ხუხაშვილი "საკვანძო მინისტრების" ცვლილებას პროგნოზირებს - რომელ მინისტრზე წყდება გული ივანიშვილის ყოფილ მრჩეველს

ხუხაშვილი "საკვანძო მინისტრების" ცვლილებას პროგნოზირებს - რომელ მინისტრზე წყდება გული ივანიშვილის ყოფილ მრჩეველს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 7 მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. საკადრო ცვლილებები სოფლის მეურნეობის, სასჯელაღსრულების, დევნილთა და განსახლების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, კულტურის, დიასპორის მინისტრებს შეეხოთ.

"ჩვენ მოვიპოვეთ გამარჯვება მთელს საქართველოში. ჩვენი ვალდებულებაა, რომ გავამართლოთ ეს უდიდესი ნდობა და იმისათვის, რომ შევასრულოთ ყველა დანაპირები და დასახული ამოცანები, ამას სჭირდება გაორმაგებული ენერგია. ამიტომ მიმაჩნია, რომ სხვა რეჟიმში უნდა გადავიდეთ. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ მთავრობის შემადგენლობაში შევიტანო ცვლილებები", - განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ამა თუ იმ სამინისტროს შეიძლება ჰქონოდა ხარვეზები, თუმცა მთავარია მათი დროული გამოვლენა და დროული ცვლილება. მინისტრთა კაბინეტში რჩება სოზარ სუბარი, რომელმაც სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტიდან დევნილთა და განსახლების სამინისტროში გადაინაცვლა, ინფრასქტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი კი გარემოს დაცვის სამინისტროში გააგრძელებს მუშაობას. Ambebi.ge-მ მთავრობაში მომხდარი საკადრო ცვლილებების შეფასება ექსპერტ გია ხუხაშვილს სთხოვა.

– ბატონო გია, როგორ შეაფასებთ საკადრო ცვლილებებს, ხომ არ თვლით, რომ აქამდეც უნდა განხორციელებულიყო?

– პოლიტიკური ციკლი უკვე დასრულდა, ქვეყნის წინაშე არის კონკრეტული ამოცანები და გამოწვევები. ჩემი აზრით, გარკვეულწილად ეფექტურობა აკლდა მთავრობას. ბევრი ადამიანი მიეჩვია იმას, რომ ერთი ადამიანი იღებდა გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებელი იყო ყველაფერზე. ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს. მინისტრებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე და მათი ეფექტურობა უნდა იყოს მაღალი. ჩემის აზრით, ეს ემსახურება სწორედ ეფექტურობის ამაღლებას.

შეიძლება გაგრძელდეს ეს ყველაფერი და ვივარაუდოთ, რომ ცვლილებები საკვანძო მინისტრებს შეეხოთ, იმიტომ რომ საკვანძო სამინისტროებს არ შეხებიათ ეს ყველაფერი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩემი მეგობარია და არავინ ამისთვის არ მემეტება, ცვლილებები არის საჭირო, თუნდაც იმიტომ, რომ ეფექტურობა გაიზარდოს და ბევრმა ადამიანმა იგრძნოს თავისი მოწოდებული ფუნქცია.

– ოპონენტები და საზოგადოების ნაწილის შეფასებით, ცვლილებები უნდა შეხებოდათ ძალოვან მინისტრებს, ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?

– საზოგადოებაში სხვადასხვა შეხედულებებია ამ კუთხით, თავს შევიკავებ პერსონალური შეფასებებისგან. ჩემთვის მთავარია, რას აკეთებს სამინისტრო. რადგან დაწყო ეს პროცესი, მისასალმებელია და მომავალში როგორ გაგრძელდება, ვის შეეხება ან არ შეეხება, ამას დრო გვაჩვენებს.

– შეგიძლიათ პერსონალურად დაგვისახელოთ, რა იყო ამ 7 მინისტრის შეცდომა?

– შორს წაგვიყვანს პერსონალურად საუბარი.

– რომელიმეზე გული ხომ არ გწყდებათ?

– ყველაზე მწყდება გული. მე ვფიქრობ, რომ სოზარისთვის მისი წარსულიდან გამომდინარე, რთული იყო სასჯელაღსრულების სამინისტროში მუშაობა. ის მინისტრთა კაბინეტში რჩება, სტატუსი შეიცვალა უბრალოდ.

– ამბობდნენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს და ირაკლი ალასანიას შორის დაპირისპირება არის და პრემიერ-მინისტრი თავდაცვის მინისტრს დაითხოვსო, რატომ არ დაითხოვა ღარიბაშვილმა ალასანია?

– არავის მოეთხოვება მთავრობაში ურთიერთსიყვარული. მთავარია, საქმეს აკეთებდნენ. ემოციები სახლში რჩება როგორც ყოველთვის, მთავარია იყვნენ ეფექტურები და იდგნენ ქვეყნის სამსახურში.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა