უპრეცედენტო მოვლენა თბილისში - წიგნის რიგში მდგარი ასობით ადამიანი

უპრეცედენტო მოვლენა თბილისში - წიგნის რიგში მდგარი ასობით ადამიანი

ვინც ფიქრობს, რომ თინეიჯერები წიგნებს არ კითხულობენ, ძალიან ცდება. უამრავი ახალგაზრდა, ვინც ბახტრიონის ქუჩაზე არსებულ "ბიბლუსის" მაღაზიასთან რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა, სწორედ წიგნის შეძენის სურვილმა გააერთიანა. მაღაზიასთან იმდენი ახალგაზრდა შეიკრიბა, რომ სიტუაციის დარეგულირება საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს მოუხდათ.

"პალიტრა L"-ის პროექტ LiberTeens ფარგლებში ქართულ ენაზე ნათარგმნი ბესტსელერი, „ლაბირინთში მორბენალი“ პირველად გამოვიდა გაყიდვაში. 9,95 ლარის ღირებულების წიგნის შეძენა მკითხველებს ბახტრიონის ქუჩაზე არსებულ "ბიბლუსის" მაღაზიაში 2 ლარად შეეძლოთ. მოთხოვნიდან გამომდინარე აქცია, რომელიც მხოლოდ ერთ საათს უნდა გაგრძელებულიყო, გახანგრძლივდა და წიგნის ყიდვა რიგში მდგომმა ყველა მსურველმა შეძლო.

"წიგნს დიდი ხნის განმავლობაში ველოდი. დღეს მართალია დიდ რიგში ვიდექი, მაგრამ შევძელი და შევიძინე „ლაბირინთში მორბენალი" 2 ლარად. წიგნს აუცილებლად წავიკითხავ, - განაცხადა ერთ-ერთმა მყიდველმა ანა კილასონიამ.

"გილოცავ, ფილმის ნახვის შემდეგ, ახლა უკვე შეგვეძლება წიგნის ქართულ ენაზე წაკითხვაც", - ასე მიმართავდნენ ერთმანეთს ახალგაზრდები, რომლებაც წიგნი შეიძინეს.

"ლაბირინთში მორბენალი" ქართულ ენაზეა და მიხარია, რომ წიგნს ქართულად გავეცნობი“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მყიდველმა თამარ ჩიხრაძემ.

პროექტი LiberTeens გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ინიციატივით დაიწყო და მასში უამრავი თინეიჯერია გაერთიანებული.

"გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ჯგუფი, სადაც გაერთიანებული იქნებოდნენ ბავშვები და თვითონ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, თუ რომელი წიგნი უნდა გამოცემულიყო. მათი სურვილით, ისინი ეცნობიან წიგნებს, არჩევენ მსოფლიოში ცნობილ უცხოურ ლიტერატურას, თანამედროვე ლიტერატურას, რომელიც პოპულარულია მსოფლიოში. შემდეგ ვიკრიბებით ერთად, ძალიან ხშირად ვხვდებით გამომცემლობაში და ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელი წიგნი გამოიცეს და რომელი არა. ჯეიმზ დაშნერის "ლაბირინთში მორბენალი", სწორედ მათი გადაწყვეტილებით არის გამოსული და დღეს ამ აქციაზე ასეთი ხალხმრავლობა ჩვენთვის დიდი სიხარულია", - განაცხადა გამომცემლობა "პალიტრა L"-ის პროქტების მენეჯემა თინათინ ფეიქრიშვილმა.

LiberTeens -ის წევრი ბაია იჩვაიძე ამბობს, რომ ამ წიგნის შერჩევა მოხდა იმიტომ, რომ "ლაბირინთში მორბენალი" დღეს ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში.

"ეს წიგნი ამ ჯგუფის წევრებმა წავიკითხეთ ინგლისურად და ვფიქრობთ საინტერესოა არა მარტო თინეიჯერებისთვის, არამედ უფროსი თაობისთვისაც", - განაცხადა LiberTeens -ის წევრმა თათა გოგოხიამ.

პროექტ LiberTeens-ის წევრები მომავალშიც გააგრძელებენ წიგნების შერჩევას, რომელიც მათი სურვილით გამოიცემა. ნებისმიერ ახალგაზრდას აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს ამ პროექტში.

შემდეგი წიგნი ტოლკინის "სილმარილიონი" იქნება.

იხილეთ ვიდეო +ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია