ღარიბაშვილს ერთადერთი გზა აქვს, ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გადააყენოს - გია ხუხაშვილი

ღარიბაშვილს ერთადერთი გზა აქვს, ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გადააყენოს - გია ხუხაშვილი

ვვარაუდობ, ამის შემდეგ, პრემიერ-მინისტრს ერთადერთი გზა აქვს, რომ ირაკლი ალასანია დაკავებული თანამდებობიდან გადააყენოს, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას დღევანდელი განცხადების კომენტირებისას "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისივე თქმით, ისურვებდა, რომ "უფრო რბილი გამოსავალი მოძებნილიყო", თუმცა ექსპერტი სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. ხუხაშვილის მოსაზრებით, ალასანია პროკურატურასთან და, სავარაუდოდ, პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ღია კონფრონტაციაში შევიდა.

"ფაქტობრივად სამართლებრივი პროცესი უკვე აღარავის აინტერესებს, საკითხმა წმინდა პოლიტიკური ხასიათი მიიღო. ალასანია შევიდა ღია კონფრონტაციაში პროკურატურასთან და, შესაბამისად, სავარაუდოდ პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ხელმძღვანელობასთან. მე ვვარაუდობ, ამის შემდეგ, პრემიერ-მინისტრს ერთადერთი გზა აქვს, რომ ირაკლი ალასანია დაკავებული თანამდებობიდან გადააყენოს. ალბათ ყველაზე სავარაუდო მოვლენების განვითარება ასეთი გახლავთ. სხვა გზა აღარ რჩება. მე უბრალოდ არსებული ვითარებიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ძალიან სახიფათო ფაზაში შევიდა ყველაფერი. როგორ წარმოგიდგენიათ, როდესაც ძიება მიმდინარეობს, მინისტრი აკეთებს პოლიტიკურ განაცხადს და საქმის პოლიტიკურ კომპონენტზე და ქვეყნის ორიენტაციაზე შეტევად აცხადებს, ეს ძალიან მწვავე განცხადებაა. ასეთ ვითარებაში ადამიანის მინისტრად დატოვება და ამ საკითხის ჰაერში გამოკიდება უბრალოდ სახიფათოა ქვეყნისთვის. ლოგიკურ განვითარებად ეს მიმაჩნია. ვისურვებდი, რომ ისინი შეხვედროდნენ და რაღაც კომპრომისული ვარიანტი მოეძებნათ, მაგრამ თემა უკვე ძალიან შორს წავიდა. ჩვენ რაც ახლა მოვისმინეთ, ეს უკვე საკმაოდ მძიმე ბრალდებაა. უკვე არა პროკურატურაზე, არამედ მისი უშუალო ხელმძღვანელობის მიმართ. ირიბად ასე ჟღერს ეს ყველაფერი", - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია კოალიცია "ქართულ ოცნებას" მიმართავს, ხვალ პოლიტსაბჭოს სხდომა გამართოს იმაზე მსჯელობისთვის, საითკენ მიჰყავს პროკურატურას ქვეყანა. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ "თავისუფალი დემოკრატების" ოფისში, პარტიის წევრებთან ერთად გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მან საზოგადოებას მიმართა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებულ თემებზე და განაცხადა, რომ "აშკარად შეინიშნება პოლიტიკური სარჩული".

"საქმე გვაქვს მიზანმიმართულ შეტევაზე თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც არის პირდაპირი ჯაჭვი, ნატოსთან, ევროკავშირთან და ვინაიდან საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ორიენტაციას, პოლიტიკურ მომავალს, ხვალ მივმართავ მმართველი კოალიციის პოლიტსაბჭოს, შევიკრიბოთ და გავხსნათ მსჯელობა, თუ საითკენ მიჰყავს პროკურატურას ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა ალასანიამ.

ასევე წაიკითხეთ:

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა