კოსმოსური ტურიზმი 20 მილიონ დოლარად

კოსმოსური ტურიზმი 20 მილიონ დოლარად

1961 წლის 12 აპრილს კაცობრიობის ისტორიაში კოსმოსის ათვისების ხანა დაიწყო. მაგრამ მაშინ კოსმოსში გაფრენის ბედნიერება ერთეულებს ჰქონდათ. მიწაზე დაბრუნებულნი ისინი გმირები ხდებოდნენ. მათზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა. ერთი სიტყვით, ისინი პოლიტიკოსებთან ერთად მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ადამიანები იყვნენ.

დღეს კოსმოსში გაფრენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. თუ, რა თქმა უნდა, მას ამის საშუალებას ჯანმრთელობა, ფიზიკური მომზადება და რაც მთავარია - ჯიბე აძლევს.

მათ კოსმოსურ ტურისტებს უწოდებენ. დღეს მსოფლიოში 7 ასეთი ადამიანია. შვიდი -  დედამიწაზე მცხოვრები შვიდი მილიარდიდან, რომლებმაც ბავშვობის ოცნება აისრულეს და დედამიწის ორბიტაზე იმოგზაურეს.

1957 წლის 4 ოქტომბერს, ნიუ-იორკის ერთ-ერთი უბნის კაფეში რადიოს მოსმენით გართულ მიმტანს ხელიდან თეფშები გაუვარდა. დამტვრეული ჭურჭლის ფასი ერთი დღის ხელფასს უტოლდებოდა. მაგრამ ყმაწვილს ამაზე გული არ დასწყვეტია - იმ მომენტში რადიოთი მოსმენილმა ამბავმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სსრკ-მ ორბიტაზე პირველი ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა. ყმაწვილს დენის ტიტო ერქვა.  1957 წლის 4 ოქტომბერს ის თავისი ოცნების დაბადების დღეს უწოდებს.

ბავშვობის ოცნების ასრულება იტალიელი ემიგრანტების შვილს სულ რაღაც 20 მილიონი დოლარი დაუჯდა.

მსოფლიოში პირველი კოსმოსური ტურისტი ტიტო ორბიტაზე 2001 წლის 28 აპრილს გაემგზავრა. გაგარინის სტარტიდან 40 წლის შემდეგ, კოსმოსის ათვისებაში ახალი ფურცელი გადაიშალა. ორბიტაზე პირველად არაპროფესიონალი კოსმონავტი გავიდა.

ორბიტაზე გამგზავრების წინ, კოსმოსური ტურისტები უკმაცრეს სამედიცინო და ფიზიკურ შემოწმებას გადიან. მხოლოდ ამის შემდეგ რთავენ მათ მომზადების შემდეგ ეტაპზე გადასვლის ნებას. სტარტის წინ, 4-5 თვის განმავლობაში მათ უნდა შეისწავლონ ის, რასაც პროფესიონალები წლებს ანდომებენ. ორბიტაზე ტურისტი ეკიპაჟის სრულფასოვანი წევრია. ამიტომაც ის ავარიული სიტუაციებისთვისაც უნდა მზად იყოს.

კოსმოსში მოგზაურობამ შვიდივე ტურისტის ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები შეიტანა. უნგრეთში დაბადებული ჩარლზ სიმონი კოსმოსზე ბავშვობიდან ოცნებობდა. 13 წლისამ სკოლის ასტრონომიულ კონკურსში გაიმარჯვა და მოსკოვში გაემგზავრა. იქ ის შეხვდა ადამიანს, რომელმაც კოსმოსი მისი ცხოვრების მთავარ მიზნად აქცია, ეს ერთ-ერთი პირველი საბჭოთა კოსმონავტი პაველ პოპოვიჩი იყო. რამდენიმე წლის შემდეგ, უკაპიკოდ მყოფი სიმონი ტურისტული ვიზით ნიუ-იორკში ჩავიდა. 1981 წელს სხვა ღარიბ სტუდენტ ბილ გეითსთან ერთად მან კომპანია Microsoft-ი ჩამოაყალიბა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა პროგრამები Word და Excel.

2007 წლის 7 აპრილს სიმონი რიგით მეხუთე კოსმოსური ტურისტი გახდა, რომელმაც კოსმოსი მოიარა. ორი წლის შემდეგ კომპიუტერულმა გენიოსმა გაიმეორა საკუთარი მოგზაურობა და 25 მილიონად კოსმოსში ხელმეორედ გაფრინდა. ჯამში მან ორბიტაზე 29 დღე დაჰყო (15 - პირველი და 14 - მეორე გაფრენისას).

კოსმოსში გასამგზავრებლად ფულის გარდა ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობაა, მაგრამ არა უმთავრესი პირობა. ორბიტაზე გასასვლელად ტურისტს ძლიერი ნერვები უნდა ჰქონდეს. კოსმონავტების მომზადების ცენტრში (ყველა ტურისტი რუსებმა მოამზადეს და კოსმოსშიც ისინი რუსული რაკეტებით გაფრინდნენ) იყო შემთხვევა, როცა სტრესის გამო იაპონელი კოსმოსური ტურისტი ასპარეზს ჩამოაშორეს. მისი ადგილი კი წარმოშობით ირანელმა, აშშ-ის მოქალაქე ანუშე ანსარიმ დაიკავა. დღეს ის პირველი და ერთადერთი ქალი კოსმოსური ტურისტია.

ანუშე კოსმოსური ტურისტების "რიგში" იდგა და დუბლიორ ეკიპაჟში ირიცხებოდა. ის კოსმოსში 2006 წლის 18 სექტემბერს გაემგზავრა. მუსულმანურ სამყაროში ის პირველი ქალია, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა. ორბიტაზე ის დღიურს აწარმოებდა, რომელიც შემდგომ 30 მილიონზე მეტმა ადამიანმა წაიკითხა.

2009 წლის ზაფხულში, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მორიგი ტურისტი, კანადელი გიი ლალიბერტე გაემგზავრა. 14 წლისა ის სახლიდან გაიქცა. შემდეგი 11 წლის განმავლობაში მან უკაპიკოდ ნახევარი მსოფლიო მოიარა. 25 წლის ასაკში ლალიბერტემ საკუთარი ცირკი დაარსა. დღეს ის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი საცირკო ბიზნესის მფლობელია. ის რიგით მეშვიდე ადამიანია, რომელმაც ორბიტაზე სამოგზაუროდ ბილეთი შეიძინა.

კოსმოსში მოგზაურობით შვიდივე ტურისტმა ბავშვობის ოცნება აისრულა, თუმცა ეს არც ისე იაფი დაჯდა. კონკრეტულად, თითოეული მათგანის მიერ გადახდილი ზუსტი თანხა უცნობია. ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. მაგრამ ცნობილია, რომ დენის ტიტოს კოსმოსური ვოიაჟი 20 მლნ დოლარი დაჯდა. ჩარლს სიმონიმ კი ორივე გაფრენაში 55 მილიონი გადაიხადა.

კოსმოსური ტურიზმი

გადიოდა დრო და კოსმოსში გაფრენა უკვე ჩვეულ მოვლენად იქცა. რაკეტის მორიგი სტარტი უკვე აღარ იწვევდა ისეთ აჟიოტაჟს. გაგარინის სტარტის წინ, მასთან ოთახში შესულმა სერგეი კოროლიოვმა ასეთი ფრაზა წარმოთქვა - "მოვა დრო და ხალხი კოსმოსში პროფკავშირების საგზურით იფრენს". მაშინ გენერალურმა კონსტრუქტორმა იხუმრა. მაგრამ დღეს მისი ხუმრობა ნაწილობრივ რეალობად იქცა.

კოსმოსში მოსახვედრად ყველა ტურისტმა სხვადასხვა გზა გაიარა. მაგრამ ყველაზე უცნაური ისტორია მეექვსე, რიჩარდ გეროტს გადახდა. ამერიკელი ასტრონავტის შვილს სუსტი მხედველობის გამო ექიმებმა კოსმოსზე ოცნების დავიწყება ბავშობიდანვე ურჩიეს. მაგრამ მოზარდი იმედს არ კარგავდა. გავიდა დრო და გეროტი მიხვდა, რომ მის მსგავსად კოსმოსზე ათასობით ადამიანი ოცნებობს.

რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ, მან კოსმოსური ხომალდის სიმულატორი შექმნა. კომპიუტერულ თამაშში, სადაც სხვა პლანეტებზე  მოგზაურობაც იყო შესაძლებელი, ნებისმიერს შეეძლო თავისი ოცნების, თუნდაც ვირტუალურად ასრულება. თამაშმა მისი ავტორი საკმაოდ მდიდარ ადამიანად აქცია და საკუთარი ოცნების განხორციელების საშუალებაც მისცა.

2008 წლის 12 ოქტომბერს მე- 6 კოსმოსურმა ტურისტმა ბავშვობაში საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა რეალობად აქცია.

ნუკრი მგელაძე

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)