"როდესაც ხდება რაიმე ცუდი, არ შეიძლება ამ ვითარების გამოსწორების იმედით მივმართოთ იმასვე, ვინც ამ ცუდ რაღაცას სჩადის"

"როდესაც ხდება რაიმე ცუდი, არ შეიძლება ამ ვითარების გამოსწორების იმედით მივმართოთ იმასვე, ვინც ამ ცუდ რაღაცას სჩადის"

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი საოკუპაციო ზოლის გადმოწევას ვრცელი პოსტით ეხმაურება:

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბანერების დარჭობა და მავთულხლართების გაბმა რომ რუსეთის მხრიდან გამიზნული პროვოკაციაა და ყოველ ასეთ ქმედებას ქართული საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება მოჰყვება ხოლმე, სადაო არ არის. თუმცა ამ პროვოკაციებზე ხელისუფლებისა და საზოგადოების რეაქციებში არის ერთგვარი პარადოქსული ელემენტიც.

თუმცა, სანამ ამ პარადოქსულობაზე ვიტყოდეთ, მანამდე მოკლედ აღვწეროთ შექმნილი ვითარება.

ოკუპაცია და კანონი

ჩვენ მიღებული გვაქვს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიად ითვლება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიის ტერიტორია.

თითქოს მარტივი განსაზღვრებაა, მაგრამ საქმე არც ისე მარტივადაა.

სსრკ-ს დროინდელი ადმინისტრაციული საზღვრები შეიცვალა ჯერ კიდევ გამსახურდიას დროს. გამსახურდიამ გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომია, რის შედეგადაც ყოფილი ავტონომიის ტერიტორიის დიდი ნაწილი, რომელსაც ვერ ვაკონტროლებდით, დარჩა ოფიციალური სტატუსის გარეშე, ხოლო ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ტერიტორიები, სადაც ჩვენი იურისდიქცია ვრცელდებოდა, გორის, ქარელის და სხვა მიმდებარე რაიონებს შემოუერთა.

ასეთი ვითარება, როდესაც ყოფილი ავტონომიური ოლქის ის ტერიტორია, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებდნენ. ქართულ კანონმდებლობაში სტატუსგარეშე იყო, კარგა ხანს გაგრძელდა. მოგვიანებით, სააკაშვილის ხელისუფლების დროს შეიქმნა პროქართული სტრუქტურა - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია სანაკოევის ხელმძღვანლობით, თუმცა კონკრეტულად რა ტერიტორია შედიოდა ამ ადმინისტრაციის იურისდიქციაში, ასევე არ იყო ცალსახად განსაზღვრული.

2008 წლის ომის შემდეგ რუსეთმა გამოაცხადა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და სამხრეთ ოსეთში, ცხადია, იგულისხმა ყოფილი (საბჭოთა პერიოდის) ავტონომიური ოლქის ტერიტორია.

ამის შემდეგ, როდესაც ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ 2008 წლის ოქტომბერს მიღებულ კანონში ჩავწერეთ "ყოფილი ავტონომიური ოლქის ტერიტორია", ამით თვითონვე ვაღიარეთ, რომ ამ ტერიტორიაზე არ ვრცელდება ჩვენი იურისდიქცია.

რუსების მიერ მავთულხლართების გავლება და ბანერების დაყენება კი ხდება იქ, სადაც საბჭოთა კავშირის დროს გადიოდა ადმინისტრაციული საზღვარი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქსა და დანარჩენ საქართველოს შორის. ეს ნამდვილად ასეა. გამყოფი ზოლის დაფიქსირებისას რუსები (ჯერჯერობით მაინც) სკრუპულოზურად მიჰყვებიან საბჭოთა კავშირის დროინდელ ადმინისტრაციულ საზღვარს. თან გვეუბნებიან, თუ რაიმე პრობლემაა, ელაპარაკეთ სამხრეთ ოსეთის მთავრობას და გაავლეთ ზუსტი საზღვარიო.

ჩვენ ცხადია არ ველაპარაკებით და სწორსაც ვშვრებით, რადგან საზღვრის დაზუსტების თემაზე დისკუსიაში შესვლა საზღვრის არსებობის ფაქტის აღიარება გახდება. ამასობაში რუსეთი პერიოდულად იწყებს მავთულხლართების გაბმას, ბარიერებისა და ბანერების აღმართვას, რასაც ქართული საზოგადოებიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვება ხოლმე.

ბუნებრივია, სურვილის შემთხვევაში რუსეთს შეუძლია სულ რამდენიმე დღეში შემოავლოს მავთულხლართების ღობე მთელ ოკუპირებულ ტერიტორიას, მაგრამ ამას შეგნებულად არ აკეთებს. როგორც ჩანს, მავთულხლართები და საზღვრის აქა–იქ დაფიქსირება რუსეთის მხრიდან გამოიყენება წმინდა პოლიტიკური მიზნით. ჩემის აზრით, ეს არის სიტუაციის ერთგვარი ზონდირება - რუსეთს აინტერესებს თუ ყოველ მსგავს ქმედებაზე რა რეაქცია ექნება საქართველოს ხელისუფლებას და ქართულ საზოგადოებას.

თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ პროცესში რუსეთი ზუსტად მიჰყვება საბჭოთა კავშირის დროინდელ საზღვრებს. იმდენად ზუსტად, რომ ერთ სოფელში ოსური ოჯახებით დასახლებული მთელი უბანი, რომელსაც მანამდე ვერ ვაკონტროლებდით, ამჟამად აღმოჩნდა გორის რაიონში, ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს პრინციპი რომ არ ჰქონდეთ რუსებს სახელმძღვანელოდ, ზემოთ ნახსენები უბანიც ისევე აღმოჩნდებოდა ოკუპირებულ ზონაში, როგორც ზემო ლიახვის ხეობა და ახალგორის რაიონი.

როცა ხარ მართალი, მაგრამ არა ხარ სწორი.

როგორც უკვე ვთქვი, რუსეთის მხრიდან ასეთი ქმედებებს აქვს პერიოდული ხასიათი და ეს დაიწყო ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, აგვისტოს ომის დასრულებისთანავე. აქედან გამომდინარე, როდესაც ლაპარაკობენ, რომ პრინციპულად ახალი არაფერი არ ხდება, ეს არ არის ტყუილი. ისევე როგორც არაა სიმართლე ის, რომ ხდება "საზღვრის" ან "საოკუპაციო ხაზის" გადმოწევა. არაფერი ამის მსგავსი არ ხდება, რადგან ის ტერიტორია, სადაც რუსეთი მავთულხლართებს ავლებს და ბანერებს დგამს და სადაც მოქცეულია ბაქო-სუფსის მაგისტრალის ერთი მონაკვეთი, არის ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ფარგლებში, ანუ ჯერ კიდევ 2008 წლიდან იმ ტერიტორიაზეა, რომელიც ჩვენივე კანონით განსაზღვრულია, როგორც ოკუპირებული.

ასეთია რეალობა. მაგრამ არის მეორე რეალობაც. ერთია არსებული ვითარება, და მეორეა ის, თუ როგორ აღიქვამს საზოგადოება ამ ვითარებას. პოლიტიკაში ორივე ძალიან მნიშვნელოვანია და პოლიტიკოსს მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ ობიექტური რეალობა და ამ რეალობის სუბიექტური აღქმა ხალხის მიერ, შესაძლოა ყოველთვის არ ემთხვეოდეს ერთმანეთს.

როდესაც წინა ხელისუფლების დროს რუსები ავლებდნენ მავთულხლართებს ან დებდნენ სასაზღვრო ბოძებს, ხელისუფლება მყისვე ახდენდა ამაზე მძაფრ რეაქციას - ცალსახად გმობდა რუსეთის პოლიტიკას, ღიად და ქართული საზოგადოების გასაგონად მიმართავდა საერთაშორისო თანამეგობრობას, თვითონვე ახდენდა საზოგადოებრივი აქტივობის ინიცირებას და ა.შ. მოკლედ, ატეხდა ხოლმე ერთ ამბავს და ამის შედეგად, ცხადია, ოკუპირებულ ტერიტორიას ვერ ვიბრუნებდით, მაგრამ ეს იყო ცალსახა მესიჯი რუსეთისა და მსოფლიოსთვისაც, რომ ჩვენ არ ვეგუებით არსებულ ვითარებას.

ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მე არ მახსოვს მაშინდელი ოპოზიციური მეინსტრიმისგან (აშკარა პრორუსები არ ითვლება) რაიმე სხვა დამოკიდებულება. მარტივად რომ ვთქვა, რუსეთის პროვოკაციულ ქმედებაზე პასუხი იყო მწვავე რეაქცია და ამ მხრივ მთელი საქართველო ახდენდა ერთსულოვნების დემონსტრირებას, მიმაჩნია, რომ ასეთი რეაქცია იყო სწორი და თუ ბონუსის სახით ხელისუფლება გარკვეულ ქულებსაც იწერდა პატრიოტულად განწყობილ მოსახლეობაში, ესეც იყო საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაციის შედეგი და არა პოპულიზმი.

რა ხდება ამ ხელისუფლების დროს? ცხადია, რუსეთის მხრიდან ქმედებების თვალსაზრისით, თვისობრივად ახალი არაფერი, მაგრამ ამჯერად რეაქცია არის სხვა. კერძოდ, ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველი ასეთი ქმედებისას ამბობენ, რომ ეს ცუდი კია, მაგრამ არა უშავს, ახალი ამაში არაფერი არაა, არ არის საჭირო აჟიტირება, რუსეთთან დიალოგს ალტერნატივა არა აქვს, წინა ხელისუფლება იყო ცუდი და გაგვხვია შარში, ჩვენ კი გაგვაქვს რუსეთში ღვინო და ა.შ. და ა.შ.

იმავდროულად ნაციონალური მოძრაობა მის ხელთ არსებული ყველა საშუალებებით (და ასეთი საშუალებების არსენალი მას საკმაოდ მდიდრული აქვს) ტეხს განგაშს, გმობს რუსეთის აგრესიას და ხელისუფლებას მოუწოდებს მოქმედებისკენ. თუმცა, არც თავად და არც არავის სხვას არასდროს შემოუთავაზებია კონკრეტული კონტრზომების ნუსხა, თუ არ ჩავთვლით რუსეთის მიმართ რიტორიკის გამკაცრებისა და აბაშიძე–კარასინის ფორმატის გაუქმების მოთხოვნაც, რასაც აშკარად პროპაგანდისტული დატვირთვა უფრო აქვს,

ახლა დავსვათ მარტივი კითხვა: რომელი დამოკიდებულება უფრი ადეკვატურია საზოგადოების განწყობასთან მიმართებაში? ცხადია ნაცმოძრაობის. ის ფაქტი, რომ ამ ტერიტორიის პრობლემა 2008 წლის ომის შემდეგ დადგა ასე მწვავედ, სულაც არ მოქმედებს ნაცმოძრაობის საწინააღმდეგოდ - აქ ხომ მთავარი დამნაშავე რუსეთია და არა მიშა? უფრო მეტიც, ოკუპაციის თემაზე სააკაშვილის ბრალეულობაზე პედალირებას (მიუხედავად იმისა, თუ რეალურად რაოდენ დიდია მისი პასუხისმგებლობა), ნებისმიერ შემთხვევაში გადავყავართ რუსული პროპაგანდის უნისონში და საბოლოო ჯამში დამაზარალებელია ქართული სახელმწიფოსთვის.

ისიც სათქმელია, რომ ხშირად ნაცმოძრაობის მხრიდან სიტუაციის ალარმიზება და ხელისუფლების მიმართ ბრალდებები გამიზნულად გადაჭარბებულია, მაგრამ ეს არა მგონია იყოს არსებითი მნიშვნელობის საკითხი. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ხელისუფლების პოზიცია, რადგან საზოგადოების დამოკიდებულებას დიდწილად სწორედ ხელისუფლების პოზიციის მკაფიოობა განსაზღვრავს. როდესაც ხელისუფლების პოზიცია არის ერთგვარად გადღაბნილი, ხოლო კომენტარები და შეფასებები წინააღმდეგობრივი. მაშინ ოპოზიციის გადაჭარბებული და, რიგ შემთხვევაში, უსამართლო ბრალდებებიც კი დამაჯერებელი ხდება.

შედეგად კი მივიღეთ ვითარება, როდესაც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ იპყრობს ახალ ტერიტორიებს საქართველოში. მავთულხლართის გავლება და ბანერის ჩარჭობა პრაქტიკულად მთელი მასმედიის მიერ მოწოდებულია, როგორც "საზღვრის გადმოწევა." ამ დროს ხელისუფლებისგან წასული მესიჯი, რომ არაფერი ახალი არ ხდება, ავტომატურად აღიქმება კაპიტულანტურ პოზიციად. ეს ერთის მხრივ საზოგადოების მხრიდან ცოტა ზედაპირულ მიდგომაზეც მეტყველებს, რახან აქამდე ვერავინ გაიგო, რომ არანაირი ახალი ტერიტორიების მიტაცება არ ხდება, მაგრამ ეს ხელისუფლების მინუსიცაა, რადგან ამდენი ხნის მანძილზე ვერ მოახერხა საზოგადოებისთვის ვითარების ახსნა.

ასეთი დამოკიდებულება არც მთლად უვნებელია, რადგან ნაციონალური მოძრაობა იყენებს საზოგადოებაში გავრცელებულ წარმოდგენებს და ამტკიცებს, რომ საქართველო ჰკარგავს ახალ-ახალ ტერიტორიებს. ნაცმოძრაობა ამ ვერსიას ასევე ავრცელებს საზღვარგარეთაც, არადა რუსები მარტივად დაამტკიცებენ, რომ ისინი 2008 წელს ოკუპირებული ტერიტორიებს იქით არ გასულან და გამყოფი ხაზის დაფიქსირებაც არ ცდება სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ძველ ადმინისტრაციულ საზღვრებს, ეუთოს სადამკვირვებლო მისიაც ასევე მარტივად დაადასტურებს იგივეს. საბოლოო ჯამში კი ამით ქართული სახელმწიფო იზარალებს.

რა უნდა გააკეთოს ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებამ? სიტუაციის მთელი პარადოქსულობაც იმაში გამოიხატება, რომ თუმცა რეალურად მართლა არ ხდება "საზღვრის გადმოწევა" და რუსეთის პროვოკაციული ქმედებები მართლა ხდება იმ ტერიტორიაზე, რომელიც ჩვენივე კანონმდებლობით გვაქვს განსაზღვრული, როგორც ოკუპირებული, მაგრამ კაპიტულანტობაში ბრალდების საპასუხოდ მხოლოდ ამ ფაქტებზე აპელირება ხელისუფლების მხრიდან არის არა მხოლოდ არადამაჯერებელი, არამედ პრინციპულად არასწორი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ხელისუფლება შეიძლება მართალია, მაგრამ სწორი არაა.

სასარგებლოა ვიცოდეთ

კიდევ ერთხელ გავიმეორებ: პოლიტიკოსს მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ ობიექტური რეალობა და ამ რეალობის სუბიექტური აღქმა ხალხის მიერ, შესაძლოა ყოველთვის არ ემთხვეოდეს ერთმანეთს. პოლიტიკოსს ასევე უნდა ახსოვდეს, რომ საზოგადოების განწყობები და მოლოდინები ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს. მე ცხადია, არ ვამტკიცებ, რომ პოლიტიკოსი უნდა იმეორებდეს საზოგადოებაში დამკვიდრებულ მცდარ შეხედულებებს, მაგრამ გათვალიწინება მაინც აუცილებელია. რაც მთავარია, ეს არ არის ე. წ. პიარი, არამედ არის პოლიტიკის და პოლიტიკური საქმიანობის განუყოფელი ნაწილი. პოლიტიკოსმა უნდა მიიღოს ის რეალობა, რომელიც მოცემულ მომენტში არსებობს და საზოგადოებასთან კომუნიკაცია დაამყაროს ისე, რომ პირდაპირ არ აჯახოს, შენ არაფერი არ იცი, სულელი ხარ და მე რასაც გეუბნები ისეაო.

ასეც რომ არ იყოს, არსებობს კიდევ პოლიტიკოსის საზოგადოებასთან კომუნიკაციის სრულიად ელემენტარული წესები, რომელსაც ჩვენ (ჩემს თავსაც ვეუბნები ამას, როგორც სახელისუფლო კოალიციის წევრი. დ. ზ.), მუდმივად ვარღვევთ. კერძოდ:

ა) როდესაც ხდება რამე ცუდი, არ შეიძლება თქვა, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.

ბ) როდესაც ხდება რამე ცუდი, არ შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელთა გამონათქვამები იყოს განსხვავებული, რიგ შემთხვევებში წინააღმდეგობრივიც და საერთო იყოს მხოლოდ ოპტიმიზმი.

გ) როდესაც ხდება რამე ცუდი, არ შეიძლება ამ ცუდის გამკეთებელი მოიხსენიო რაიმე დადებით კონტექსტში. ანუ, როდესაც რუსი დაგირჭობს "იუჟნაია ასეტიას" ბანერს ხურვალეთში, არ უნდა თქვა, რომ სამაგიეროდ ჩვენ უფრო მეტი მწვანილი მივყიდეთ რუსებს, ვიდრე მიშამ.

დ) როდესაც ხდება რაიმე ცუდი, არ შეიძლება ამ ვითარების გამოსწორების იმედით მივმართოთ იმასვე, ვინც ამ ცუდ რაღაცას სჩადის. ანუ არ უნდა ვთქვათ, რომ რუსი მესაზღვრეების წინააღმდეგ რუსეთის ხელმძღვანელობის იმედი გვაქვს.

ამ ელემენტარული წესების დაუცველობა და საზოგადოების განწყობების გაუთვალისწინებლობა განაპირობებს სწორედ იმ პარადოქსულ ვითარებას, როდესაც ოპოზიციის ბამბაც ჩხრიალებს და ხელისუფლების კი არც კაკალი. ისე, რა ვიცი, ზემოთ ჩამოთვლილი წესების დაცვას ბევრი არც არაფერი უნდა და აქამდე რომ ასე ყოფილიყო, იმ ბანალური ჭეშმარიტების კონსტატაცია, რომ არანაირი "საოკუპაციო ხაზის" გადმოწევა არ ხდება, არ იქნებოდა აღქმული რუსეთის წინაშე კაპიტულაციად.

ეს კი ასეა, მაგრამ როგორც ჩანს გაცილებით რთულია იმის აღიარება, რომ რუსეთთან მიმართებაში ერთადერთი სწორი პოლიტიკა არის საერთაშორისო საზოგადოების მუდმივი პრესინგი და რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე უმწვავესი რეაგირება. ეს კონცეპტუალური მიდგომა არის ის, რაც ასე აკლია ჩვენს ხელისუფლებას და რაც დიდწილად განაპირობებს ზემოთ ჩამოთვლილ ელემენტარული წესების დარღვევას, ამისგან გამომდინარე პარადოქსებით.

პოლიტიკური ცუგცვანგი

არადა ასეთი მიდგომა გამართლებულია არა მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ეს პოლიტიკა ერთადერთი და სწორია ყოველთვის და ყველა ხელისუფლების პირობებში. ესაა ერთგვარი ცუგცვანგი - სხვა სვლები ჩვენ უბრალოდ არა გვაქვს. ნებისმიერი წაყრუება აგრესიაზე მხოლოდ ათამამებს აგრესორს, ხოლო თუ დასავლეთი იმაში ვარწმუნეთ (რაშიაც შიგადაშიგ ვცოდავთ), რომ ჩვენ რუსეთთან ურთიერთობაში წინსვლა გვაქვს და პროგრესი, მაშინ დასავლეთშიც არიან ძალები, რომელთაც სხვა პრობლემების ფონზე სულ არ ცხელათ ახლა საქართველოსთვის და სიამოვნებით დაგვტოვებენ რუსეთთან ერთი-ერთზე, თქვენ ხომ წინსვლა გაქვთ და ურთიერთგაგებაში პროგრესიო.

ის, თუ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს რუსეთთან ერთი ერთზე დარჩენამ, ძნელი მისახვედრი არ არის. ჩვენ აღმოვჩნდებით დაახლოებით იმ ანეკდოტის სიტუაციაში, ცხოველები რომ ორმოში ჩაცვივდნენ, მოშივდათ, გადაწყვიტეს ყველაზე უმცროსი შეეჭამათ და წავიდა ლაპარაკი, მე ასი წლის ვარ, მე ორასისო და ამ დროს დათვი წამოდგა და მე სამი წლისა ვარ და ძალიან მშიაო, განაცხადა.

ამ ვითარებაში იმაზე წუწუნი, დასავლეთმა რა გაგვიკეთა, უკრაინას რა უშველა და ა.შ. ასევე არის პრინციპულად არასწორი. დასავლეთი არის რუსეთის აგრესიის შემაკავებელი ერთადერთი ბერკეტი. ცხადია, აქაც არის გრადაცია - რაღაც ვარიანტში რუსეთი მიდის დათმობაზე, რაღაც ვარიანტში არა, მაგრამ სამი წლის მშიერ დათვთან ორმოში მარტო დარჩენა ნამდვილად არ არის დასავლეთის ალტერნატივა. დავესესხები ივლიანე ხაინდრავას და ვიტყვი, რომ ჩვენ და რუსეთი სხვადასხვა წონით კატეგორიაში ვართ და ამიტომ, ბუნებრივია, არ უნდა ვიყოთ პროვოცირების ინიციატორები და არ უნდა გავიდეთ ერთი-ერთზე რუსეთთან რინგში, სადაც ბრძოლა წესების გარეშე მიმდინარეობს. ამის ნაცვლად უნდა ვეცადოთ, ვთქვათ ფარიკაობის სარბიელზე გადავინაცვლოთ, სადაც ჩვენს გარდა კიდევ არბიტრებიც იქნებიან.

ვფიქრობ მოვიდა დრო, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე დაგროვილი გამოცდილებიდან სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. მავთულხლართების მსგავს პროვოკაციებზე ყველაზე სწორი და ეფექტური პასუხია ერთიანობა, სიმტკიცე და მკვეთრად ნეგატიური რეაქცია. ასევე ვფიქრობ, რომ ყოველ პროვოკაციაზე ცალსახად მკაცრი პოზიციის დაფიქსირების შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან პროვოკაციებიც ნაკლებად მოსალოდნელია. ჩემის აზრით, ამგვარი პროვოკაციების უპირველესი მიზანი ქართულ საზოგადოებაში დაპირისპირების გამოწვევის, რუსეთის წინაშე უძლურების განცდის დამკვიდრების მცდელობაა. ხოლო როდესაც პროვოკაციის მიზანი მიუღწეველია, პროვოცირებაც აზრს ჰკარგავს.

დიახ, ეს ცუგცვანგია, მაგრამ ისეთი ცუგცვანგი, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ მივყავართ დამარცხებისკენ. დიახ, .სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს, რადგან როგორც ჩვენი ისტორიული გამოცდილება და დამოუკიდებლობის ოცდახუთწლიანი პრაქტიკა ცხადყოფს, რუსეთის მიმართ მხოლოდ ასეთი კონცეტრირებული პოლიტიკაა თუ საუკეთესო შედეგის მომტანი არა, ყველაზე ნაკლებად დამაზარალებელი მაინც.

ასე იყო, ასე არის და არავინ იცის კიდევ რამდენ ხანს იქნება ასე."- წერს ზურაბიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს