ეკა ბესელია - დისკუსიამ დაადასტურა, რომ პრეზიდენტის ორივე ვეტო არასწორი იყო

ეკა ბესელია - დისკუსიამ დაადასტურა, რომ პრეზიდენტის ორივე ვეტო არასწორი იყო

დისკუსიამ დაადასტურა, რომ ორივე ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა ფარული მოსმენის "გასაღებთან" დაკავშირებით გამოიყენა, არასწორი იყო , - აღნიშნული შეფასება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც დეპუტატებს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებსა და შეთავაზებულ პროექტებზე კომიტეტის პოზიცია გააცნო.

ბესელიას განცხადებით, პრეზიდენტმა მის მიერ შეთავაზებული ინიციატივით ბალანსი თავდაყირა დააყენა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპს არღვევს.

"პრეზიდენტმა პირველი ვეტოთი პარლამენტს კანონის მისაღებად ერთთვიანი ვადა განუსაზღვრა. დღეს გიორგი კვერენჩხილაძემ ძალიან ხშირად აღნიშნა, რომ პროექტის მოსამზადებლად ვადა იყო მცირე და შეუძლებელი იყო საკითხის სიღრმისეულად დეტალებში შესვლა. ამას აბსოლუტურად ვიზიარებ – საკმაოდ რთული იყო პარლამენტისთვის ერთ თვეში რეგულაციებზე ემსჯელა და ემუშავა. პირველი ვეტო არასწორი იყო", - განაცხადა ბესელიამ სესიაზე.

რაც შეეხება მოსმენების საკითხზე პრეზიდენტის ახალ შენიშვნებს და წინადადებას, ბესელიას თქმით, პრეზიდენტი იზიარებს, რომ იყოს მოსმენების ორეტაპიანი სისტემა. მისივე განცხადებით, ერთადერთი მთავარი პრინციპული ცვლილება არის ის, რომ მეორე ე.წ. საკონტროლო პუნქტი, ანუ თანხმობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორიდან მოსამართლის ხელში გადადის.

ბესელიას მტკიცებით, ირღვევა ბალანსი, როცა სასამართლო იქნება როგორც ფარული მოსმენების დაწყებაზე ნებართვის გამცემი სუბიექტი, ასევე საკონტოლო პუნქტის გამოყენების უფლების მქონე ორგანო.

"ამით ჩვენ სასამართლოს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების განხორციელების მთავარ ფუნქციას ვზღუდავთ და ის პროცესში არასწორად შემოგვყავს. ეს ეწინააღმდეგება პრეზიდენტის იმ ლოგიკას და არგუმენტებს, რის საფუძველზეც გიორგი მარგველაშვილი პროცესში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ჩართვას არ უჭერს მხარს", - აცხადებს ბესელია.

დეპუტატის თქმით, ასევე მიუღებელია ის, რომ აუცილებელ გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო თავისი თანხმობით ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას იწყებს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დასტურის მიცემას 24 საათში თავად სასამართლო ამოწმებს, რამდენად სწორად გაიცა ბრძანება.

"ანუ, თავისივე მიღებულ გადაწყვეტილებას ამოწმებს. ეს ფუნდამენტური პრინციპის შეცვლაა. ის არა თუ ბალანსს ასწორებს, არამედ ხელყოფს", - აცხადებს ეკა ბესელია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა