აშშ-ის მოთხოვნით ნიცაში დაკავებული 27 წლის მოსკოველი ვლადისლავ ხოროხორინის გამო დასავლურ მასმედიაში რუსული ინტერნეტ-თაღლითობის სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ. არსებობს ვარაუდი, რომ ჰაკერთა დაჯგუფებები რუსეთის სპეცსამსახურებთან შეთანხმებულად მოქმედებენ.
აღმოჩნდა, რომ ხოროხორინის დაქვემდებარებაში არსებულ ერთ-ერთ საიტზე გამოქვეყნებული იყო კარიკატურა, სადაც პუტინი რუს ჰაკერებს მედლით აჯილდოვებს. ამან დასავლური მასმედიის ეჭვები კიდევ უფრო გაამძაფრა.
თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლება ხაკერებთან გარიგებას კატეგორიულად უარყოფს.
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, საკრედიტო ბარათების ნომრების მოპარვასა და გაყიდვაში ეჭვმიტანილი ხოროხორინი, რომელიც ქსელში BadB-ნიკით იყო ცნობილი, მრავალი თვის განმავლობაში ახერხებდა ამერიკული სამსახურებისგან თავის დაძვრენას. მათი ცნობით, ხოროხორინი საკრედიტო ბარათების ნაქურდალ ნომრებს საიტებზე carder.su-სა და badb.biz-ზე ჰყიდდა. თუკი უკრაინისა და ისრაელის მოქალაქეობების მქონე ჰაკერს დანაშაული დაუმტკიცდა, ამერიკული კანონმდებლობით, 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 500 000 აშშ დოლარის ოდენობით ჯარიმა ემუქრება.
გაზეთი The New York Times აცხადებს, რომ რუსეთის სამართალდამცველი ორგანოები, როგორც წესი, ჰაკერებს არ დევნიან, რისი მიზეზიც ამ სფეროში მათი არაკომპენენტურობა, ან კორუმპირებულობაა. კიდევ ერთ მიზეზად გაზეთი პატრიოტულ მოტივს ასახელებს - რუსი ჰაკერები ხომ მსოფლიოში მილიონობით დოლარის კიბერაფერას ახორციელებენ. თანაც, რუსეთის მილიციას დიდად არ ადარდებს თანამემამულე ჰაკერთა საქმიანობა, რადგან მათი მსხვერპლი ძირითადად ევროპისა და ამერიკის მომხარებელია.
მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.