"ამ როლზე მხოლოდ მაკა ჩიჩუას ვხედავდი" - რეჟისორი, რომელმაც პირველი ლედი უხმო ფილმში გადაიღო

"ამ როლზე მხოლოდ მაკა ჩიჩუას ვხედავდი" - რეჟისორი, რომელმაც პირველი ლედი უხმო ფილმში გადაიღო

"გზა" - ასე ჰქვია ლიკა ციხისელის ახალ მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომელზე მუშაობაც შემოქმედებითმა ჯგუფმა ცოტა ხნის წინ დაასრულა. მას მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე "სესილი" 3 ოქტომბერს აჩვენებენ. ფილმში არაერთი ცნობილი მსახიობი მონაწილეობს, მთავარ როლში კი საქართველოს პირველი ლედი - მაკა ჩიჩუაა.

"ეს ჩემი 10 წუთში დაწერილი სცენარია, რასაც წინ რაღაც ყოფით საკითხებზე განაწყენება უძღოდა. გაღიზიანებულმა უეცრად ერთ ღამეს დავჯექი და დავწერე. მაგრამ ეს თემა ალბათ, მთელი ცხოვრება თან დამქონდა, რადგანაც ავტობიოგრაფიული ნამუშევარია," - ამბობს ფილმის რეჟისორი.

მერე სცენარი მეგობრებს გაანდო, მოუწონეს, დუტა სხირტლაძემ და მისმა ნათესავებმა კი ფილმის გადაღება ურჩიეს და სარეჟისორო სცენარის გაკეთებისკენ უბიძგეს... გააკეთა და დაფინანსებისთვის კინოცენტრს მიმართა, თუმცა იქ რამდენჯერმე ფიასკო განიცადა. მათგან დაფინანსება ვერ მიიღო.

"მოკლედ, გაირკვა, რომ კულტურის სამინისტროში საერთოდ არ იყო ჩემი პროექტი გატანილი... საბოლოოდ, ჩემმა ახალგაზრდა მეგობარმა მითხრა, ამ ფილმის გადასაღებად რაღაც თანხას მე შემოგწირავო და მეც მივიღე ის შემოწირულობა. მეორე შემოწირულობა (შედარებით ნაკლები) ხელოვნებისთვის ნინო ჟვანიამ გაიღო და სულ 2000 ლარი შედგა. დანარჩენი ჩემი პენსია, მწირი ხელფასი და კიდევ რაღაც მცირე თანხები იყო, რითაც ფილმი გადავიღეთ. თუმცა ჯგუფში ისეთი განწყობა იყო და ისეთი მადლიერი ვარ თითოეული მათგანის, რომ რა გითხრათ, ყველა ბოლომდე დაიხარჯა - ჩემზე მეტს მუშაობდნენ," - აღნიშნავს ლიკა ციხისელი.

- მთავარ როლში ქალნატონი მაკა ჩიჩუაა. ის პრაქტიკულად, თქვენს თავს განასახიერებს, რადგანაც ფილმი ავტობიოგრაფიულია...

- მაკას მიჰყავს ფილმი, მაგრამ მასში მონაწილეობენ: დუტა სხირტლაძე, ნატო ებანოიძე, ზურა ინგოროყვა, ბავშვები, ვალერიან სულაკაური (ბატონი ვალერიანიც ძალიან დამეხმარა. საოცრად საინტერესო სახე შექმნა). რაც შეეხება მთავარ გმირს, რადგან ეს ნამუშევარი ავტობიოგრაფიული იყო, თავიდანვე ვფიქრობდი, რომ ჩემი მსგავსი თვისებების მქონე ადამიანს განესახიერებინა. ფილმის სლოგანია: "ცხოვრება მაინც მშვენიერია". მასში არაფერზე არ ხდება მახვილის დასმა, ის მაყურებელმა უნდა ნახოს და თავად შეაფასოს.

მთავარი პერსონაჟი - ქალი მიუხედავად ყველაფრისა, ცხოვრებას კვლავაც აგრძელებს და ცდილობს, იყოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი... რეალურადაც ხომ ასე აეწყო ჩემი ცხოვრება... სართოდ, მიყვარს ნიჭიერი ადამიანები და პატივს ვცემ მათ, ვინც არ არიან საწყლები. შეიძლება ადამიანი სევდიანი იყოს, მაგრამ არა საწყალი. ბევრი ისეთი სიტუაცია მქონია, რომელიც გადამილახავს, ოღონდ, არ ვყოფილიყავი საწყალი. განსაკუთრებით ვერ ვეგუები მათ, ვინც თავს ისაწყლებს. ამიტომ მტკიცე, მაგრამ ადამიანური სისუსტეების მქონე გმირი მჭირდებოდა. ანა მანიანი მინდა-მეთქი, - სულ ვამბობდი...

- ქალბატონ მაკას როგორ დაუკავშირდით?

- მე და მაკას დედა, მარინა გურაშვილი (მხატვარი) ახალგაზრდობაში ვმეგობრობდით. პატარა მაკაც კარგად მახსოვს, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, წლები გადის და ადამიანები ვეღარ ნახულობენ ერთმანეთს... მაგრამ ერთხელაც, ჩემმა ახალგაზრდა მეგობრმა, ბექა ელბაქიძემ მითხრა, ერთი საინტერესო ადამიანი ჩემს წიგნს მხატვრულად აფორმებსო და ისე მოხდა, რომ მას მე და ბექა ერთად შევხვდით. ის მხატვარი სწორედ ჩემი მეგობრის შვილი - მაკა ჩიჩუა აღმოჩნდა. ბავშვობის მერე მაშინ პირველად ვნახე. ეს ბევრი წლის წინ იყო... რაღაცნაირად მისი სახე საოცრად ჩამებეჭდა, როგორც საინტერესო გარეგნობის ქალბატონის... ორი წლის წინ კი სპეციალურად შევხვდი მაკას და ჩემი ჩანაფიქრის შესახებ გავანდე, რომ ფილმის გადაღება მინდოდა. სცენარიც გავაცანი, ძალიან მოეწონა, ზოგადად, მოკრძალებული ადამიანია. თავს ყოველთვის კრიტიკულად აფასებს და თქვა, არ ვიცი, რამდენად შევძლებ ამას, თუმცა გმირი კი ძალიან მომწონს და იქნებ თქვენ დამეხმაროთ ამ როლის შექმნაში, ამხელა პასუხისმგებლობას მარტო ვერ ავიღებო. მაგრამ ხომ გითხარით, რომ დაფინანსების საკითხი საშინლად გაიწელა და მაშინ მუშაობის დაწყება ვერ შევძელით...

- როცა მას შეხვდით, იცოდით, რომ ის გიორგი მარგველაშვილის მეგობარი იყო?

- ნამდვილად არა... ისე, მაშინ იმ დაფინანსებაზე რომ გვქონდა ლაპარაკი, მანაც გაიგო და ერთი კი თქვა, იქნებ ამის შესახებ მე რამე ვიკითხოო. თქვენ რატომ უნდა იკითხოთ, ამ საქმეს მე მივხედავ-მეთქი, - ვუპასუხე. იმ პერიოდში გიორგი მინისტრიც არ იყო, ცოტა ხანში დაინიშნა... თუმცა ხომ ვამბობ, მათი მეგობრობის შესახებ არაფერი ვიცოდი. ყველაფერი მოგვიანებით შევიტყვე...

- მას, როგორც მსახიობს, როგორ შეაფასებთ?

- უნიჭიერესია, არ სჭიდება ორჯერ ამოცანის მიცემა. უნდა მოუყვე ამბავს და შეფასებას თვითონ აკეთებს, რასაც ყველა ერთხმად აღნიშნავს. იცით, კიდევ რა ნიშნით გამოვარჩიე? არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპს გაივლიან და იქიდან სერიოზულ დასკვნებს აკეთებენ, სწორ ღირებულებეს იძენენ. მაკა ასეთი ადამიანია. როგორც იცხოვრა, მისთვის არაფერს ისე არ ჩაუვლია, რომ იქიდან აზრი არ გამოეტანა.

- პირველ ლედის მუშაობისას არ გაუწვალებიხართ?

- არა, რას ამბობთ. თან, საშინელ სიცხეში, ფეხმძიმე ადამიანმა იმუშავა, ითამაშა. მოკლედ, არც მის ფემძიმობას და პირველ ლედობას ჩემთვის ხელი არ შეუშლია... საოცრად ჭკვიანი ადამიანია, - მისი პრინციპი იყო, რადგან დაგვთანხმდა, საქმე ბოლომდე უნდა მიეყვანა და ასეც მოხდა. თავგანწირვით იმუშავა.

- ფილმს როდის და სად იღებდით?

- 45 გრადუს სიცხეში ჩემს სახლში, კიდევ სოლოლაკში, აბესაძეების ბინაში და ავლაბარშიც, სრულიად უცხო ადამიანებმა თავისი სახლის ნახევარი დაგვითმეს. წინააღმდეგობები არც ამ მხრივ შემხვედრია... ისე, თავისთვის ვერ მიპატიებია, რომ იმ სიცხეში, ფეხმძიმე ქალს კოლგოტები ჩავაცვი, მაგრამ სცენამ მოითხოვა...

- მისი უშუალო პარტნიორი ფილმში ვინ არის?

- მაინცდამაინც არ ჰყავს პარტნიორი, ერთი ზურა ინგოროყვას გმირი, უბრალოდ მასთან გაიელვებს. ზოგადად უხმო ფილმია, შავ-თეთრი, ოღონდ, მუსიკა ისმის გიგი ვანდერის, მან ცოცხლად შეასრულა ფორტეპიანოზე კომპოზიცია. აღნიშნული მუსიკა ფილმისთვის ცალკე დრამატურგიაა...

- ისე, თქვენი ფილმის მთავარი პერსონაჟი მგონი, თვალებით გგავთ...

- არა მხოლოდ თვალებით, ყველა მეუბნება, რომ ზოგადად მგავს... თვითონ მაკა კი აღნიშნავს, რომ არა შენ, გამორიცხულია, ვინმეს დავთანხმებოდი.  ამ ეტაპზე აბსოლუტურად არაფერში მჭირდებოდა ეს ყველაფერიო.

- შეხვედრა გქონდათ პრეზიდენტ მარგველაშვილთან?

- პრეზიდენტი იმ პრემიერაზე მოვიდა, რომელიც შემოქმედებითი ჯგუფისთვის გაიმართა.

- რა შეფასება მიიღეთ მისგან?

- სანამ ფილმს მაყურებელი არ ნახავს, ვერ გეტყვით, ზოგადად გეტყვით, რომ მოეწონა...

- გზა, რომელიც პერსონაჟმა ფილმში გაიარა, რეალურად თქვენი განვლილია. როგორი იყო ის?

- მინდოდა, მაყურებლისთვის დამენახვებინა, რომ არის ცხოვრებაში სხვა ღირებულებები, პრიორიტებები, ფასეულობები, მტკივნეული, სასიხარულო ამბებიც, მაგრამ ადამიანმა მაინც წინ უნდა იარო. გარდა ამისა, ასაკის მიუხედავად, არ შეიძლება დროს ჩამორჩე.

ფილმი, როგორც გითხარით, არის ყოველგვარი მახვილებისა და მითითებების გარეშე. მან თავისი საქმე გააკეთა. ძალიან გამიმართლა, რომ მაკამ ჩემს ფილმში ითამაშა. ტყუილად არ ველოდებოდი მას... მხატვარი ხომ სერიოზულია და მსახიობიც ძალიან მაგარი აღმოჩნდა. ამასთან, მღერის კიდეც...

- კადრს მიღმა ამბებსაც ხომ არ მოგვიყვებით?

- ჭონქაძეზე, ქუჩაში, ერთი დღე სიცხეში მუშაობა რომ გაგვიგრძელდა, ყველანი შევწუხდით, დავიღალეთ, მაკამ ვერაფერი მითხრა და იმ დროს სიმღერა დაიწყო. იქვე რაღაც მშენებლობა მიმდინარეობდა, მუშები საქმიანობდნენ, სიმღერის ხმაზე გამოიხედეს და თქვეს: ეს ჩვენი პრეზიდენტის ცოლი არ არის (იღიმის)? ხანდახან დაღლილობისგან დაიყვირებდა, მე კი ვეუბნებოდი: პირველი ლედი ხარ და შენს სტატუსს ეს არ ეკადრება-მეთქი და მერე ამაზე ყველანი ვიცინოდით... და სულ იმას ვუმტკიცებდით ერთმანეთს - ეს ფილმი ჩემია თუ მისი: მე ვეუბნებოდი, რომ მისია, ის კი იმას ამბობდა, რომ ფილმი ჩემია... მაკა არ არის ის ადამიანი, რომელიც ხშირად შენი ჭირიმესა და შენ გენაცვალეს გეტყვის, მაგრამ ყოველთვის გრძნობ, რომ სწორად გაფასებს, ყველაფრის მიმართ სწორი დამოკიდებულება აქვს. ის ძალიან კარგად მიიღო ჯგუფმა. თუ გადაღებაზე ოდნავ დააგვიანდებოდა, ყველანი მოუთმენლად ელოდნენ, ყველას საოცრად შეაყვარა თავი.

- მოკლედ, ახლა პრემიერის მოლოდინში ხართ...

- კი, 3 ოქტომბერს ველოდებით და მერე უკვე პრემიერის მოწყობაც შეიძლება და მისი ინტერნეტში ატვირთვაც...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამებბი.გე"-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია