რაზე ოცნებობს პატარა დაჩი, რომელმაც ვენეციის კინოფესტივალი დაიპყრო

რაზე ოცნებობს პატარა დაჩი, რომელმაც ვენეციის კინოფესტივალი დაიპყრო

''პრეზიდენტი'' - ასე ჰქვია ირანელი რეჟისორის მოჰსენ მაჰმალბაფის მიერ გადაღებულ ფილმს დიქტატორ პრეზიდენტზე. მართალია, რეჟისორი ირანელია, მაგრამ საქართველოს სიყვარულით და კიდევ რამდენიმე ფაქტორის გამო, გადაწყვიტა, ფილმი აქ გადაეღო. ''პრეზიდენტში'' 50-მდე ქართველი მსახიობია დაკავებული. მთავარ როლებს მსახიობი მიშა გომიაშვილი და დამწყები მსახიობი დაჩი ორველაშვილი თამაშობენ. ფილში ასევე დაკავებული არიან გუჯა ბურდული, ია სუხიტაშვილი, ჯაბა კილაძე, გია როინიშვილი.

წელს ''პრეზიდენტით'' გაიხსნა ვენეციის კინოფესტივალი, სადაც საპატიო სტუმრებად საქართველოდან დაჩი და ფილმში მისი ბაბუა – მიშა გომიაშვილი იმყოფებოდნენ, პატარა მსახიობს პუბლიკა ოვაციებით შეხვდა.

გადაღებები თებერვალში დაიწყო და რამდენიმე თვეს მიმდინარეობდა. მსახიობები მუშაობას დილას ექვს საათზე იწყებდნენ და გვიან ღამე ამთავრებდნენ. მათ შორის იყო 7 წლის დაჩიც, რომელმაც პრეზიდენტის შვილიშვილის როლი ითამაშა. დაჩი ''იმედის'' ჟურნალისტ ნათია ორველაშვილის ძმაა. როდესაც პატარა მსახიობთან ინტერვიუს ჩაწერა გადავწყვიტეთ, დახმარება ნათიას ვთხოვეთ, რადგან ვერ წარმოვიდგენდით, რომ 7 წლის ბიჭუნა, მსახიობობასთან ერთად, პოლიტიკური ექსპერტის როლსაც შეითავსებდა.

- ნათია, როგორც ვიცი, დაჩის სამსახიობო კარიერის განვითარებაში უდიდესი წვლილი შენ მიგიძღვის.

- თავიდანვე ძალიან არტისტული ბავშვი იყო, ხშირად ვუღებდი საოჯახო ვიდეოებს და შემდეგ სოციალურ ქსელში ვაქვეყნებდი ან ''იუთუბზე'' ვტვირთავდი. დაჩი პატარა იყო, მაგრამ თავის ვიდეოებზე ხალხის აზრი ყოველთვის აინტერესებდა. მეკითხებოდა, ვინ რა დაწერა ჩემზეო. ერთ დღეს ვიდეოები რეჟისორ ბესო სოლომონაშვილს ვაჩვენე. ვუთხარი, რომ ასეთი ნიჭიერი ძმა მყავდა და თუ ვინმეს დასჭირდებოდა ფილმში გადასაღებად დაჩისნაირი ბავშვი, ეთქვა. ორ კვირაში დამიკავშირდა და მითხრა, რომ საქართველოში ირანელი რეჟისორი მოჰსენ მაჰმალბაფია ჩამოსული და დაჩის ასაკის ბიჭი სჭირდებაო. კასტინგზე მივედით და ძალიან ბევრ ბავშვს შორის აარჩიეს დაჩი. ერთი მინუსი გვქონდა, ინგლისურის მცოდნე პატარა სჭირ-დებოდათ და ამის გამო გახანგრძლივდა მთელი პროცესი, მაგრამ ბოლოს დაჩის ცუდ ინგლისურს დათანხმდნენ (იღიმის). ჩემს ძმას სამსახიობო გამოცდილება არ აქვს, მხოლოდ სკოლის სპექტაკლებში უთამაშია.

დაჩი:

- კასტინგამდე ცოტა ვნერვიულობდი, მაგრამ იქ მისული მივხვდი, რომ ცუდი არ იყო. ვიცეკვე, რაღაცები გავაკეთე. ძალიან მინდოდა, მსახიობი გავმხდარიყავი, რადგან ჩემი მიზანია, რომ დედას კარგი მანქანა ვუყიდო, ჩვენთვის დიდი სახლი ავაშენო და ნათიას, ჩემს დას, შიდა აუზი გავუკეთო სახლში. ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ ფილმზე მე დამამტკიცეს.

ნათია:

- ფილმში ორმოცდაათამდე ქართველი მსახიობია გადაღებული. რაც შეეხება რეჟისორის გადაწყვეტილებას, თუ რატომ აირჩია საქართველო, ჩემი მხრიდან ცოტა უხერხული იქნება, მაგრამ როგორც თავად თქვა, ძალიან მოსწონს ჩვენი ქვეყანა და კინოგარემო. ერთ პატარა ტერიტორიაზე განსხვავებული ლანდშაფტია, რაც მოსახერხებელია გადაღებებისთვის.

- დაჩი, ფილმის შესახებ მოგვიყევი.

- ფილმი პრეზიდენტზეა, რომელიც თავიდან ხალხს ძალიან უყვარდა, მაგრამ შემდეგ ქვეყანაში სინათლეც კი ჩაქრა და გაბრაზდნენ. ერთ დღეს პრეზიდენტი თავის ოჯახთან ერთად ქვეყნიდან მიდის, მაგრამ წასვლა არ უნდა მის შვილიშვილს, არც თვითონ უნდა. გაფრენის ბოლო წუთებში შვილიშვილი უკან გაიქცევა და ბაბუაც გაეკიდება. სასახლეში დაბრუნებულებს ქვეყანაში რევოლუცია დახვდებათ და თავი უნდა გადაირჩინონ. ჩემს გმირს ფილმში დაჩი ჰქვია, ჩემი სახელი და პრეზიდენტსაც დაჩი ჰქვია. გადაღებები სპეციალურად მოწყობილ სასახლეში, აეროპორტში და სხვადასხვა ადგილას მიმდინარეობდა. ჩემი ბაბუის როლი მიშა გომიაშვილმა ითამაშა. ძალიან შევუყვარდი. ერთხელ დაღლილები რომ ვიყავით, ვკითხე, მიშა, გინდა, რომ ფილმს თავი დაანებო-მეთქი, - არ შემიძლიაო.

ნათია:

- ვენეციის კინოფესტივალი ამ ფილმით გაიხსნა და ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა. ოქტომბერში ბუსანის საერთაშორისო ფესტივალზე მიდის. დაჩი ძალიან კარგად მიიღეს ფესტივალზე. მიშასთან ერთად იყო წასული, სამხედრო ფორმა ეცვა (იღიმის).

დაჩი:

- თავიდან პრესკონფერენცია რომ დაიწყო, ცოტა დავიძაბე, მერე ჩემს თავს ვკითხე, რატომ ვიყავი ასე და გამიარა. ფილმის დასრულების შემდეგ ჩემმა დედამ და რეჟისორის ქალიშვილმა ჰანამ დაინახეს, რომ ხალხს თვალზე ცრემლი ჰქონდა. ძალიან კარგად შემხვდნენ, ქუჩაში შეძახილები მესმოდა. ყველა ჩემთან იღებდა ფოტოებს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება