2 ოქტომბერი, 2 მინისტრი, 2 ისტორია - გოგა ხაჩიძე ზურაბ ადეიშვილსა და ვანო მერაბიშვილზე წერს

2 ოქტომბერი, 2 მინისტრი, 2 ისტორია - გოგა ხაჩიძე ზურაბ ადეიშვილსა და ვანო მერაბიშვილზე წერს

გოგა ხაჩიძე, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ”ნაციონალური მოძრაობა” დატოვა, "ფეისბუქზე" ზურაბ ადეიშვილსა და ვანო მერაბიშვილზე სტატუსს აქვეყნებს:

"2 ოქტომბერი, 2 მინისტრი, 2 ისტორია

ნაციონალური მოძრაობის მინისტრთა კაბინეტში ორი გამორჩეული მინისტრი იყო - ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი.

განსხვავებული თავისი გავლენით, მუშაობის სტილით და შესაბამისად - პასუხისმგებლობით.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ არა ეს ორი მინისტრი, ქვეყანაში ვერ განხორციელდებოდა უამრავი წარმატებული პროექტი, არა მხოლოდ უშუალოდ მათ დაქვემდებარებულ სფეროში, არამედ ზოგადადაც.

ორივე მათგანს ობიექტურად დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყნის წინაშე.

ორი მინისტრის ორი განსხვავებული ისტორია, 2 ოქტომბრის საარჩევნო მარცხის შემდეგ იწყება.

მხოლოდ ფაქტები:

ზურაბ ადეიშვილმა ქვეყანა დატოვა, ვანო მერაბიშვილი საქართველოში დარჩა.

მძიმე დრო იყო...

ზურას წასვლამ, რბილად რომ ვთქვათ, არ მოახდინა კარგი გავლენა აქ დარჩენილ თანაგუნდელებზე, თანამებრძოლებზე, რიგით მხარდამჭერებზე.

ვანო არა მხოლოდ დარჩა, არამედ აქტიურად ჩაერთო პარტიის გამხნევების და გადარჩენის საქმეში.

სხვებთან ერთად პასუხისმგებლობა აიღო მძიმე წუთებში და 19 აპრილის აქციაც შედგა.

ორივე ყოფილ მინისტრზე საქმე (საქმეები) აღიძრა.

ერთზე ძებნა გამოცხადდა, მეორე უკვე "მოძებნილი" იყო და შესაბამისად კვირაში ორჯერ დაკითხვაზე ატარეს.

ცოტა ხანში ვანო ციხეში ჩასვეს, ზურა ისევ ძებნაზე დარჩა.

ვანო დღესაც ციხეშია, ზურა კი უკვე აქტიურად მუშაობს უკრაინაში.

ვანოს, ციხის კედლების მიმდებარე ქუჩებიდან, დაბადების დღეებს აქციებით ვულოცავდით, ზურას ინტერპოლის წითელი ცირკულარიდან მოხსნას.

შეიძლება პარალელების გავლება მთლად რელევანტური არაა, მაგრამ გინდა-არ გინდა სულხან-საბა ორბელიანის "იხვი და მყვარი" გახსენდება.

პირველად რომ ეს იგავი წავიკითხე, მაშინვე გამიჩნდა წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება და სკოლაში მასწავლებელსაც ბევრი ვეკამათე.

იხვი და მყვარი

"ერთს მთაში ერთი მომცრო, წვიმის მდგარი გუბე დარჩომილიყო. მივიდა ერთი იხვი, ჩაჯდა და იყოფებოდა.

ერთი მყვარი დაეძმობილა იხვსა და ერთად იყვნენ და, რაც გაეწყობოდა, შეექცეოდიან. რა მზე გაცხარდა და ზაფხულმან სიცხე მოუმატა, წყალმან კლება შექმნა.

იხვმან უთხრა მყვარს: მოდი, ადგილი ვიცვალოთო!

მყვარმან უთხრა: შენ აქა-იქ თრევას ჩვეულხარ, მე სამკვიდროს ვერ დავუტევებო!

იხვი გაფრინდა, სადაც დიდი წყალი იყო, იქ მივიდა.

მყვარმან სამკვიდრო არ გაუშვა.

ცოტას ხანს უკან იხვმან თქვა: წავალ, ჩემს ძმობილს ვნახავ, რასა იქმსო?

მოვიდა, ნახა, გუბე გამხმარიყო, მყვარი მომკვდარიყო. უთხრა: ძმობილო, მაგისთანას სამკვიდროს სიყვარულს ჩემეულად სიარული სჯობნებიაო."

ამ პოსტის მიზანი არაა ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის შედარებითი დახასიათება, არც "განსხვავებული მინისტრების სახეები ნაციონალურ მოძრაობაში".

უბრალოდ ძალიან მოკლედ მოვყევი ერთი პოლიტიკური ძალის, ორი მინისტრის - ორი განსხვავებული ისტორია, 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ.

ალბათ იმის თქმაც შეიძლება, რომ ეს ორი განსხვავებული ისტორია ერთმანეთს ავსებს და საბოლოო ჯამში ერთი საერთო ისტორიაა.

დანარჩენი პრინციპების საკითხია.

პ.ს.

ცალკე ამბავია ბაჩო ახალაია, რომელიც პრაქტიკულად იმისთვის დაბრუნდა, რომ დაეჭირათ.

სხვა ამბავია გიგი უგულავაც, რომელიც პრაქტიკულად იმიტომ მიდიოდა, რომ დაეჭირათ.

ესეც - ორი შეგნებული არჩევანი.

მათზე ალბათ სხვა დროს..." - წერს ხაჩიძე.

იხილეთ ასევე|განხეთქილება "ნაცმოძრაობაში" - მერაბიშვილის შურისძიება?!

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია