"ასე თენდება და ღამდება ყოველი დღე თბილისის ზოოპარკში"

"ასე თენდება და ღამდება ყოველი დღე თბილისის ზოოპარკში"

თბილისის ზოოპარკი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე, ზოოპარკში მიმდინარე დასუფთავებითი სამუშაოების ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.

"ასე თენდება და ღამდება ყოველი დღე თბილისის ზოოპარკში

ყველა შრომობს - ქალი, კაცი, ახალგაზრდა თუ ხანდაზმული. ადამიანები, რომლებმაც ამ დღეებში ძალიან ბევრი დაკარგეს - საუკეთესო მეგობრები - როგორც ადამიანები, ისე ცხოველები... განადგურდა დიდი ნაწილი იმისა, რასაც წლების განმავლობაში ქმნიდნენ და აშენებდნენ. რაშიც მთელ თავის ენერგიასა და მონდომებას აქსოვდნენ.

და მაინც, ამხელა ტრაგედიის მიუხედავად, ენთუზიაზმი და სულისკვეთება არ დაუკარგავთ. მუშაობენ დილიდან საღამომდე. მუხლჩაუხრელად. სტიქიის შემდგომი მწუხარება და უიმედობა ახლა საოცარმა შემართებამ ჩაანაცვლა. ნიჩბები, ბოტები, ურიკები, წყალი, ტალახი, მტვერი, სიცხე...

და ასე გრძელდება უკვე თითქმის ერთი თვეა. დღის ბოლოს წელში ვეღარ იმართებიან, თავიან-ფეხებიანად სველები და ტალახიანები საღამოს სახლებში მიდიან და მეორე დილას იგივე შემართებით ბრუნდებიან უკან. ახლა ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს - რაც შეიძლება სწრაფად მოვაწესრიგოთ არსებული ტერიტორია, რომ თბილისს ზოოპარკი დავუბრუნოთ და დამთვალიერებლების მიღება შევძლოთ. ზოოპარკს მიღმა ჩვენი უამრავი გულშემატკივარი იცდის, ზოოპარკში კი - წყალდიდობას გადარჩენილი ცხოველები.

ჩვენი გვერდის მეგობრებმა კარგად იცით, რომ პათოსით გაჯერებული პოსტების წერა არ გვეხერხება, მაგრამ ასეთ მომენტებში ძალიან რთულია, სიამაყით არ აღივსო. ჩვენ ბევრი დავკარგეთ, ბევრი გადავიტანეთ, მაგრამ გვჯერა, რომ ერთად შეუძლებელს შევძლებთ! შემდეგი ნაბიჯი უკვე ახალ ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის აშენებაა!

და დიახ, ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ თბილისის ზოოპარკის თანამშრომლები!", - ნათქვამია ზოოპარკის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს თბილისში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ, თბილისის ზოოპარკს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა და ცხოველთა დიდი რაოდენობა შეიწირა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს