"ერთი ტყვია ყოველთვის შენახული მქონდა, რომ თავი მომეკლა" - ქართველი ქალი სერჟანტი ტყვიების ქარცეცხლში დაჭრილი ჯარისკაცების გადასარჩენად

"ერთი ტყვია ყოველთვის შენახული მქონდა, რომ თავი მომეკლა" - ქართველი ქალი სერჟანტი ტყვიების ქარცეცხლში დაჭრილი ჯარისკაცების გადასარჩენად

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია 26 მაისს რეპორტაჟის მოსამზადებლად ავღანეთში გაემგზავრა, სადაც ქართველ ჯარისკაცებთან ერთად დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი იმყოფებოდა. ტელეწამყვანი ამბობს, რომ იქ მოხვედრა დიდი ხანია, უნდოდა, თუმცა ვერასდროს წარმოიდგენდა, როგორი ემოციური იქნებოდა ეს ყველაფერი.

"იმედის კვირისთვის" მომზადებულ რეპორტაჟში ინგა გრიგოლიამ მაყურებელს რამდენიმე ჯარისკაცი გააცნო. მათ შორის არის სერჟანტი ქალბატონი ნანა ცხადაძე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში დაიჭრა, როცა სხვა დაჭრილი ჯარისკაცები გამოჰყავდა ბრძოლის ველიდან. იხსენებს, რომ მაშინ უამრავი ბიჭი დაიღუპა. მას ერაყიც მოვლილი აქვს და ახლა უკვე ავღანეთშია.

"კარგად მქონდა გააზრებული, როდესაც ომში მივდიოდი, რა შეიძლებოდა მომხდარიყო; ქალი ომში, მითუმეტეს წინა ხაზზე... ერთი ტყვია ყოველთვის შენახული მქონდა, რომ მტერს ცოცხლად არ ჩავბარებოდი, თავს მოვიკლავდი...", - ამბობს სერჟანტი ნანა ცხადაძე.

სერჟანტი ქალბატონი ზურა ოდილავაძემ მკითხველს 2009-2010 წლებში, ომის გმირების მონათხრობებიდანაც გააცნო. გთავაზობთ ფრაგმენტს:

"2008 წლის 7 აგვისტოს, სამხედრო მეთაურის ბრძანებით, სერჟანტები ნანა ბასლანძე და ნანა ცხადაძე ცხინვალის რეგიონში მიავლინეს. მათ ღამე ავნევში გაატარეს. რვა აგვისტოს დილა გათენდა.

ქართული საჯარისო ნაწილები ცხინვალისკენ მიიწევენ. მოწინავე რაზმები უკვე მტერთან გააფთრებულ შეტაკებებში ებმებიან. მეოთხე ბრიგადა, სოფელ ხეთაგუროვოს გავლით გადაადგილდება. ბრიგადას უკან სამედიცინო ნაწილი მიჰყვება. მანქანაში სხედან ლეიტენანტი ზურაბ ბეგიაშვილი, სერჟანტები ნანა ცხადაძე და ნანა ბასლანძე. გვერდით ლეიტენანტი ავთანდილ ხოზრევანიძე ფეხით მოდის.

უცებ ზურაბ ბეგიაშვილმა მიტოვებული სახლის ფანჯარაში, ფარდის შერხევა შენიშნა.

- ჩასაფრებაა!

მანქანაში მსხდომნი სწრაფად გადმოდიან. სამედიცინო ქვედანაყოფი ბრძოლაში ებმება. ორმხრივი სროლა. მტერი განადგურებულია - პირველი გამარჯვება და პირველი მსხვერპლი.

ლეიტენანტები ბეგიაშვილი და ხოზრევანიძე ცხინვალისკენ გზას აგრძელებენ. ნანა ცხადაძე და ნანა ბასლანძე რჩებიან, რათა სოფლის ოს მოსახლეობას სამედიცინო დახმარება გაუწიონ. წამოსვლის წინ ბინტს, ბამბასა და სპირტს უტოვებენ.

დაწინაურებული ბეგიაშვილისგან ნანა ცხადაძე რადიოგადამცემით იღებს ბრძანებას, რომ ექთან ნანა ბასლანძესთან ერთად, სამხედრო ნაწილებს გადაასწრონ და წინა ხაზზე, ცხინვალის მიმართულებით გადაიწიონ, სადაც ამ დროისთვის უკვე ბევრი დაჭრილია.

ცხინვალის მისადგომებთან, ტყის განაპირას მეოთხე ბრიგადის სამედიცინო ნაწილი იწყებს საველე-სამედიცინო პუნქტის გაშლას. ტყეში კი ჩვენს მებრძოლებს უკავიათ პოზიციები. მიდის ინტენსიური სროლა. ირგვლივ უამრავი ჭურვი სკდება. მედიკოსები დაჭრილებს იღებენ და პირველად სამედიცინო დახმარებას უტარებენ.

სისხლისმღვრელი შეტაკებებია ცხინვალშიც. მრავალი დაშავებული შველას ითხოვს. მდგომარეობა კრიტიკულია. სამედიცინო ნაწილში გადაწყვეტილებას იღებენ, რომ დროებით სამედიცინო პუნქტი მიატოვონ და უშუალოდ, ქალაქის ქუჩებში დაეშვან. არადა, ტყიდან ქალაქამდე ჩამოსასვლელ ფერდობს, მტრის სნაიპერი აკონტროლებს. ის ამ ფერდობის გადაღმა მდებარე შენობაშია ჩამჯდარი და დამიზნებით ისვრის.

ლეიტენანტები ზურაბ ბეგიაშვილი და ავთანდილ ხოზრევანიძე, სერჟანტები ნანა ბასლანძე და ნანა ცხადაძე ტანკში სხდებიან და ქალაქში ჩადიან. ცხინვალი ძლიერ საარტილერიო ცეცხლშია გახვეული, აქა-იქ ფეთქდება ჭურვები. ქალაქის თავზე მტრის თვითმფრინავები ტრიალებენ და ქუჩებს, შენობებს ინტენსიურად ბომბავენ. გააფთრებული ქუჩის ბრძოლები მიდის. ირგვლივ ცეცხლის წვიმაა.

სამედიცინო ნაწილი იწყებს თავისი სამხედრო და პროფესიული მოვალეობის შესრულებას. ტრავმის ძირითადი სახეობაა კიდურების ნაღმ-ფეთქებადი ამპუტაცია, რომელსაც ძლიერი არტერიული სისხლდენა ახლავს. სისხლდენის შესაჩერებლად, მოგლეჯილ კიდურზე, მედიკოსები "ჟგუტს" ადებენ და დაჭრილებს ტყისკენ ევაკუაციაში ეხმარებიან. დაჭრილების უვნებლად გადაადგილებისთვის, ექთნები ხელში ავტომატებს იღებენ, ცეცხლს ხსნიან და დაშავებულებს უსაფრთხოების დერეფანს უწყობენ. მერე მედიკოსები დაჭრილებთან ერთად ტყესთან მოწყობილ სამედიცინო პუნქტში ადიან. მხოლოდ ლეიტენანტი ზურაბ ბეგიაშვილი რჩება ქალაქში. ამის შემდეგ ის არავის უნახავს..."

მომზადებულია "იმედის კვირის" და ზურაბ ოდილავაძის ჩანაწერის მიხედვით "ორი ნანა აგვისტოს ომში", AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია