ინციდენტი კახეთში - პოლიციელები ხელს მიგრეხდნენ, თავს ვიცავდი და ერთმანეთს შეასკდნენ

ინციდენტი კახეთში - პოლიციელები ხელს მიგრეხდნენ, თავს ვიცავდი და ერთმანეთს შეასკდნენ

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მოქალაქე ზაქარია ბუზალაძეს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას და პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. ბუზალაძე, რომელიც სპორტის სკოლაში კრივის მასწავლებელია, კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ პოლიციელებმა ის ტყუილად დაადანაშაულეს ჯერ ღვედის არგამოყენებაში, ხოლო შემდეგ ტელეფონით საუბარში. მძღოლის მხრიდან პროტესტის გამოთქმას კი ხელების გადაგრეხვის მცდელობით უპასუხეს.

"გურჯაანში, არქივის ყოფილ შენობასთან, შესახვევში უნდა შევსულიყავი, მაგრამ პატრულმა ჩააყენა მანქანა და არ მომცა საშუალება, რომ შემეხვია. ჩავრთე მოხვევის მაჩვენებელი და მანქანა მოვაბრუნე. ამ დროს პატრულმა დაიყვირა, რომ მანქანა გამეჩერებინა. გავაჩერე. ერთ-ერთი მოვიდა და მითხრა, საბუთები მომაწოდეო. ღვედი როცა მიკეთია, ვერ ვტრიალდები, ღვედი მოვიხსენი, საბუთები ამოვიღე, კარი გავხსენი და მივაწოდე. თქვენ 50 ლარით ჯარიმდებით, ღვედის გარეშე იყავითო. რას ლაპარაკობ, ღვედი ახლა მოვიხსენი, ვიდრე გადმოვიდოდი მეთქი. მერე მითხრა, თქვენ ტელეფონზე საუბრობდითო. მივედი მანქანასთან, ავიღე ტელეფონი და მოვუტანე, აჰა, ნახე თუ სადმე ვსაუბრობდი, საერთოდ არ მუშაობს-მეთქი. რამდენს ლაპარაკობო, მითხრა. ჩამოვიდა და დამიწყო ხელის გადაგრეხვა. ერთმა რომ ვერ ამომიტრიალა, მეორეს უთხრა, მიდი, შენც ამოუტრიალე ხელიო. ისიც მოვიდა და ორივე დამეჯაჯგურნენ. ხელს რომ მიტრიალებდნენ, ვუთხარი, გამიშვით, ხელს არ გადაგატრიალებინებთ მეთქი. ესენი ერთმანეთს შეეჯახნენ. ეგ თუ დარტყმაა, მე ჩემს დაცვას ვცდილობდი. ამ ეკიპაჟის წევრებმა რომ ვერ გადამიტრიალეს ხელები, მერე გამოიძახეს სხვა დამხმარე სამი ეკიპაჟი. ხალხი იყო იქვე, ერთმა გამოცდილმა კაცმა მითხრა, ზაქრო, არ შეეწინააღმდეგო, მაგათ ეგ უნდათო. ერთ-ერთი პოლიციელი - გიორგი ჩალაბაშვილია. დანარჩენები ვინ იყვნენ, არ ვიცი" - ამბობს ზაქარია ბუზალაძე.

ინციდენტი 25 მარტს, გურჯაანში, სანაპიროს ქუჩაზე მოხდა. საქმეს გურჯაანის რაიონული სასამართლო განიხილავს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა