ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მარიხუანას მოხმარების გამო პატიმრობის გაუქმებას მხარი დაუჭირა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მარიხუანას მოხმარების გამო პატიმრობის გაუქმებას მხარი დაუჭირა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი მარიხუანას მოხმარების სრულ დეკრიმინალიზაციას მხარს არ უჭერს, თუმცა მიიჩნევს, რომ ამ ქმედებისთვის სანქციის ზომად პატიმრობა არ უნდა იყოს გამოყენებული.

კომიტეტმა, ხმათა უმრავლესობით, დეპუტატ გოგა ხაჩიძის პროექტის ალტერნატიულ წინადადებას დაუჭირა მხარი, რომლის მიხედვით, მარიხუანას მოხმარების შემთხვევაში, სისხლის სამართლის ზომად დარჩება მხოლოდ ჯარიმა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ხოლო "სისხლის სამართლის კოდექსით" გათვალისწინებული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, გაუქმდება.

კომიტეტი დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში გოგა ხაჩიძის საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავდა.

ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, ცვლილება "სისხლის სამართლის კოდექსის" 273-ე მუხლში უნდა განხორციელდეს, სადაც შენიშვნის სახით გაჩნდება ჩანაწერი, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება საქართველოს კანონის "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" №1 დანართის №82-85 და N2 დანართის N92-ე პუნქტებით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონო შეძენა ან შენახვა, ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება.

აღნიშნული დანართებით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებები კი სწორედ, კანაფი, კანაფის ფისი და მარიხუანაა.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანაფის (ზეთი, ფისი, ნაყენი, მცენარე), მარიხუანის (გამომშრალი, ნედლი) მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ან ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე, არ უნდა იწვევდეს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას მისი განმეორებით ჩადენის შემთხვევაშიც, რადგან აღნიშნული ქმედება სისხლისსამართლებრივად საშიში არ არის.

გარდა ამისა, დეპუტატმა კანონმდებლებს შესთავაზა მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმის შემცირება 500 ლარიდან 100 ლარამდე, ხოლო განმეორებით შემთხვევაში - 300 ლარამდე, ასევე 15-დღიანი ადმინისტრაციული დაკავების, გაუქმება. კომიტეტმა ფულადი ჯარიმის შემცირების ნაწილში ხაჩიძის შეთავაზება გაიზიარა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."