"ოცნების" აქტივისტი პოლიციას დაკავებაში, გინებასა და ცემაში ადანაშაულებს - რა მოხდა ვარკეთილის პოლიციის სამმართველოში

"ოცნების" აქტივისტი პოლიციას დაკავებაში, გინებასა და ცემაში ადანაშაულებს - რა მოხდა ვარკეთილის პოლიციის სამმართველოში

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილი წევრი გიორგი ხურციძე პოლიციას მის უკანონო დაკავებასა და ცემაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ხურციძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

"ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე დამეწერა: მე გიორგი ხურციძე, რომელიც "ოცნების" ახალგაზრდულის ერთ-ერთი ლიდერთაგანი და თუნდაც რიგითთაგანი ვიყავი, გუშინ პოლიციამ ტყუილად მცემა. აი, ეს ამბავიც: დღის 5 საათზე ჩემს მეგობართან მივიდა პოლიცია და საკმაოდ მკაცრი ტონითა და "ბლატაობით" ცდილობდნენ გაერკვიათ, მისი ვინაობა და წარმომავლობა. მივედი და ვიკითხე, რა ხდებოდა და ძაან უხეშად მითხრეს, შენ გაჩუმდიო და მეც მორჩილად ვუსმენდი. ჩემი მეგობარი მხოლოდ იმიტომ, რომ შეეპასუხა, რასაც ჰქვია ჩატენეს მანქანაში. გამოიხედა ერთ-ერთმა პოლიციელმა და დარჩენილ 2 მეგობარს გვეუბნება, დროზე დაახვიეთ აქედან, თქვენი დედა.... ძაან ცუდად გვაგინა ვარკეთილის პოლიციის უფროსის მოადგილე გიორგი კობაურმა. მე ხმა არ ამომიღია და ერთი, რაც გავაკეთე, ტელეფონი ჯიბიდან ამოვიღე და ფოტო გადავუღე, რის შემდეგაც მეცნენ მხეცებივით, ჩამტენეს მანქანაში და დამიპირეს ტელეფონის წართმევა, რომელსაც არ ვაძლევდი. მცემეს ისე, რომ დაზიანებები არ დამტყობოდა, სულ მუცელში და ნეკნებში მირტყეს და ტელეფონიც წამართვეს, რომლიდანაც გადაღებული ფოტო და ვიდეო თავისთავად წაიშალა. ცემაში მონაწილეობდნენ ზემოთ აღნიშნული გიორგი კობაური და ასევე ვარკეთილის მასივის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი ლაშა სხირტლაძე. წამიყვანეს განყოფილებაში, სადაც გამაჩერეს დაახლოებით 4-5 საათი.

მისვლისთანავე პოლიციის უფროსი მოვიდა - ვახო ჩოფლიანი და იკითხა, თუ რაზე ვიყავით დაკავებულები, რომელსაც მოახსენეს, რო ვიყავით 173 მუხლით (წინააღმდეგობის გაწევა) მე ავუხსენი, რო წინააღმდეგობა არ გაგვიწევია და აქეთ, პირიქით მომაყენეს შეურაცხყოფა. მეგონა, რომ ადამიანურად გაიგებდა. მოვიდა და მითხრა: შე დედა მო........ო წინააღმდეგობას როგორ უწევ ჩემს თანამშომლებსო და არც მან დამაკლო რტყმა. შემდეგ წამიყვანეს ნარკოლოგიურში, სადაც არაფერი არ დამიდგინდა, პოლიციელები მეუბნებოდნენ, რატო არ დაგიდგინდაო.... ერთი თანამშრომელი იყო გიორგი ხუფენია, რომელიც ყველაზე კარგად და ზრდილობიანად იქცეოდა, დანარჩენი ვინც შემოვიდა და გავიდა ყველა შეურაცხყოფას გვაყენებდა, მითუმეტეს ვუთხარი ვინც ვიყავი, ანუ წლების განმავლობაში რატომ ვებრძოდი სააკაშვილის რეჟიმს. ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ პოლიცია იყო არა ხალხის სამსახურში, არამედ მათ წინააღმდეგ... ნარკოლოგიურიდან წამიყვანეს "კაპეზე"-ზე და დღეს ასე 12 საათზე გამომიშვეს, რის მერეც ხელწერილი დამაწერინეს, რომ გამომძიებლის დარეკილზე (რომელიც ამ დღეებში დამირეკავს) უნდა გამოვცხადდე, რადგან მექნება სასამართლო. ვნახოთ, რას გადაწყვეტს სასამართლო.... "ნარუშნიკები" მეორედ მედო, პირველად - როცა 2012 წლის 5 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა იყო ბათუმში, მე გახლდით შუახევის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, სადაც ჩვენს ახალგაზრდულში "კუდი"-ს მიერ ჩასმული აგენტი გამოვავლინე, რომელსაც მანქანაში ქონდა ჩამწერი აპარატურა. მე დამაპატიმრეს და მეორედ ახლა მაპატიმრებენ იმის გამო, რომ პოლიციის დამოკიდებულება (დედის გინება) ტელეფონით გადავიღე....

P.S. ყოჩაღ თქვენ, ვის გამოც წლები ვიბრძოლე და დღეს უდანაშაულოდ მაკავებენ, მაგინებენ და მირტყამენ. ახლა მითხარით, რა არის გასაკეთებელი, რო ყველა დამნაშავე დაისაჯოს?????", - წერს გიორგი ხურციძე.

მომხდართან დაკავშირებით Ambebi.ge კომენტარისთვის შსს-ს დაუკავშირდა, სადაც გიორგი ხურციძის დაკავების ფაქტს ოფიციალურად არ ადასტურებენ.

"თუ პიროვნებას რაიმე პრეტენზია გააჩნია, თავად უნდა მიმართოს გენერალურ ინსპექციას", - განაცხადა შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა ვიკა კლიმიჩევამ.

შეგახსენებთ, 2012 წლის აგვისტოში "ქართული ოცნების" მაშინდელი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები გიორგი ხურციძე და გიორგი ობოლაძე იმავე ორგანიზაციის წევრის, ირაკლი დობორჯგინიძის მანქანაში აღმოჩენილი მოსასმენი აპარატურის გამო დააკავეს.

როგორც "ქართული ოცნების" მაშინდელმა პრეს-სპიკერმა ფანჯიკიძემ ბათუმის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ირაკლი დობორჯგინიძე ხელისუფლების მიერ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში ჩანერგილი პირი იყო. ფანჯიკიძის თქმით, ხურციძე და ობოლაძე დობორჯგინიძის მანქანაში მოსასმენი აპარატურის აღმოჩენაში მონაწილეობდნენ და ამ ფაქტის თვითმხილველები იყვნენ. მისივე თქმით, პოლიციამ, ნაცვლად იმისა, რომ დაინტერესებულიყო მომხდარი ფაქტით, ვითომდა ქურდობის ფაქტზე, მოწმის სტატუსით დააკავა გიორგი ხურციძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს