ქართველი რეჟისორის რეკორდი - 105 წუთში, ერთკადრად გადაღებული ფილმი - "დავიწყებული მეფე"

ქართველი რეჟისორის რეკორდი - 105 წუთში, ერთკადრად გადაღებული ფილმი - "დავიწყებული მეფე"

რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ მსოფლიო რეკორდი მოხსნა - მხატვრული ფილმი "დავიწყებული მეფე" უწყვეტ კადრად, 105 წუთში (ერთ დღეში) თბილისის ქუჩებსა და სპეციალურად მოწყობილ პავილიონში გადაიღო.

ფილმის ავტორი საქართველოს ისტორიის რიგ საკითხებში ეძებს დღეს ჩვენში არსებული პრობლემების სათავეს: დემეტრე ორბელი ფაშისტების ავი განზრახვის მსხვერპლი ხდება, თუმცა მეგობარი ბერები მას განდობილი გრიგოლის ციხე-დარბაზს შეაფარებენ, სადაც გაიგებს, თუ რა მისია აკისრია... თამარი, რუსთველი, ილია ჭავჭავაძე, სტალინი, ჰიტლერი - სხვადასხვა ეპოქის გამოჩენილი ადამიანები თავს ერთ ფილმში იყრიან...

ნიკოლოზ ხომასურიძე:

- "დავიწყებული მეფე" ერთ, უწყვეტ კადრშია გადაღებული, ერთდუბლიანი ფილმია და ტექნიკურად რთულად შესასრულებელი იყო. სპეციალური სცენარი გაკეთდა, არც ერთ მსახიობსა და ჯგუფის წევრს შეცდომის დაშვების უფლება არ ჰქონდა, რადგანაც ასეთ დროს არავის შეუძლია თქვას, კამერა გამორთე, ესა თუ ის სცენა შემდეგ დუბლში გადავიღოთო. ეს არის მთლიანი, 105-წუთიანი დუბლი, რომელშიც ყველამ თავისი ნაშრომი უნდა დადოს.

- ფილმში დემნა უფლისწულია მთავარი პერსონაჟი. რატომ?

- დიახ, ფილმი დემნა უფლისწულზე, შოთა რუსთველსა და "ვეფხისტყაოსანზეა", ანუ როგორ წავიდა დემნა უფლისწული იერუსალიმში და როგორ გახდა შოთა რუსთველი. ასევე აქცენტი კეთდება "ვეფხისტყაოსნის" კოდებზე და იმაზე, თუ როგორ არის ეს ყველაფერი საქართველოსთნ დაკავშირებული. ამასთან, სიუჟეტს თემატურად სტალინი უკავშირდება, შემდეგ ჰიტლერი, ილია ჭავჭავაძე, თამარ მეფე...

- ფილმში შოთა რუსთველი ბრმაა. ეს საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს მაყურებელზე...

- თუ დააკვირდებით, "ვეფხისტყაოსანში" ავტორი ხშირად იხსენიებს სისხლიან, ცხელ ცრემლს, როცა მისი გმირები ტირიან, რაც ტრაგიკულად დაბრმავებულ ადამინს ახასიათებს და ამიტომაც არის ფილმში რუსთაველი უსინათლო...

- ფილმში სტალინის გამოჩენით რა გინდოდა, გეთქვა? აღსანიშნავია, რომ სტალინის როლს მსახიობი ქართლოს მარადიშვილი შესანიშნავად ასრულებს.

- სტალინის ნათარგმნია "ვეფხისტყაოსნის" 1414 სტროფი და სწორედ აქედან წამოვიდა მისი ფილმში ჩართვის იდეაც. სტალინი მისტიკური ადამინია, სამყაროში უდიდესი გონებრივი და ფიზიკური პოტენციალის მქონე. ჩემი გადმოსახედიდან საოცარი მენეჯერიც იყო და ზოგადად უნიკალური ადამიანი...

- ბევრი ტრაგედია კი დაატრიალა...

- საერთოდ, საქართველოში წყდება მსოფლიოში მნიშვნელოვანი ამბები, რასაც ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ. როგორც კი ჩვენს ფუნქციას დავიბრუნებთ, დამიჯერეთ, სხავანაირად ვიცხოვრებთ. ქართველები მსოფლიო ისტორიაში დიდ როლს თამაშობენ. დავით აღმაშენებელმა დიდგორის ბრძოლით მთელი ევროპა დაიცვა, ის ბრძოლა რომ წაგვეგო, მსოფლიოში სხვა გადანაწილება იქნებოდა.

- რატომ გადაწყვიტე, ეპოქებს შორის ასე გაჭრილიყავი?

- ეს ჩემმა ისტორიისა და მისტიკისადმი სიყვარულმა განაპირობა. ფილმში არის რაღაც მომენტები, რომლებიც აუცილებლად საჭიროებს ყურადღების მიქცევას... ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, მნიშვნელოვანი იყო ამ ფაქტების ერთმანეთთან დამთხვევაც.

- როდის გადაიღე?

- 2010 წლის 29 ოქტომბერს 105 წუთში გადავიღე და ის მაყურებელმა მონტაჟის გარეშე იხილა.

- მთავარი გმირი დემნა უფლისწულის შთამომავალია, რომლის როლსაც დავით ქაცარავა ასრულებს...

- მთავარ როლშია დათო ქაცარავა და ასევე სალომე ფაღავა. საერთოდ, ბევრი სცენაა და ყველას თავის დატვირთვა აქვს. მოქმედება დათო ქაცარავას გმირის გარშემო ვითარდება. მონაწილეობენ - ბადრი კაკაბაძე, ნუგზარ ჩიქოვანი (ილია ჭავჭავაძე), გუჯა ბურდული (დაბრმავებული შოთა რუსთველი)...

- გადამღები ჯგუფი ამერიკიდან იყო?

- ნახევრად ლოს-ანჯელესიდან, ნახევრად - აქედან იყვნენ. დიდი მადლბა ყველას, ვინც ამ სურათის გადაღებაში მონაწილეობდა, ვფიქრობ, საინტერესო პროექტი გამოვიდა.

- ფილმში მარადიულ თემას ეხები - ბრძოლას სიკეთესა და ბოროტებას შორის. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ცნობილი ფიგურები გყავს მოქმედ გმირებად და ეპიცენტრი არის საქართველო...

- შევეცადე, მთელი ეს ფილმი და მისი თითოეული სიტყვა, სცენა ჩემი გულისტკივილი ყოფილიყო, რაც ასე გამოვხატე... როცა ეს სცენარი დავწერე, ნაკლები გამოცდილება და შესაძლებლობაც მქონდა, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო იმ ყველა დეტალის გადმოცემა, რაც გადმოვეცი. თან, ყველაფრის უწყვეტ კადრად წარმოდგენა, მსახიობებთან მუშაობა. ოთხ კვირაში აეწყო პავილიონები და ერთ დღეში გადავიღეთ.

- რა დაჯდა ფილმი?

- 130 ათასი დოლარამდე...

დავით ქაცარავა:

- "დავიწყებული მეფე" - ეს არის ექსპერიმენტი არა მარტო ქართულ კინოში, მსოფლიო კინოინდუსტრიაში, რადგანაც ასეთი რამ თითქმის არ ხდება...

საპასუხისმგებლო საქმე იყო, მსახიობებს შესაძლებლობის მაქსიმუმი უნდა დაგვედო. ფილმს ერთი დუბლით იღებდნენ.

წარმოიდგინეთ, ამ საქმეში 60-მდე მსახიობი მონაწილეობდა. მართლა დიდი ფსიქოლოგიური ტვირთი იყო, რადგანაც აცნობიერებ, რომ ისე უნდა იმოქმედო, რომ 60 კაცის შრომა წყალში არ ჩაიყაროს. ოპერატორსაც ურთულესი საქმე ჰქონდა - საათი და 45 წუთი მძიმე კამერა ხელიდან არ გაუშვია.

- სცენები მანამდე იყო მომზადებული და არ იყო ერთმანეთისგან შორს, არა?

- არა, საკმაოდ შორი იყო. პირველი სცენა სასტუმრო "ტიფლისში" გადავიღეთ, მერე მას მოჰყვა სამანქანო ვოიაჟი, "გონკები" და წავედით დიღომში, ''იმედის'' ერთ-ერთ პავილიონში. იქ ყველაფერი ძალიან ჭკვიანურად იყო გაკეთებული. სანამ თვითონ არ დავრწმუნდით იმაში, რომ ეს ეს ყველაფერი შესაძლებელი იყო და გაკეთდა, მანამდე ეჭვი მეპარებოდა მეც და სხვასაც. რაც მთავარია, ეჭვი არ ეპარებოდა ნიკას, რომ ეს სამუშაო შესრულდებოდა. მისი მხრიდან გამბედავი ნაბიჯი იყო.

- ფილმში დემნა უფლისწულის შთამომავალი ხართ...

- ეს ჩემი მეორე კინოროლი გახლდათ და ნიკას მხრიდან თამამი გადაწყვეტილება, ჩემთვის მთავარი როლი მოეცა. ჩემზე სერიოზული აქცენტი გააკეთა და ფსონი დადო. არ ვიცი, გავუმართლე თუ არა, მაგრამ ამას არასოდეს დავივიწყებ.

მიმაჩნია, რომ წარმატებული ფილმია. რეჟისორის საინტერესო ხედვა იყო, სერიოზული გამოცდილებაც მივიღე. მსახიობად ჩამოყალიბების გზაზე დიდი წვლილი შეიტანა.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა +ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება