მარიამ კუბლაშვილს ტირილისთვის დრო არ რჩება - "ქმარს ყოველთვის ვაღიარებ ოჯახის უფროსად...''

მარიამ კუბლაშვილს ტირილისთვის დრო არ რჩება - "ქმარს ყოველთვის ვაღიარებ ოჯახის უფროსად...''

29 წლის მარიამ კუბლაშვილის ძლიერი ხასიათი მთის, გენეტიკისა და დედის დამსახურებაა, რომელმაც, როგორც მარიამი ამბობს, მკაცრად გაზარდა, შრომისა და სწავლის ფასი ასწავლა. ახალგაზრდა ადვოკატს ცხოვრებაში ბევრი პრობლემა შეხვდა. მამა ბავშვობაში ავტოკატასტროფას შეეწირა და მთელი ბავშვობა უყურებდა დედას, როგორ აკეთებდა ყველაფერს, რომ შვილებისთვის არაფერი მოეკლო. თავად მალე დაენგრა ოჯახი და მარტო დარჩა შვილთან ერთად, ვერ ააწყო ურთიერთობა ძმასთან. ერთი სიტყვით, ბედი მარიამს არ უღიმოდა.

ახლა მიიჩნევს, რომ ძლიერი ქალია, პრობლემებმა გააძლიერა, მამაკაცის გამო აღარ იტირებს და თუ წაიქცევა, სხვას არ დაელოდება, როდის გაუწვდიან ხელს.

- მარი, ''რეიტინგში'' დედაშენთან ინტერვიუ გამოქვეყნდა, საკმაოდ ძლიერი ქალის შთაბეჭდილება დატოვა. შენც ასეთად გზრდიდა?

- დედაჩემი მართლაც ძლიერი ქალია, რკინის ლედიც შეიძლება დაარქვა, ოთარაანთ ქვრივივით რკინის ქალამნებს ჩაიცვამდა და შვილებს არასდროს არაფერს გაგვიჭირვებდა. ადრე დარჩა უქმროდ და ძალიან ბევრ პრობლემას მარტო შეეჭიდა. სამაგალითო ადამიანია. მეც მისი დამსახურებით ძლიერი თვისებები ჩამომიყალიბდა.

შრომას ბავშვობიდან შემაჩვია, მეუბნებოდა, ადრე დედოფლებსა და პრინცესებს ისე ზრდიდნენ, რომ მიწასთან ურთიერთობა აუცილებლად უნდა ჰქონოდათო. თვითონ მიწაზე მუშაობდა, ყველამ უნდა ნახოს, როგორი მოვლილი ბაღნარი გვაქვსო. მეც მამუშავებდა. ეზოში ჩემი კუთხე მქონდა, სადაც ყვავილებს ვუვლიდი. თუ არ ვმუშაობდი, წიგნით ხელში ვიჯექი და ხმამაღლა ვკითხულობდი ''ლაშარელას'', ჟან-ჟაკ რუსოს ''ახალ ელოიზას''. ახლა ვეკითხები ხოლმე დედას, მეხუთე კლასში ამ საოცრებას რატომ მაკითხებდი-მეთქი. სანამ სამსახურიდან მოვიდოდა, უნდა დამეხვედრებინა დალაგებული სახლი, ნასწავლი ერთი ლექსი მაინც. ერთხელ, მახსოვს, მთელ აივანს წყალი მოასხა და სანამ მოვალ, ეს მოწმენდილი დამახვედრეო, დამიბარა.

- კონკია იყავი?

- (იღიმება) როგორ გითხრა, დედა ძალიან მკაცრი იყო, აღზრდის ჩვეულ მეთოდებს არ იყენებდა, არაჩვეულებრივი მეთოდებით მზრდიდა. სხვა ბავშვები რომ ეზოში თამაშობდნენ, მე წიგნებს ვკითხულობდი, სახლს ვალაგებდი.

- ასეთმა აღზრდამ რა მოგცა?

- პირველ რიგში, შრომისუნარიანობა. არანაირი სამსახური არ მეთაკილება. ყველანაირი საჭმლის მომზადება ვიცი, დედამ ამასაც ბავშვობიდან შემაჩვია. სამსახურიდან რომ ბრუნდებოდა, სადილს ვახვედრებდი. დროის ფასი მასწავლა. მაწუხებს, თუ ჩემი შვილი დიდხანს ერთობა და წიგნს არ კითხულობს, იმავეს ვითხოვ ახლა შვილისგან, რასაც დედა ითხოვდა ჩემგან.

- დამოუკიდებლობის სურვილი პირველად რა ასაკში გაგიჩნდა?

- შინაგანად ძალიან თავისუფალი ვარ. ვინაიდან ბავშვობიდან გარკვეული შეზღუდვები მქონდა, ადრეულ ასაკში გამიჩნდა სურვილი, საკუთარი ბედი თავად განმეგო, გადაწყვეტილებები თავად მიმეღო. ბავშვობაში ჩემი საყვარელი წიგნი იყო ''პეპი გრძელი წინდა''. ჩემს შვილსა და ძმისშვილს ვუყვები ხოლმე ამ წიგნის შინაარსს. პეპი ძალიან მომწონდა, მარტო რომ ცხოვრობდა, რაც უნდოდა, იმას აკეთებდა, სხვენში სკივრით ფული ჰქონდა და ძლიერი იყო, მეგობრებს ანებივრებდა. მეც ძალიან მიყვარდა და მიყვარს ჩემი მეგობრები, მათთან ერთად ყოფნა. ამიტომ ადრეულ ასაკში გამიჩნდა მარტო ცხოვრების სურვილი. ბავშვობიდან მსახიობობაზე, სცენაზე, გადაღებებზე ვოცნებობდი, ვგრძნობდი, რომ ჩემი ცხოვრება აქეთ მიდიოდა. მერე პრინციპულად გადავწყვიტე, ის პროფესია ამერჩია, რაც ჩემს ცხოვრებას უფრო სტაბილურსა და მყარს გახდიდა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება