ნანობს თუ არა "ორ ვარსკვლავში" მონაწილეობას სალომე ღვინიაშვილი

ნანობს თუ არა "ორ ვარსკვლავში" მონაწილეობას სალომე ღვინიაშვილი

სალომე ღვინიაშვილს და კიდევ უამრავ ცნობილ სახეს, რომელიც ნოე სულაბერიძის შეთავაზებას დათანხმდა, მონაწილეობა მიეღო სასიმღერო კონკურსში, კრიტიკა ხვდა წილად. კრიტიკოსები, ძირითადად, იმაზე მიუთითებენ, რომ არაპროფესიონალ კონკურსანტებს არ აქვთ შესაბამისი ვოკალური მონა-ცემები, თუმცა პროექტის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო და საინტერესოა თვალის დევნება, როგორი პროგრესი ექნება ამა თუ იმ არამომღერალ კონკურსანტს ტურების განმავლობაში.

სალომეს "ორი ვარსკვლავის" რეპეტიციაზე შევხვდით, სადაც მეწყვილესთან, მომღერალ გიორგი ჩიქოვანთან ერთად კინოტურისთვის ემზადებოდა. ინტერვიუსთვის დრო გამონახა და გვესაუბრა იმის შესახებ, როგორ გრძნობს თავს მომღერლის ამპლუაში.

- შემოთავაზებას რომ დათანხმებოდი, დიდხანს იფიქრე?

- საკმაოდ დიდხანს ვიფიქრე. თავიდან გამეცინა და კეტეგორიულად ვიუარე. მერე, დაფიქრების შემდეგ, რატომაც არა-მეთქი, ვთქვი. არც ბავშვობაში მიმღერია და საერთოდ, არანაირი ბაზა და გამოცდილება არ მქონია, ვიცოდი, რომ კრიტიკა აუცილებლად მოჰყვებოდა ამ ნაბიჯს. იყო რისკი, მაგრამ საინტერესოა, პროექტის აზრიც ესაა, როცა სიმღერასთან არანაირი შეხება არ გაქვს. ისეთი ადამიანისგან, როგორიც, ვთქვათ, მე ვარ, მაყურებლისთვის საინტერესოა, ტურიდან ტურამდე როგორ გავიზრდები და რა პროგრესი მექნება.

- ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა შეგაგულიანეს?

- ყველასგან დადებითი მუხტი წამოვიდა, მეგობრებისგან, ზურასგან. ზურამ მითხრა, მგონია, რომ ძალიან კარგად გამოგივაო.

- ზურას დაბადების დღეზე, მახსოვს, სიმღერა ჩაწერე და მეუღლეს მიუძღვენი.

- კი, ერთხელ ჩავწერე, მაგრამ ეს არ ითვლება. სიმღერის ჩაწერა ყველას შეუძლია, მაგრამ ცოცხლად, სცენაზე, ბენდთან ერთად შესრულება სულ სხვა რამეა. ალბათ, ეს ბევრ მომღერალს დღესაც არ შეუძლია. ძალიან რთულია. ერთადერთი დედაჩემი კითხულობდა, რატომ უნდა წახვიდეო, მას არ უნდოდა.

- ალბათ, არ სურდა, შენ მიმართ გამოთქმული კრიტიკა მოესმინა.

- ვიღაცები წერენ, ვერ მღერიო, ეს თავადაც ვიცი. კარგად რომ ვმღეროდე, დიდი ხნის წინ ვიდგებოდი სცენაზე და მომღერალი გავხდებოდი. ვგიჟდები კარგ მუსიკაზე, სცენაზე. ძალიან მაგრადაც რომ ვმღეროდე, კრიტიკოსები მაინც გამომიჩნდებოდნენ.

- როცა რეალურად დადექი სცენაზე, როგორი გრძნობა გქონდა?

- უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. უამრავი ნიუანსია, რომელიც იმან არ იცის, ვინც სცენაზე არ მდგარა. როცა ადამიანს სმენა არ აქვს, მგონია, რომ უფრო რთულია. მე კი, ვფიქრობ, რომ მაქვს სმენა, ყოველ შემთხვევაში, ამას ყველა აღნიშნავს.

- პარტნიორზე გკითხავ. პრინციპში, თავადაც ჯერ გამოუცდელი, ახალბედა მომღერალია.

- გიორგი, რასაკვირველია, ძალიან მეხმარება, მაგრამ მისთვისაც ბევრი ჟანრი ახალია. გიორგის თავისი ბენდი ჰყავს და როკს ასრულებს, ამიტომ მასაც მოუწია გარკვეული ჟანრების ათვისებამ ჩემთან ერთად. მგონია, რომ მაინც ნორმალურად ვახერხებთ ამ ყველაფერს.

- ყველაზე მეტად რომელი ტური გაგიძნელდა?

- პირველი გამოსვლა განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა. ნერვიულობის დასაძლევად გადავკარი, 50 გრამი კონიაკი დავლიე. მასწავლეს, ხმისთვისაც კარგიაო, მაგრამ ეტყობა, ძალიან ვღელავდი და განსაკუთრებულად მომეკიდა. პირველი ტური რთული იყო იმის გამოც, რომ მიკროფონის ნორმალურად დაჭერაც კი არ ვიცოდი. ნელ-ნელა ყველაფერი გავითავისე.

- სალომე, "ორი ვარსკვლავის" პირველივე გადაცემას ძალიან დიდი კრიტიკა მოჰყვა, აფეთქდა საიტები.

- ვფიქრობ, რომ კრიტიკა ძალიან კარგია, ოღონდ - ჯანსაღი. ანუ, ისეთი ადამიანებისგან, რომლებსაც აქვთ კომპეტენცია ამ საკითხში. ვინც საერთოდ არაფერი იცის ამ სფეროში, მათგან კრიტიკა ძნელი მოსასმენია. ვიღაცას ალბათ ჰგონია, რომ უბრალოდ, დადგები სცენაზე და იმღერებ, ასე კი არ არის. გარდა ამისა, კრიტიკა უნდა იჯდეს კორექტულობის ფარგლებში. ვფიქრობ, შოუსთვის ასეთი განხილვა კარგია იმ კუთხით, რომ ამგვარი შოუები სწორედ ამისთვის ტარდება, ხალხმა ხომ უნდა უყუროს და მერე იმსჯელოს?.. კრიტიკას ნორმალურად ვიღებ. იმის მიუხედავად, რომ ბავშვობიდან ყურადღების ცენტრში ვარ, სკანდალური ადამიანი არ გახლავართ და ეს ყველამ იცის. ვარ ჩემთვის, დავბაჯიბუჯობ (იცინის). პირველი გამოსვლის შემდეგ ვნახე, რომ მეც გამაკრიტიკეს. პირველი გამოსვლით თავადაც უკმაყოფილო ვიყავი. გაჩნდა მოსაზრება, აი, სალომე ვერ მღერისო. ამისთვისაც უნდა იყო მზად, როცა ასეთ პროექტში მიდიხარ. იმოქმედა, მაგრამ ტრაგედია არ შემიქმნია. ვფიქრობ, საერთოდ არ მომეთხოვება, ვმღეროდე ისე, როგორც, მაგალითად, ნინი ბადურაშვილი ან ანი კეკუა მღერიან.

- ხომ არ ნანობ მონაწილეობას?

- არა. ნამდვილად არ მინანია. ორშაბათს ველოდები და დიდი სიხარულით მოვდივარ აქ. ძალიან კარგი გარემოა, მონაწილეებს შორის საუკეთესო ურთიერთობებია.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება