მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით დღეს აქცია გაიმართება

მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით დღეს აქცია გაიმართება

მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით დღეს, 18.00 საათზე კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორია "2 ივნისის მოძრაობა". მოძრაობის წევრებმა გუშინ პრესკონფერენცია გამართეს. აქცია ერთდროულად რამდენიმე ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ბოლნისსა და ზუგდიდში ჩატარდება. აქციის მთავარი მოწოდება იქნება - "არ დაიჭირო". აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს ადამიანის დაჭერა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ ისინი ეწევიან მარიხუანას.

"ასევე უნდა შეწყდეს ქუჩის შერჩევითი ნარკოტესტები. წელს პირველად შესაძლოა, ეს აქცია გახდეს გარდამტეხი იმ შემთხვევაში თუ აქციაზე მოვა ბევრი ადამიანი, ეს შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ კანონპროექტმა, რომელიც ინიცირებულია პარლამენტში, მიიღოს უფრო დიდი მხარდაჭერა. ჩვენი ინფორმაციით და არსებული მონაცემებით, ამ კანონპროექტს მხარს უჭერენ "ნაციონალური მოძრაობიდან" ახლახან წამოსული დეპუტატები და რა თქმა უნდა, ამ კანონპროექტის ავტორი გოგა ხაჩიძე, ასევე "თავისუფალი დემოკრატები". "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ კანონპროექტს და ასევე მხარს უჭერენ რესპუბლიკელებიც. ხელისუფლების პოზიციაა, რომ საზოგადოება ჯერ არ არის მზად დეკრიმინალიზაციისთვის. საზოგადოება თუ მოვა და აჩვენებს, რომ მზად არის, ეს შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს კანონპროექტის მისაღებად", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლექსო მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, "2 ივნისის მოძრაობა" 2011 წელს დაწყო, თავდაპირველად ისინი ავრცელებდნენ პეტიციებს. მაჭავარიანის თქმით, ეს პეტიციები შედგა ყოფილი პრემიერ-მინისტრების - ნიკა გილაურისა და ვანო მერაბიშვილის სახელზე. რაც შეეხება ყოფილი ხელისუფლების მიდგომას კანონპროექტის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით, როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ყოფილ ხელისუფლებას ჰქონდა მანკიერი პრაქტიკა ამ საკითხთან მიმართებაში, თუმცა არასდროს არის გვიან და მათ შეიცვალეს პოზიცია.

"მასშტაბური აქციები დავიწყეთ 2013 წელს. მოძრაობის შექმნიდან 2013 წლამდე ამისთვის მომწიფდა სიტუაცია. ჩვენ როდესაც მოძრაობა დავიწყეთ ეს თემა იყო ტაბუდადებული და გვიწევდა უბრალოდ იმის მტკიცება, რომ მარიხუანა არ კლავს. დღეს ასეთი მტკიცება აღარ გვჭირდება, ყველა ჯგუფი, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, ფსიქოლოგები და ახლა უკვე პოლიტიკოსები შეთანხმებულები არიან, რომ არ უნდა იჭერდნენ მარიხუანას მოხმარების გამო ადამიანს. ეს მანკიერი პრაქტიკა სწორედ წინა ხელისუფლების დროს მოქმედებდა. ძალიან სამწუხაროა, რომ მათ ვერ გამონახეს თავის თავში რესურსი, რომ მოეხდინათ დეკრიმინალიზაცია, თუმცა არასდროს არის გვიან და მათ შეიცვალეს პოზიცია", - განაცხადა მაჭავარიანმა.

აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორის დავით სუბელიანის თქმით, დეკრიმინალიზაციის პირობებში სრულიად შესაძლებელია, რომ იყოს ზომიერი ადმინისტრაციული სანქციები და ეს განსაზღვრულია გოგა ხაჩიძის მიერ წარდგენილ კანონპროექტში.

"ასე არის ადმინისტრაციული სანქციები თამბაქოსთან მიმართებაშიც. მაგალითად, ბავშვისთვის თამბაქოს მიყიდვა ადმინისტრაციულად ისჯება. ეს ადამინისტრაციული სასჯელები წარმოდგენილია კანონპროექტშიც და ამ კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას პირველ მოხმარებაზე, ან პირადი მოხმარებისთვის შენახვაზე იქნება განსაზღვრული ადმინისტრაციული ჯარიმა 100 ლარის ოდენობით, განმეორებით შემთხვევებში, იქნება 300 ლარი ჯარიმა და მესამე შემთხვევაზე, თავისუფლების აღკვეთა აღარ იქნება", - განაცხადა სუბელიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია