"აქვს თუ არა ადამიანს უფლება, იყოს ოჯახის საყვარელი ცხოველი, მაგალითად, კატა?" - ახმეტელის თეატრი აგრესიის წინააღმდეგ

"აქვს თუ არა ადამიანს უფლება, იყოს ოჯახის საყვარელი ცხოველი, მაგალითად, კატა?" - ახმეტელის თეატრი აგრესიის წინააღმდეგ

ახმეტელის თეატრში ბრაზილიელმა ხელოვანმა როდრიგო ფიშერმა პერფომანსი "2+2=2" დრამატურგ ანტონინ მარტოსთან (ირაკლი კაკაბაძე) და ახმეტელის თეატრის ოთხ მსახიობთან ერთად განახორციელა.

როდრიგომ აუდიოვიზუალური ენისა და ტექნოლოგიების გამოყენებით, ჰიბრიდული კვლევა კინოსა და თეატრზე აწარმოა, რაშიც ახმეტელის თეატრის ოთხი მსახიობი ჩართო. პერფომანსში წინა პლანზე იწევს იდენტობის პრობლემა. ისმება კითხვა: აქვს თუ არა ადამიანს უფლება, იყოს ოჯახის საყვარელი ცხოველი? თუნდაც კატა... ანუ რამდენად მყარია ადამიანის იდენტობა...

"2+2=2" ექსტრაორდინარული პროექტია, რადგანაც ის არ არის ერთი კონკრეტული ავტორის პიესა, ტექსტზე ანტონინ მარტოსთან ერთად, თავად რეჟისორი და მსახიობები მუშაობდნენ. თემატიკა კი არის სოციალური, ფილოსოფიური და ინტერნაციონალური...

ანდრია გველესიანი, სოფია სებისკვერაძე, გიგი მიგრიაული და გიორგი ცხადაძე ის 4 მსახიობია, რომელიც პერფომანსში მონაწილეობს... სცენაზე განვითარებულ ამბებში მაყურებელიც ერთვება...

- რატომ ჰქვია თქვენს ახალ პერფომანს -"2+2=2"?

იარაკლი გოგია, ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი:

- საქართველოში ბოლო წლებში იმდენი პარადოქსი ხდება, რომ რატომ არ შეიძლება, ორს მივუმატოთ ორი, უდრიდეს ორს? თან, მით უფრო, რომ ერთი წლის განმავლობაში, ჩვენს თეატრში უკვე მეთერთმეტე პრემიერა და ამ ნამუშევრის სახით უკვე მეხუთე ქართულ-უცხოური კოპროდუქცია გამოვუშვით?

- ამჯერად, ქართულ-ბრაზილიურია... რითი განსხვავდება ის წინამორბედებისგან?

- გვინდოდა, კინოსა და თეატრის შერწყმით, არა კონკრეტული პიესა, არამედ აქტუალურ თემებზე პრობლემატური პერფომანსი შეგვექმნა. დღეს ძალადობის მსხვერპლთა მაჩვენებელი საქართველოში, არა მარტო ქალებზე, ზოგადად ოჯახში ძალადობის, კულტურული ძალადობის, - საკმაოდ დიდია. ამიტომ თეატრი მოვალეა, თქვას! თუ არ ვიტყვით, საზოგადოება არ ალაპარაკდება.

- როგორ გგონიათ, გაამართლა თქვენმა ახალმა ნამუშვარმა?

- კი, და ის უკვე ჩასმულია რეპერტუარში.

-რა გვეტყვით ბრაზილიელ რეჟისორზე, როგორ აღმოჩნდა ის თქვენს თეატრში?

- ის ჩემი მეგობარია, ერთმანეთი ერთ-ერთ ახალგაზრდულ თეატრალურ კონგრესზე 4 წლის წინ გავიცანით, საინტერესო რეჟისორია. ის უცხოელი რეჟისორები, რომლებიც აქ მოდიან, ფინანსურად დაინტერესებულები არ არიან, უფრო შემოქმედებითი ინტერესები ამოძრავებთ, რომ ჩვენთან ერთად, თეატრის განვითარებაში წვლილი შეიტანონ...

- რა მოგვცა მან ისეთი, რაც არ ვიცოდით?

- ჩვენს მსახიობებს პიროვნულ სათქმელს აიძულებდა, რომ სცენიდან ეთქვათ. ეთქვათ სიმართლე, ყველაფერი გამოეტანათ სააშკარაოზე, ჩვენ ხომ ძირითადად ვართ სხვები და ვთამაშობთ, როცა საზოგადოების წინაშე წარვდგებით ხოლმე, რაც ძალიან ცუდია, ერს დაკარგული აქვს გულწრფელობა. გვინდა, ყოველ ნაბიჯზე მოვიტყუოთ... არადა, ჯობია, ვიყოთ გულწრფელები, ასევე ვიცხოვროთ, ჩამოგვიყალიბდეს გულწრფელი აზროვნება.

როცა ერი ბოლო ხმაზე გაჰყვირის, რომ ევროკავშირში უნდა შესვლა, ეს მხოლოდ დოკუმენტზე ხელის მოწერას არ გულისხმობს. თეატრებმა, მუსიკოსებმა, მწერლებმა უნდა დაამყარონ კულტურულ დონეზე ურთიერთობები ხელოვანებთან. როცა ყველა რგოლი შეიკვრება, სწორი ფასეულობებით შევალთ მის შემადგენლობაში და არა მხოლოდ ფურცელზე ხელის მოწერით.

- მსახიობების შერჩევისას რა პრინციპით იმოქმედეთ?

- ესენი არიან ახმეტელის თეატრის მსახიობები. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მივაღწიეთ იმას, რომ 11 მსახიობიდან 30-ზე ავიდა დასი. თეატრი ახალგაზრდებით შეივსო...

ანდრია გველესიანი, მსახიობი:

- როდრიგომ თავიდან სამდღიანი მასტერკლასები ჩაატარა და სულ სხვა რაღაცას ფიქრობდა. მერე სამი კვირის განმავლობაში მიდიოდა ჩვენი რეპეტიციები. ყველაფერი იმპროვიზაციაზე იყო აგებული. ყველანი -რეჟისორები, მსახიობები ერთად ვცდილობდით, მონაწილეობა მიგვეღო პერფომანსში. პრინციპში, ამ შედეგს ველოდით კიდეც. უნივერსალური სპექტაკლია და არ არის მხოლოდ საქართველოსთვის გათვლილი. რეჟისორს უნდა, რომ ბევრი ადგილი მოვიაროთ.

- წარმოდგენაში დიდი დოზით არის მუსიკა. თავიდანვე ფიქრობდა და იცოდა, რომ თქვენს ამ პოტენციალს კარგად გამოიყენებდა... თუ ესეც სპონტანურად მოხდა?

-იმის გამო, რომ აქ ასეთი მუსიკოსები მე და გიორგი აღმოგვაჩინა, გადაწყვიტა, მეტად გამოეყენებინა პერფომანსში მუსიკა. ჩვენი შესაძლებლობა ამ კუთხითაც გამოგვეყენებინა.

სოფია სებისკვერაძე, მსახიობი:

- ეს არის ოთხი სხვადასხვა ადამიანის ურთიერთობა. ჩვენი ემოციებით, განცდებით... ჩვენი მიზანი იყო, ერთმანეთი კარგად გაგვეცნო და აგვეყოლიებინა მაყურებელიც. საკმაოდ წარმატებით ჩაიარა პრემიერებმა. მაყურებელმაც ხელი შეგვიწყო და ეს სინთეზი შედგა. კმაყოფილი მაყურებლისგან, დადებითი ემოციის შემდეგ ისეთი სიტუაცია იქმნება, რომ გგონია, შენს სახლში ხარ და გყავს სტუმრები.

- და 2+2 რატომ უდრის 2-ს? სპექტაკლს ხომ ასე ჰქვია...

- იმიტომ, რომ ასეა. ჩვენ ხომ პიესა არ გვითამაშია? რაღაც სიტუაციები, მათ შორის აბსურდულიც გავითამაშეთ... რომ გამოჩენილიყო არასტანდარტული სიტუაცია, ქაოსი, რაც ჩვენს ცხოვრებაშიც საკმარისად არის.

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია