"რუსეთმა პროვოკაციებისთვის შესაძლოა, სააკაშვილი და ოდესა გამოიყენოს"

"რუსეთმა პროვოკაციებისთვის შესაძლოა, სააკაშვილი და ოდესა გამოიყენოს"

გასულ კვირას კვლავაც მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ეროვნული ვალუტის დევალვაციასა და ხელისუფლებასა და ეროვნულ ბანკს შორის დაძაბულ ვითარებას. მთავრობისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოლემიკაში ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილიც ჩაერთო და განაცხადა, რომ "ქართუ ბანკთან" დაკავშირებით გიორგი ქადაგიძის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ იმიტომ არ დადგა, რომ ივანიშვილს სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა სთხოვა, არ დაეკავებინათ ქადაგიძე."მას სპეციალური განცხადებით უპასუხა საქართველოში სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა აზიმ სადიკოვმა, რომელშიც კვლავ ლაპარაკი იყო ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაცვისა და შენარჩუნების მნიშვნელობაზე. გარდა ამისა, განცხადება გაავრცელა მსოფლიო ბანკმაც, სადაც ეროვნული ბანკის ფულად-მონეტარული პოლიტიკის სისწორეზეა გამახვილებული ყურადღება. ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდით, თუ მთავრობისა და ეროვნული ბანკის კინკლაობა გაგრძელდა, არ არის გამორიცხული, საქართველოს მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობა დაეძაბოს. ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება ექსპერტ გია ხუხაშვილთან ერთად სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ:

- არა მგონია, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს სავალუტო ფონდის რაიმე მნიშვნელოვანი სანქციები მოჰყვეს, მაგრამ პრობლემას ის ქმნის, რომ ხშირად მთავრობის წარმომადგენლები იმავეს იმეორებენ, არადა, ეს ნამდვილად კარგს არაფერს მოიტანს. ივანიშვილი არის რიგითი მოქალაქე, რომელსაც აქვს უფლება, გამოხატოს თავისი პოზიცია ისე, როგორც სურს, მაგრამ ამგვარი თავისუფლების ფუფუნება ხელისუფლების წარმომადგენლებს არა აქვთ. მიუხედავად იმისა, გამართლებულია თუ არა ქადაგიძის მიმართ პრეტენზიები, რომელიც მეც მაქვს და საერთოდაც მის საქმიანობაზე დიდი წარმოდგენის არ ვარ, მაინც არასწორად მიმაჩნია, ლარის დევალვაციის ფონზე მასზე ასეთი მასირებული შეტევა. ქადაგიძეს ცალსახად ადანაშაულებენ ლარის გაუფასურებაში და ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, რომ მთელ ამ უბედურებაში მხოლოდ ეროვნული ბანკია დამნაშავე. რა თქმა უნდა, ამაში ეროვნული ბანკის როლი მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავრობის მიერ ხელის დაბანა და იმის მტკიცება, რომ არაფერ შუაში არიან, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია.

ორივე ინსტიტუტს აქვს თავისი კომპეტენცია და ლართან დაკავშირებულ პრობლემებზე ისინი პასუხს სოლიდარულად აგებენ. შეტევის მეორე მიმართულება უკვე თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტია, რომელთანაც თურმე პროკურატურას კითხვები აქვს. დარწმუნებული ვარ, ეს კითხვები ობიექტურიც არის, მაგრამ რატომ დგება ეს საკითხი დღის წესრიგში მაინცდამაინც მაშინ, როდესაც მთავრობას სჭირდება ეროვნული ბანკისა და ქადაგიძის დემონიზაცია?! დაიწყო ასევე ლაპარაკი ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკიდან გამოყოფაზე. შესაძლოა, ამ საკითხის დასმა ლეგიტიმურიც იყოს, მაგრამ საერთო კონტექსტში ეს აღიქმება, განსაკუთრებით უცხოელებისგან, როგორც მიზანმიმართული შეტევა ამ ინსტიტუტსა და თავად ქადაგიძეზე. უცხოელები ღრმად არ იცნობენ ჩვენში მიმდინარე პროცესებს, შესაბამისად, ეს ყველაფერი შეიძლება პოლიტიკურ დევნად და პერსონალურ დაპირისპირებად აღიქვან. ვიმეორებ, ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი ანგელოზები ნამდვილად არ არიან და მათთან პრეტენზიები სავსებით ლოგიკურია, მაგრამ ხელისუფლება ამას ისეთი მეთოდებით აკეთებს, რომ ეს კარგს არაფერს მოუტანს ქვეყანას.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ მიზანი ქადაგიძის ეროვნული ბანკიდან ჩამოშორებაა, თუმცა სამართლებრივად ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ქადაგიძე რომ არსად აპირებს წასვლას, ეს არაერთხელ უთქვამს...

- თუ ამ ყველაფერს მართლაც პერსონალური მიზანი აქვს, მაშინ ძალიან ცუდად ყოფილა საქმე. იმავე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეროვნული ბანკისგან გამოყოფა თუ რაიმე საჭიროებით არის განპირობებული, კარგია, მაგრამ ეს თუ ქადაგიძეზე შეტევის ნაწილია და ქვეყანაში კანონები პერსონალური ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მივიღოთ, მაშინ ისმის კითხვა: რა ქვეყანას ვაშენებთ?! დღეს თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი "ცუდი ადამიანია", ხვალ "კარგი" რომ მოვიდეს მის სათავეში, მონიტორინგის სამსახური ისევ უკან უნდა დაბრუნდეს ეროვნული ბანკის შემადგენლობაში თუ როგორაა საქმე?! პერსონები მიდიან და მოდიან, კანონმდებლობა უნდა იყოს სახელმწიფოს განვითარებაზე ორიენტირებული! კიდევ კარგი, კომერციულ ბანკებზე ლაპარაკს მორჩნენ, რომ გაეგრძელებინათ, ამას შეიძლება ძალიან სერიოზული გართულებები მოჰყოლოდა.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."