამოკითხულთა მხოლოდ 14% ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ სოციალური ქსელები მათი სამუშაოს ეფექტურობას ზიანს აყენებს. 10% იმასაც კი აცხადებს, რომ სოციალური ქსელების წყალობით უფრო პროდუქტიულად მუშაობს.
გამოკითხულთა 68% მიიჩნევს, რომ სამუშაო საათებში სოციალურ ქსელებით სარგებლობაზე შეზღუდვა არ უნდა მოქმედებდეს. მხოლოდ მესამედი ეთანხმება იმ აზრს, რომ სამსახურში Facebook-ის, Twitter-ის, Flickr-ისა და YouTube-ის მომხმარება აკრძალული უნდა იყოს.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.