პაატა ბურჭულაძის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი სპორტის სასახლეში

პაატა ბურჭულაძის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი სპორტის სასახლეში

სპორტის სასახლეში პაატა ბურჭულაძის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ღონისძიება სახელოვნებო ინდუსტრია "არტპალასის" ორგანიზებით მოეწყო. საღამოს საქართველოში საგანგებოდ დღევანდელი დღისთვის ჩამოსული მსოფლიო კინოს ლეგენდა, ფრანგი მსახიობი ალენ დელონი და ახალგაზრდა ქართველი პიანისტი დათუნა ალადაშვილი უძღვებოდნენ. თავად იუბილარი ღონისძიებას პარტერიდან ადევნებდა თვალ-ყურს, თუმცა სცენაზე რამდენჯერმე ავიდა.

თავდაპირველად სპორტის სასახლეში მაყურებლისთვის მხოლოდ ერთი შესასვლელი იყო გახსნილი. კონცერტზე დასწრების მსურველებს რიგში მოუწიათ ლოდინი, რამაც მათი უკმაყოფილება გამოიწვია. საღამო დაახლოებით 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

"არტპალასის" პრეზიდენტმა გია ანდღულაძემ მაყურებელს შენობაში შესვლისას შექმნილი შეფერხების გამო ბოდიში მოუხადა. მან მაყურებელს ბოდიშით სცენიდან მიმართა, რასაც დარბაზიდან უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა. გია ანდღულაძემ ბოდიში არაერთგზის მოიხადა.

"დაუვიწყარი საღამო გელოდებათ წინ და ხასიათს ნუ გაიფუჭებთ", - მიმართა მან დარბაზში მყოფთ და აღნიშნა, რომ მათ გულწრფელად უბოდიშებს, რის შემდეგაც დარბაზში აპლოდისმენტები გაისმა.

ღონისძიება მეცოსოპრანო ირინა მაკაროვამ გახსნა. კონცერტის კონცეფციის თანახმად, ქართველმა და უცხოელმა პრიმადონებმა მსოფლიო ბანს 60 წლის იუბილე მიულოცეს. კონცერტში მონაწილეობა მიიღეეს ნინო მაჩაიძემ, მაყვალა ქასრაშვილმა, იანო თამარიმ (ალიბეგაშვილი), ანიტა რაჭველიშვილმა, თამარ ივერიმ, ნინო სურგულაძემ, მარიკა გულორდავამ, თეონა დვალმა, ნანა მირიანიმ (ქავთარაშვილი) და უცხოელმა პრიმადონებმა: ოლგა ბოროდინამ, ირინა მაკაროვამ. არიები შეასრულეს ასევე ნატალია ქუთათელაძემ, ირინკა შერაზადიშვილმა და მარიამ როინიშვილმა.

გარდა მომღერლებისა, კონცერტში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა მევიოლინემ, ლიანა ისაკაძემ.

საგანგებოდ იუბილისადმი სპორტის სასახლეში აშენდა უპრეცედენტო სცენა და ორიგინალური დეკორაცია ეკრანებით, სპეციფიკური განათებითა და გახმოვანებით.

სპეციალურად ამ დღისთვის გაერთიანდა ორი სიმფონიური ორკესტრი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმფონიური ორკესტრი და ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი. გაერთიანებულ ორკესტრს ორმა მაესტრომ - ჯანლუკა მარჩანომ და ნიკოლოზ რაჭველმა უდირიჟორეს.

ალენ დელონმა კონცერტის მიმდინარეობისას მსოფლიო ბანის ცხოვრების ეპიზოდები გაიხსენა. მან პაატა ბურჭულაძის 80 წლის იუბილეზე საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ იმ დროისთვის თავად 100 წლის იქნება.

ნიკოლოზ რაჭველმა იუბილარს ევგენი მიქელაძის სახელობის ჯილდო უსახსოვრა.

ღონისძიების დასასრულს კი ყველა მონაწილე ქალბატონი სცენაზე გამოვიდა და იუბილარს თაიგულები მიართვა. შესრულდა სიმღერა - "რა ლამაზი დღეა".

პაატა ბურჭულაძემ დღევანდელი დღე ზეიმად შეაფასა. "ეს იყო ზეიმი. ეს იყო მუსიკის, გემოვნების, არქიტექტურის ზეიმი. მიხარია, რომ ეს მოხდა საქართველოში. მომილოცეს ჩემი იუბილე, მაგრამ გილოცავთ, რომ ასეთი რამ საქართველოში მოხდა. გილოცავთ, რომ ზეიმის 99% საქართველოს ხელოვანები არიან. დღეს მთელ მსოფლიოს ნელ-ნელა იპყრობს ქართული ხელოვნება", - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

საიუბილეო კონცერტს ესწრებოდა სრულიად საქართვეოლოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ხელისუფლების, ოპოზიციის, ხელოვნების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესის, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის საკრებულო და თბილისის მერია. პროექტის გენერალური სპონსორია სამშენებლო კომპანია "ჯი-დი-ჯი". მონაწილეების ოფიციალური გადამყვანია ავიაკომპანია "ლუფთჰანზა".

პროექტის პარტნიორები არიან: ტელეკომპანია "იმედი", გაზეთი "კვირის პალიტრა", myvideo.ge, outdoor.ge, სარეკლამო კომპანია "ემ ეს ჯგუფი", რადიოები: "ფორტუნა", "არ დაიდარდო", "ავტორადიო" და "ფორტუნა+", ჟურნალი OK, გაზეთი "Georgia Today", სასტუმრო "რადისონ ბლი ივერია", ექსპოჯორჯია.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება