სერგეი ლავროვი - ევროკავშირსა და აშშ-ს ჰკითხეთ, რა გეგმები აქვთ, თუ საქართველო არ გააკეთებს იმას, რასაც ელოდებიან

სერგეი ლავროვი - ევროკავშირსა და აშშ-ს ჰკითხეთ, რა გეგმები აქვთ, თუ საქართველო არ გააკეთებს იმას, რასაც ელოდებიან

ჩემი რჩევა იქნება ევროკავშირსა და აშშ-ს ჰკითხოთ, რამე გეგმები ხომ არ აქვთ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება იმას არ გააკეთებს, რასაც მისგან ელოდებიან, - ასე უპასუხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ვენაში, ტელეკომპანია "იმედის" შეკითხვას - მოსალოდნელია თუ არა რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების დაძაბვა, ევროკავშირთან საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.

ამასთან, სერგეი ლავროვის თქმით, ამ შეკითხვის ადრესატები სწორედ იქ არიან და არა - რუსეთში.

"ჩვენ არ ვართ დაკავებული რეჟიმების შეცვლით, ფერადი რევოლუციების მოწყობით, მითუმეტეს, ყავისფერი ლაქებით, როგორც ეს უკრაინაში მოხდა", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ მისთვის ყოვლად გაუგებარია ევროკავშირის რეაქცია უკრაინის ლეგიტიმური ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე დროებით გადაედო ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმება. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, დასავლეთმა მაშინვე დაუჭირა მხარი უკრაინაში სახალხო პროტესტს, რომელსაც მალევე ჩაუდგნენ სათავეში რადიკალები და დაიღვარა სისხლი.

"დღემდე ვერ მივხვდი, რამ გამოიწვია ევროკავშირისა და აშშ-ის ყოვლად გაუგებარი რეაქცია თუ მხოლოდ ერთი ძალიან მარტივი მოსაზრებიდან არ გამოვალთ, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა ერთხელ და სამუდამოდ, გამოეგლიჯა უკრაინა რუსეთისთვის, აეძულებინა უკრაინა გაეკეთებინა ხელოვნური არჩევანი. თანამედროვე ევროპაში კი ასეთი საქციელი ყოვლად მიუღებელია და რაც აქედან მივიღეთ, ყველა ხედავთ. ჩვენ არანაირი განზრახვა არ გვქონია, რაიმე მოგვეწყო უკრაინაში", - განაცხადა სერგეი ლავროვმა და დასძინა, რომ პირიქით, რუსეთი ყველას მოუწოდებდა თავი შეეკავებინათ უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევისგან.

ამასთან, ტელეკომპანია "იმედის" შეკითხვაზე, როგორ შეაფასებდა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშს, სადაც ასახული იყო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში შექმნილი ვითარება და აღნიშნული იყო, რომ რუსული ჯარების დესტრუქციული ქმედება, მათ შორის ე.წ. საზღვრებზე დაკავებები, სერგეი ლავროვმა უპასუხა, რომ რუსეთი ბრმად არ უჭერს მხარს ყველაფერს, რასაც ევროსაბჭო და მისი სამდივნო იტყვის.

მისივე თქმით, რუსეთი გულგრილი არ არის საქართველოში შექმნილი ვითარების მიმართ და სურს, რომ ქართველმა ხალხმა კარგად იცხოვროს.

"მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოში არსებული ვითარების კონტექსტში განვიხილავთ. ისინი ჩვენი მეზობლები არიან, დამოუკიდებელი სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენ ვაღიარეთ და ეს რეალობაა. ჩვენ გვჯერა, რომ ის კონტაქტები, რომელიც ჩვენსა და ქართველ კოლეგებს შორის ხორციელდება, ნებას მოგვცემს უფრო მშვიდად და საღად ვუყუროთ ამ ახალ რეალობას", - განაცხადა სერგეი ლავროვმა ვენაში, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა