მარგველაშვილი-ივანიშვილი-ღარიბაშვილის ურთიერთობის ანატომია - ის, რაც გარედან არ ჩანს...

მარგველაშვილი-ივანიშვილი-ღარიბაშვილის ურთიერთობის ანატომია - ის, რაც გარედან არ ჩანს...

ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის და გიორგი მარგველაშვილის ურთიერთობები დღეს საჯარო განხილვის თემაა. როგორ დაიწყო მათი ურთიერთობა და შეიმჩნეოდა თუ არა ადრეულ ეტაპზე რაიმე დაძაბულობა, ან პრობლემა მათ შორის, ამ თემაზე Ambebi.ge ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა, რომელიც თავიდანვე იქ იდგა, სადაც ზემოთხსენებული სამეული:

- ღარიბაშვილი-ივანიშვილის ურთიერთობას დიდი ისტორია აქვს. პირადად მე ღარიბაშვილი გავიცანი მას მერე, რაც გავიცანი ივანიშვილი; სწორედ მან გამაცნო ირაკლი. მათ შორის ურთიერთობა იყო,  როგორიც უნდა იყოს უფროსსა და თანამშრომელს შორის. რაც შეეხება ივანიშვილის და მარგველაშვილის ურთიერთობას, ეს უფრო მეგობრულ-პარტნიორულ ხასიათს ატარებდა. მათ შორის რაღაც ვერტიკალური ურთიერთობები არ ყოფილა. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა ერთმანეთთან და შემიძლია თავისუფლად ვთქვა, რომ ეს ურთიერთობა სულ ასე გრძელდებოდა. სხვათა შორის, ივანიშვილსა და მარგველაშვილს შორის არ იყო მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა, მათ (მათთან ერთად მეც) ხშირად განყენებულ თემებზეც უსაუბრიათ. მათი ურთიერთობა ბევრად უფრო მაღალი ხარისხის იყო, ვიდრე უბრალოდ საქმიანი ურთიერთობა.

- თუ შეიმჩნეოდა, რომ ივანიშვილი გიორგი მარგველაშვილზე ამხელა ფსონს დადებდა?

- შეიძლება მე ბევრი პირადი საუბრის თემა ვიცოდე, რომელზეც ერთად გვისაუბრია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს უფრო პირადი ურთიერთობების თემაა და არ იქნება სწორი, ამ საუბრების საჯაროდ გამოტანა. ერთადერთი, ის შემიძლია გითხართ, რომ ეს ურთიერთობა ატარებდა ყოველდღიურ ხასიათს და არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ საქმით.

- ამ დროს თქვენთან ერთად იყო ირაკლი ღარიბაშვილიც?

- ირაკლი ღარიბაშვილი მთლად 24 საათი ჩვენთან არ იყო, მას განსაზღვრული საქმე ჰქონდა, თანაც, როგორც გითხარით, ამ ურთიერთობაში მკვეთრად იყო განსაზღვრული ირაკლისა და ბიძინა ივანიშვილს შორის დამოკიდებულება და ეს ატარებდა უფროს-უმცროსის ხასიათს, ხოლო ბიძინასა და მარგველაშვილს შორის ურთიერთობა სხვა ჭრილში იყო. ღარიბაშვილი არ იყო ჩართული ჩვენს ურთიერთობებში, მას უფრო პირადად ივანიშვილთან ჰქონდა ხოლმე შეხვედრები. ბუნებრივია, ჩვენც, მე და გიორგისაც გქონდა ღარიბაშვილთან ძალიან კარგი ურთიერთობა, მაგრამ ივანიშვილის და ირაკლის ურთიერთობა ეს იყო აბსოლუტურად ცალკე რამე.

- თუ ჰქონდა ღარიბაშვილს მცდელობა, რომ უფროს-უმცროსის ურთიერთობა მეგობრულ ჭრილში გადაეყვანა?

- არა, მე ასეთი მცდელობა არ დამინახავს. ირაკლი მკაცრად იცავდა ამ იერარქიას.

- როდიდან იწყება ურთიერთობის დაძაბვა?

- მე პირადად მარგველაშვილსა და ღარიბაშვილს შორის ურთიერთობებში პრობლემას ვერ ვხედავ და არც შეიძლება, მათ შორის იყოს რაიმე პრობლემა, მით უფრო პირადული. რაც შეეხება მარგველაშვილსა და ივანიშვილს შორის ურთიერთობას, ეს მათი პირადი საქმეა და მე ამაზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვიტყვი, რომ სერიოზულ პრობლემას მათ ურთიერთობაში ვერ ვხედავ.

- როგორი იყო მარგველაშვილის და ღარიბაშვილის ურთიერთობის ანატომია?

- მათ ურთიერთობას არასოდეს ჰქონია ახლო მეგობრული ხასიათი, ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი ფაქტი არ მახსოვს, თუმცა მათი ურთიერთობა ყოველთვის იყო ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული და დღესაც, მიუხედავად საზოგადოებაში გავრცელებული აზრისა, არ მგონია, რომ მარგველაშვლი მიიჩნევდეს, რომ ღარიბაშვილთან ურთიერთობაში აქვს რამე პრობლემა, ხოლო ღარიბაშვილს აქვს თუ არა მარგველაშვილთან პრობლემა, მაგაზე ვერ გაგცემთ პასუხს, ეს შეგიძლიათ ღარიბაშვილის მეგობრებს ჰკითხოთ.

- თუ შესწრებიხართ, რომ ივანიშვილს მიეცა შენიშვნები მარგველაშვილისთვის და ღარიბაშვილისათვის, რაც მათ ურთიერთობაზეც მოახდენდა გავლენას?

- ჩვენ შორის იყო კამათი, ხშირად ხმამაღალიც კი, მაგრამ ამას ჰქონდა ჯანსაღი ხასიათი და დირექტიული ურთიერთობა ჩვენ შორის არ ყოფილა. ივანიშვილსა და მარგველაშვილს შორის იყო წმინდა პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობა. რაც შეეხება ღარიბაშვილს, მასთან სულ სხვა ტიპის ურთიერთობები იყო, სწორედ ის, რაც ზემოთ ავღნიშნე და ეს ფორმა ყოველთვის იყო შენარჩუნებული. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ღარიბაშვილი წლების განმავლობაში ივანიშვილთან მუშაობდა და ეს ვერტიკალი გადმოყვა პოლიტიკაშიც.

- საზოგადოებაში გავრცელებული აზრის მიხედვით, ეს ვერტიკალი მას დღესაც აქვს. რამდენად სასარგებლოა ეს ქვეყნისთვის?

- მე ვერ გეტყვით, დღეს რა ტიპის ურთიერთობა აქვთ ღარიბაშვილს და ივანიშვილს. ადამიანები იცვლებიან, ცხოვრება იცვლება და არ არის აუცილებელი, ეს ვერტიკალი შენარჩუნებულიყო. ამ ორი ადამიანის დღევანდელი ურთიერთობის ანატომიაზე კატეგორიული ვერ ვიქნები. საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში გადაწყვეტილებებს იღებს ივანიშვილი, ეს აღქმა უკვე ცუდია და დამაზიანებელია სახელმწიფოებრიობისთვის. რამდენად აქვს საფუძველი ამ აზრს, ეს უკვე სხვა საკითხია და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."