ალასანია: "როდესაც რუსეთი დაინახავს, რომ ერთი ადგილი გიკანკალებს, საგარეო პოლიტიკურ ინფრასტრუქტურას იმ ადგილის გასახევად მომართავს"

ალასანია: "როდესაც რუსეთი დაინახავს, რომ ერთი ადგილი გიკანკალებს, საგარეო პოლიტიკურ ინფრასტრუქტურას იმ ადგილის გასახევად მომართავს"

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია "იმედის" გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას ზურაბ აბაშიძის განცხადებას გამოეხმაურა.

"მე პატივს ვცემ დიდ გამოცდილებას, რომელიც აქვს ზურაბ აბაშიძეს დიპლომატიაში, მაგრამ მინდა შევახსენო, რომ მეც მქონდა გამოცდილება რუსებთან მოლაპარაკებების 2008 წელს და ძალიან კარგად ვიცი რუსეთის ტაქტიკა მოლაპარაკებების დროს. როდესაც რუსეთი დაინახავს, რომ შენ ერთი ადგილი გიკანკალებს და ისე მიდიხარ მოლაპარაკებისკენ, მთელ მის საგარეო მოლაპარაკებების ინფრასტრუქტურას იმ ადგილის გასახევად მომართავს. ამიტომ უნდა იყო მტკიცე, მყარი და უთხრა იმათ, რომ გარდაუვალია ნატოში შესვლა, გარდაუვალია, რომ აქ ნატოს ინფრასტრუქტურა განთავსდება. როდესაც ამ გარდაუვალობას დაინახავს, მაშინ შეცვლის რიტორიკას და მაშინ შეიძლება ნორმალიზაციაზე ლაპარაკი", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ირაკლი ალასანიამ ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია, მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა დროულად წარმოადგინოს. "მე მართლაც შემიძლია ვთქვა, რომ კოლაფსის წინაშე დგას ქართული ეკონომიკა, იმდენად აუტენელ ტვირთად ადევს ჩვენს მოქალაქეებს ლარის გაუფასურება და ზოგადად ეკონომიკური გუნდის მუშაობა. პარლამენტს აქვს ზედამხედველობის ფუნქცია და წესით ყველა დეპუტატს უნდა აინტერესებდეს, თუ რა კონკრეტულ ანტიკრიზისულ გეგმას ადგენს ეკონომიკური გუნდი. გარკვეული თათბირები, რომელიც ტარდება პირველი ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით, რა თქმა უნდა, ეს სწორი ნაბიჯებია, მაგრამ არის ძალიან დაგვიანებული. ასეთი შეხვედრები უნდა ჩატარებულიყო დეკემბერში. დეკემბერშივე რომ დაეწყოთ კრიზისის მოგვარებაზე ზრუნვა, დღეს ასე მძიმედ აღარ დააწვებოდა მოქალაქეებს ლარის გაუფასურება საკუთარ ზურგზე", - განაცხადა ალასანიამ.

"თავისუფალი დემოკრატების" ლდიერის აზრით, ანტიკრიზისული გეგმის წარდგენა უნდა მოხდეს საჯაროდ და ის უნდა დაინახოს ყველამ, მათ შორის ბიზნესმაც და საზოგადოებამაც. "ყველამ უნდა ნახოს, თუ რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს საქართველოს მთავრობა. მე ვურჩევდი თავად ვიცე-პრემიერს, რომლის მიმართ ძალიან პოზიტიური განწყობა გვაქვს და თუ ვინმეს შერჩა რაღაც ნდობა მთავრობისადმი ეს არის სწორედ ვიცე-პრემიერი კვირიკაშვილი, რომ აუცილებელია, არ ჩაიკეტოს მთავრობა – სიმართლე გითხრათ, იქ კომპეტენცია არ არის ისეთი, რომ ასეთ მასშტაბურ კრიზისს გაუმკლავდნენ. ჩემი აზრით, პროცესში უნდა იყვნენ ჩართულნი როგორც ექსპერტები, ისე ის ადამიანები, ვინც საქართველოში ქმნიან სამუშაო ადგილებს, ანუ ბიზნესი და ეს გადაუდებლად უნდა მოხდეს. თუ მათ აინტერესებთ პოლიტიკური ძალების აზრი, ამასაც არ დავიშურებთ და მივახმართ. ჩვენ მზად ვართ ჩვენი კომპეტენციაც მივახმაროთ", - აღნიშნა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა.

ალასანიას შეფასებით, ორ საკითხზე უნდა დაიწყოს სასწრაფოდ მუშაობა: რითი წაახალისებენ ექსპორტს და რა მექანიზმებით უზრუნველყოფენ ინვესტიციების შემოტანას.

ალასანია რთული ეკონომიკური ვითარებიდან გამოსავალს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხედავს, თუ პროცესში ბიძინა ივანიშვილი არ ჩაერევა. მან ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ურჩია, "გადაწყვეტილებებში დამოუკიდებლობა" მოითხოვოს. "უიმედო მდგომარეობა მართლაც არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, თუ გონივრულად, კომპეტენტურ ადამიანებთან ერთად დაიგეგმება ანტიკრიზისული ნაბიჯები, შედეგი შეიძლება დაიდოს. რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, ეს ვითარება თუნდაც იმის გამო გაგრძელდება, რომ სისტემური პრობლემაა გადაწყვეტილების მიღებაში. ქვეყანაში უნდა დამთავრდეს კულუარებიდან არაფორმალური მართვა. თუ ვიცე პრემიერს აძლევენ უფლებას, რომ მართოს ეკონომიკა, უნდა მისცენ აბსოლუტური დამოუკიდებლობა გადაწყვეტილებებში და ამ პროცესებში არ უნდა ჩაერიოს ბიძინა ივანიშვილი. ეს არის სურვილი, ეს არის ჩვენი, როგორც პოლიტიკური ძალის მოთხოვნა. მე მგონი მინისტრებიც, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან დადიან შეხვედრაზე, თავადაც დარწმუნდნენ, რომ ეკონომიკური კუთხით მაინც მისი რჩევები აბსოლუტურად არ ამართლებს. აქედან გამომდინარე, მე ვთხოვდი ვიცე-პრემიერს, ძალიან სერიოზულად მოითხოვოს დამოუკიდებლობა გადაწყვეტილებებში", - აღნიშნა ალასანიამ.

მისივე შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი უკვე არის ქვეყნის პრობლემა, იმიტომ, რომ ის საქართველოს  წარსულში ქაჩავს.

"თუკი მიხეილ სააკაშვილს ვინმე ასულდგმულებს, თუკი ვინმე მას ხდის რელევანტურს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. სააკაშვილი არის წარსული. თუ მას რაიმე კრიმინალური დანაშაული აქვს, კეთილი ინებოს და დაუდასტუროს პროკურატურამ. თუ არ აქვს, საერთოდ დავივიწყოთ. ჩვენ წინ უნდა გავიხედოთ", - განაცხადა ალასანიამ.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის რიტორიკა არასწორი ფაქტებით იყო გაჯერებული, მათ შორის "თავისუფალი დემოკრატებისა" და პირადად მისდამი.

"გაუგებარი იყო, ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის პირველივე დღეებიდან მისი უნდობლობა, მისი აგრესია, რომელიც წამოიშვა ჩემ და "თავისუფალი დემოკრატების" მიმართ. გახსოვთ, მაშინ მიზეზი მოგვდო, რომ მისგან ფარულად ვაპირებდით საპრეზიდენტო კამპანიის ჩატარებას. ეს რა სისულელეა! როგორ შეიძლება ვიღაცამ ვიღაცისგან ფარულად კამპანია, თან საპრეზიდენტო ჩაატარო?! ამაზე ძალიან მძიმე საუბარი გვქონდა. გარკვეულწილად მან აღიარა, რომ გადაცდომებს ჰქონდა ადგილი. ასევე ძალიან მძიმე საუბარი გვქონდა, როცა ის დაუკრეფავში გადავიდა და დაიწყო სხვადასხვა ინსინუაციები პრესასთან ერთად ჩემ პირად ცხოვრებაზე. იმის მერე, სიმართლე გითხრათ, მე არც მქონია მასთან საუბრის სურვილი. ბოლო შეხვედრა შედგა, როცა ჩვენ დავტოვეთ კოალიცია", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი არის კლასიკური მაგალითი იმის, როგორ შეიძლება წარმატებული ბიზნესმენი "აბსოლუტურად უუნარო" იყოს პოლიტიკაში.

როგორც ალასანიამ "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, ივანიშვილს სახელმწიფოებრივი ინსტიქტები საერთოდ არ გააჩნია. "ბიძინა ივანიშვილი არის კიდევ ერთი კლასიკური მაგალითი იმის, როდესაც ოლიგარქი, ბიზნესმენი, რომელმაც წარმატებას მიაღწია ბიზნესში, არის აბსოლუტურად უუნარო პოლიტიკაში და აბსოლუტურად არ აქვს სახელმწიფოებრივი ინსტიქტები. ამის გამო ის პოლიტიკაში არ უნდა იყოს", - აღნიშნა ალასანიამ.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა მისი მისამართით ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებსაც უპასუხა და მიხეილ სააკაშვილს "წარსული" უწოდა. "ბარონი მიუნჰაუზენი – ასე ვუწოდე მე მას. ის არის ჩვენი წარსული. ნუღარ ვაცოცხლებთ. გავიხედოთ მომავლისკენ. მომავალი არის ბევრად უფრო კარგი, ბევრად უფრო მომხიბლავი, თუ ჩვენ დღესვე ჩავდებთ ამ მომავალში შრომას", - აღნიშნა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა.

რაც შეეხება დასმულ შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რამდენად "დაარტყა" ლარის გაუფასურებამ პირადად მის ოჯახს, ალასანიას თქმით, "დაარტყა და საკმაოდ ძლიერადაც".

ალასანია ბიძინა ივანიშვილის შეფასებასაც გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ სავიზო პოლიტიკის გამკაცრებაზე პასუხისმგებლობა საგარეო უწყებას ეკისრება.

ალასანიას განმარტებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებული კანონი გააკეთილშობილა, თორემ ის კიდევ უფრო მკაცრი იქნებოდა. აღნიშნულ საკითხზე მომუშავე უწყებათაშორის ჯგუფს იუსტიციის სამინისტრო და თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს და სწორედ მათი გადაწყვეტილებები უდევს საფუძვლად სავიზო რეჟიმის გამკაცრებას.

"მინდა ძალიან ნათლად ვუპასუხო ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ეს ბრალი საგარეო საქმეთა სამინისტროსკენ წამოიღო. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ გადაწყვეტილების სიმძიმე საგარეო უწყებაზე ჩამოკიდო. როგორც იცით, უწყებათაშორისი ჯგუფის ხელმძღვანელი არის იუსტიციის სამინისტრო და იუსტიციის მინისტრი. სწორედ მათი გადაწყვეტილებები იყო მთავარი და განმსაზღვრელი, რომელიც საფუძვლად დაედო ამ საკითხს. რა თქმა უნდა, ამ პროცესში მონაწილეობდა სხვადასხვა უწყება, მათ შორის საგარეო უწყება, მაგრამ სწორედ საგარეო საქმეთა სამინისტროს და ასევე ეკონომიკის სამინისტროს წინადადებები იყო, რომელმაც კიდევ უფრო გააკეთილშობილა ეს კანონი, თორემ ის კიდევ უფრო მკაცრი იქნებოდა", - აღნიშნა ალასანიამ.

მისი შეფასებით, არასწორია სავიზო პოლიტიკის გამკაცრებაზე პასუხისმგებლობის საგარეო უწყებისთვის და სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, მაია ფანჯიკიძისთვის დაკისრება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა