ირაკლი ღარიბაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს ბრიუსელიდან მიმართა

ირაკლი ღარიბაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს ბრიუსელიდან მიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამემამულეებს ბრიუსელიდან მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამემამულეებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ, ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, რაც ევროკავშირთან დაახლოებას მოაქვს.

"ევროკავშირთან დაახლოება ახალ შესაძლებლობას უხსნის მთელ საქართველოს და მის თითოეულ მოქალაქეს და, რა თქმა უნდა, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამემამულეებს. ამიტომ, მინდა, აქედან მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს – ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ყველანი ერთი ქვეყნის შვილები ვართ! თქვენ, დღეიდან, ჩვენთან ერთად, ამ პროცესის თანაზიარი ხართ! თქვენ გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, ისარგებლოთ ყველა იმ სიკეთით, რაც ევროკავშირთან დაახლოებას მოაქვს - ეს არის უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში, ევროკავშირის ბაზარი ბიზნესმენებისთვის, ევროპულ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა ახალგაზრდებისთვის, თუ მრავალი სხვა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ევროპული არჩევანი საქართველოსთვის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი არ არის.

"ევროპასთან ჩვენ ოდითგან საერთო ღირებულებები და მსოფლმხედველობა გვაკავშირებს, და სწორედ ეს არის ჩვენთვის მთავარი. სწორედ ამიტომ მიიჩნევდა საქართველო თავის თავს ყოველთვის ევროპული ცივილიზაციის ნაწილად და მიუხედავად უამრავი ქარტეხილისა, რომლითაც სავსეა ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, საქართველოს არ გაუწყვეტია კავშირი ევროპულ იდეალებთან, ღირებულებებთან, კულტურასთან და ყოველთვის ეძებდა ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზას. სწორედ ამ საერთო ღირებულებების გამო აირჩია ქართველმა ხალხმა დემოკრატია, რეფორმები და ევროპასთან დაახლოების, მასთან სრული ინტეგრაციის გზა, რომელიც შეუქცევადია. დღეს უკვე ამ გზაზე ახალ ნაბიჯებს ვდგამთ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა