"ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდა, ცოლის მოყვანა უნდოდა" - ოჯახის წევრების ვერსიით, 22 წლის სამხედრო მოკლეს და სუიციდის სცენა დადგმულია

"ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდა, ცოლის მოყვანა უნდოდა" - ოჯახის წევრების ვერსიით, 22 წლის სამხედრო მოკლეს და სუიციდის სცენა დადგმულია

რიგითი გიორგი კირკიტაძის გარდაცვალების ადგილი სამართალდამცველებმა უკვე მეორედ შემოღობეს. მას შემდეგ რაც იქ ჯარისკაცის ახლობლები მივიდნენ და გამოძიების მიერ გავრცელებულ ვერსიასთან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვეს, კრიმინალისტებმა შემთხვევის ადგილის შესწავლა ახლიდან დაიწყეს. ოფიცილაური ინფორმაციით, რიგითმა თავი მოიკლა.

ცხედარი კრწანისის სამხედრო ნაწილის მახლობლად მდებარე მიტოვებულ შენობაში ნახეს. გამოძიების ვერსიით, ჯარისკაცმა ჯერ ვენები გადაიჭრა და შემდეგ თავი ჩამოიხრჩო. ადგილზე არის სისხლის ნაკვალევიც, თუმცა გარდაცვლილის ახლობლები თვითმკვლელობის ფაქტს არ ეთანხმებიან. არგუმენტი ბევრია, თუმცა მათ შორის ერთ-ერთი ის არის, რომ ნახევრად დანგრეულ შენობაში თოკის ჩამოსაბმელი საშუალება არ არის. არც ფანჯრებსა და არც ჭერზე არ არის არცერთი ადგილი, სადაც სამხედრო თოკის მიმაგრებას შეძლებდა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ გარდაცვლილის ახლობლელბი "რუსთავი 2"-თან ამბობენ, რომ გიორგი კირკიტაძე მოკლულია. საქმე კი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა აღძრული.

ალექსანდრე კირთაძე, გარდაცვლილის მეგობარი:

"მეგობრებმა მითხრეს. თავი მოიკლა თუ მოკლეს ნამდვილად არ ვიცით. 5 დღის წინ ვნახე და ყველაფერი ჰქონდა დაგეგმილი, ცოლის მოყვანა უნდოდა. მე კარგად ვიცნობდი მაგ ბიჭს და არამგონია, რომ მას თავი მოეკლა".

თვითმკვლელობის მიზეზის დასახელება უჭირთ გარდაცვლილის სხვა მეგობრებსაც. მეგობრების ვერსიას იზიარებენ ჯარისკაცის ოჯახის წევრები, ისინი ამბობენ, რომ მათი შვილი მოკლეს და ცხედარი შენობაში შემდეგ შეიტანეს. გარდაცვლილის მამა შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ საეჭვო გარემოებებზე საუბრობს.

"თავს არ მოიკლავდა, ეგ აბსურდია. მოკლულია და მიყვანილია ადგილზე", - აცხადებს "კურიერთან" საუბარში გარდაცვლილის ერთ-ერთი ნათესავი.

"არავითარი მიზეზი არ ჰქონდა, ეგ არის მოკული. სისხლი აქ აქცევია და კაცი სადღაც იყო ჩამოკიდებული, ეს როგორ? მკვდარი გადავიდა და თავი ჩამოიკიდა?", - აცხადებს გარდაცვლილის ბიძა, ბახვა კირკიტაძე.

22 წლის გიორგი კირკიტაძის ცხედარი ლაგოდეხის სოფელ ზემო გურგენიანში დღეს გადაასვენეს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ცხედარს დაზიანებები აღენიშნება.

"გაკერილი აქვს ყელი, ხელი გადაჭრილი აქვსო დედამისმა მითხრა", - აცხადებს დაღუპულის მეორე ბიძა.

შეძლებდა თუ არა ვენებგადაჭრილი კირკიტაძე მიტოვებულ შენობაში თავის ჩამოხრჩობას, ამის შესახებ დღეს სამართალდამცველებს არ უსაუბრიათ. შემთხვევის ადგილზე მომხდარიდან რამდენიმე საათის შემდეგ საგამოძიებო სამუშაოები ისევ განაახლეს. მიტოვებული შენობა, სადაც ცხედარი იპოვეს კრწანისის საწვრთნელი ბაზიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, სადაც ის სამხედრო მომზადებას გადიოდა. რიგითი სამხედროებმა გვიან ღამით იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება თავდცვის სამინისტრომაც გაავრცელა.

"I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე ეროვნულ სასწავლო ცენტრ "კრწანისში" სასწავლო კურსზე იყო მივლინებული. 2015 წლის 10 ივნისს, გივი კირკიტაძე სამხედრო ნაწილიდან დათხოვნაში იმყოფებოდა და მეორე დღეს სასწავლო ცენტრში არ გამოცხადდა. მოგვიანებით, იგი სასწავლო ცენტრთან მდებარე მიტოვებულ შენობაში გარდაცვლილი აღმოაჩინეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქმეს იძიებს შსს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის სამმართველოს პირველი განყოფილება", - აღნიშნულია განცხადებაში.

22 წლის რიგითის ოჯახის წევერები ექსპერტიზის შედეგებს ელოდებიან.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ