რობონავტები

რობონავტები

ათწლეულების წინ დაწერილი ფანტასტიკა, ნელ-ნელა რეალობად იქცევა. მალე რობოტები ადამიანს კოსმოსის ათვისებაშიც დაეხმარებიან და ორბიტული სადგურის ეკიპაჟის სრულუფლებიანი წევრები გახდებიან.

უკვე ათწლეულებია, ადამიანების მსგავსი რობოტები, ფანტასტიკური ჟანრის წიგნებისა და ფილმების მთავარი მოქმედი გმირები არიან. ისინი ადამიანების ნაცვლად, გარკვეულ სამუშაოს ასრულებენ და ზოგ შემთხვევაში საზოგადოების სრულუფლებიანი წევრებიც არიან. მართალია მსგავსი რობოტების გამოყენება ჯერ ფართოდ არ ხდება, მაგრამ რობოტები და მათი შექმნის ტექნოლოგიები, ჩვენი დღევანდელი დღის განუყრელი ნაწილია. მრეწველობის თითქმის ყველა დარგში რობოტები უკვე წლებია გამოიყენება. კომპიუტერულ და ელექტრონულ ტექნიკას პრაქტიკულად მხოლოდ რობოტები აწყობენ. მსოფლიოს ბევრ მსხვილ ავტოქარხნებში, 3-4-ჯერ მეტ რობოტს ნახავთ, ვიდრე თანამშრომლებს.

მაგრამ მალე ადამიანი რობოტების აქტიურ გამოყენებას კოსმოსშიც დაიწყებს. 2011 წლის 24 თებერვალს, აშშ-ში კანავერალის კონცხიდან შატლმა "დისქავერიმ" მორიგი სტარტი აიღო. ექვსკაციან ეკიპაჟთან ერთად, მის ბორტზე უცნაური მგზავრი - რობოტი Robonaut 2 იმყოფებოდა. საერთაშორისო ორბიტალ სადგურზე ის საგამოცდო მისიით მიფრინავდა. 

NASA-სა და General Motors-ის ერთობლივი ქმნილება, მომავალში ორბიტული სადგურის სრულუფლებიანი წევრი გახდება. მაგრამ იქამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასასვლელი. ტანის ფორმის მიხედვით ის ადამიანს ჰგავს. მისი თავი ოქროსფრად, ტორსი კი თეთრად არის შეღებილი. რობოტი 136 კგ-ს იწონის. მართალია, ის მხოლოდ რობოტია, მაგრამ რეაქციისა და ხელების მოძრაობის მიხედვით, ადამიანს თითქმის არ ჩამოუვარდება. საერთო ჯამში მის ხელებს 42 თავისუფლების ხარისხი გააჩნია (აქედან მხოლოდ 12 მტევნებს აქვთ), რაც მას ადამიანივით მოქნილს ხდის. მას თითების მოძრაობაც შეუძლია (ადამიანის მსგავსაც მასაც ხელებზე ხუთ-ხუთი თითი აქვს). ერთნაირი ეფექტურობით ჩაქუჩის ან საწერი კალმის მოხმარებაც შეუძლია. გრავიტაციის პირობებში, ცალი ხელით მას 9 კგ-ის აწევა ძალუძს.

ორბიტაზე Robonaut 2 ქვედა კიდურების გარეშე გაფრინდა. მათი სრულყოფილი მუშაობისთვის კიდევ რამდენიმე გამოცდაა საჭირო. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მრავალ ფუნქციას ასრულებს. მის თვალებს ორი კამერა წარმოადგენს, რომლებიც სამგანზომილებიან ხედვას უზრუნველყოფენ.

ჯერჯერობით უფეხო ვარიანტში, რობოტი სპეციალურ პოსტამენტზე იქნება დამაგრებული. თავისი პირველი მისიისას ორბიტაზე მან რამდენიმე ტესტი გაიარა. სასწავლ მოწყობილობათა დაფასთან ის ეკიპაჟის წევრებისგან მიღებული ბრძანებებით სხვადასხვა ღილაკებს აწვებოდა. Robonaut 2-ის სრულად დაკომპლექტების შემდეგ, საერთაშორისო ორბიტულ სადგურზე, მას დამლაგებლის ფუნქციების შეთავსებაც მოუწევს. ამით ის ეკიპაჟს რუტინული სამუშაოსგან გაათავისუფლებს.

რობოტის მუშაობას ელექტროენერგია უზრუნველყოფს. ამიტომაც ხანგრძლივი მუშაობისთვის მას ძლიერი აკუმულატორები დასჭირდება. მაგრამ ჯერჯერობით რობოტი ორბიტალ სადგურის ქსელიდან "იკვებება", ამიტომაც პირველი მისიისას, ის მხოლოდ "დესტინის" მოდულში მუშაობდა.

ორბიტულ სადგურზე მსგავსი რობოტის გამოყენება ძალზე პრაქტიკულია. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ღია კოსმოსში გასასვლელად მას არც მომზადება და არც სკაფანდრის ჩაცმა სჭირდება. რობოტი ძალიან მგრძნობიარეა. განსაკუთრებით, ეს მის ხელებს ეხება. საერთო ჯამში მის სხეულზე 350 მაღალი მგრძნობელობის სენსორია განთავსებული, რომლებიც მიღებულ ინფორმაციას 38 პროცესორს აწვდიან.

მწარმოებლების თქმით, ეს უნიკალური მექანიკური რობონავტი, ორბიტალ სადგურზე არა ეკიპაჟის ნაცვლად, არამედ მასთან ერთად იმუშავებს. მომავალში, მისი კომპიუტერი და ორბიტული სადგურის გამომთვლელი სისტემები მუდმივ კავშირზე იქნებიან. ეს იმიტომ, რომ რობოტის ხელოვნურ ინტელექტს შეზღუდვები გააჩნია და თავისით მას ამოცანის ფორმულირება არ შეუძლია. მაგრამ ამავე დროს ოპერატორის ბრძანებებს ის დროულად ასრულებს. სხვათა შორის მათი მიცემა, სპეციალური კომპიუტერული პროგრამით და არა ხმით ხდება - Robonaut 2-ს ყურები არ გააჩნია.

სამაგიეროდ, მისი უნიკალური "თვალების" მეშვეობით, ეკიპაჟს შეუძლია დაინახოს ის, რასაც თავად რობოტი ხედავს. მსგავსი ტექნოლოგიები დიდი პერსპექტივების საწინდარია. მისი გამოყენება მთვარის მისიებში ან მარსზე გაფრენისას შეიძლება. მეცნიერების აზრით, მის ტორსზე თვლიანი შასის დამაგრების შემთხვევაში, ციური სხეულების ზედაპირზე მას გადაადგილება თავისუფლად შეეძლება. 

სხვათა შორის, Robonaut 2-ს წინამორბედებიც ჰყავდა. 1996 წელს შექმნილი იყო პირველი რობოტები R1A და R1B. მაგრამ კოსმოსში მათი გაგზავნა არ მომხდარა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო ორბიტულ სადგურზე ამერიკულ რობონავტამდე უკვე იმყოფებოდა მისი კანადური კოლეგა "დექსტერი". ის ღია კოსმოსშია და მის ფუნქციას ორბიტული სადგურის მომსახურება წარმოადგენს. ხშირად ეკიპაჟი, კოსმოსში გასვლის სანაცვლოდ სამუშოს ჩასატარებლად "დექსტერს" იყენებს. მაგრამ რობონავტისგან განსხვავებით, ის ადამიანს ნაკლებად გავს. 

"დექსტერს", რომელიც დიდ უთაო სხეულს უფრო წააგავს, ორი 3,35მ-ის სიგრძის ხელი გააჩნია. რობოტის გადატანა ორბიტული სადგურის ნებისმიერ წერტილში, დიდი მანიპულატორის გამოყენებით შეიძლება.

როგორც ჩანს, ათწლეულების წინ დაწერილი ფანტასტიკა, ნელ-ნელა რეალობად იქცევა. სულ მალე რობოტები ადამიანს კოსმოსის ათვისებაშიც დაეხმარებიან და ორბიტული სადგურის ეკიპაჟის სრულუფლებიანი წევრები გახდებიან.

ნუკრი მგელაძე

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)