ქვეყნის პრეზიდენტების ყველაზე მტკივნეული და ტრაგიკული გადაწყვეტილებები

ქვეყნის პრეზიდენტების ყველაზე მტკივნეული და ტრაგიკული გადაწყვეტილებები

ხშირად პოლიტიკური ლიდერის ერთი შეხედვით სწორ გადაწყვეტილებას შესაძლოა, სავალალო შედეგი მოჰყვეს როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ქვეყნისა და მსოფლიოსთვისაც. ამის მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკური გამოცდილების ნაკლებობაა.

1990-იანი წლების დასაწყისში, მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, პოლიტიკური ლიდერები გამოუცდელობის გამო შეცდომებს ხშირად უშვებდნენ, რასაც საზოგადოების კრიტიკა არ აკლდა. მათი ზოგიერთი გადაწყვეტილების შედეგი დღემდე გამოუსწორებელია.

AMBEBI.GE წარმოგიდგენთ სტატიას "საქართველოს ოთხი პრეზიდენტის სავალალო შეცდომები", რომელშიც ექსპერტები მამუკა არეშიძე და ხათუნა ლაგაზიძე ქვეყნის პრეზიდენტების ყველაზე მტკივნეულ და ტრაგიკულ გადაწყვეტილებებზე საუბრობენ; განიხილავენ პირველი პირების არასწორ ნაბიჯებს, ყველაზე დრამატულად კი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს ასახელებენ.

"გამსახურდიას ეკუთვნის საინტერესო განცხადება, როდესაც მან ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ რუსეთმა მის მეგობარ ისაკაძოევს წითელი გენერალი ჯოხარ დუდაევი დაუპირისპირა. ისაკაძოევი იმ დროს ინგუშური ეროვნული მოძრაობის ხელმძღვანელი იყო, ჯოხარ დუდაევი კი ახალი ჩასული იყო ჩეჩნეთში. გამსახურდიას რატომღაც ეგონა, რომ დუდაევი გამოგზავნილი იყო სპეციალურად სიტუაციის შესაცვლელად, ამ დროს დუდაევი თვითონ აღმოჩნდა ლიდერი ეროვნული მოძრაობისა", - იხსენებს მამუკა არეშიძე.

შევარდნაძის არასწორ გადაწყვეტილებად არეშიძეს აფხაზეთში ჯარები შეეყვანა მიაჩნია:

"მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შთაბეჭდილება დარჩეს, რომ ეს იყო აუცილებლობით გამოწვეული გადაწყვეტილება, მაინც მეტი სიფრთხილე იყო საჭირო. პრაქტიკულად, ამ ნაბიჯმა ცუდი შედეგები მოიტანა. ეს იყო რუსეთის მიერ დაგებული ხაფანგი, რომელშიც სამწუხაროდ, შევარდნაძემ თავი გაყო".

მამუკა არეშიძე დსთ-ში შესვლა-არშესვლის საკითხის შესახებ შევარდნაძის გადაწყვეტილებაზეც საუბრობს: "ვიდრე კატასტროფული მდგომარეობა არ მივიღეთ აფხაზეთთან მიმართებაში, მანამდე დსთ-ში არ შევედით. ან არ უნდა შევსულიყავით საერთოდ, ან თუ შევდიოდით, ჯობდა ეს გადაწყვეტილება ადრე მიღებულიყო".

აფხაზეთთან მიმართებაში კიდევ ერთ მძიმე გადაწყვეტილებად არეშიძეს კონფედერაციის შექმნაზე უარი მიაჩნია.

"ევგენი პრიმაკოვმა თბილისში არძინბა ჩამოიყვანა და მან საქართველოს აფხაზეთთან კონფედერაცია შესთავაზა. შინაარსში მაშინ არავინ ჩაღრმავებულა და პრიმაკოვმა ეგრევე უარი მიიღო შევარდნაძის მხრიდან. შევარდნაძემ შემდეგ ვიწრო წრეში ახსნა, რომ ქართველი ხალხი ამას ვერ გაიგებდა. საკამათოა, შეიძლება მართლა ყოფილიყო კრიტიკა, მაგრამ სახელმწიფოს ხელმძღვანელი იმას ნიშნავს, რომ ასეთი ტიპის კრიტიკას გაუძლოს", - ამბობს მამუკა არეშიძე.

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძეც აფხაზეთთან დაკავშირებით მიღებულ არაერთ გადაწყვეტილებას იხსენებს:

"ყველაზე ტრაგიკული გადაწყვეტილება საქართველოსთვის იყო აფხაზეთის ომის დაწყების პროვოცირება. აქ პასუხისმგებლობა ცალსახად ქართულ მხარეზე არ შეიძლება იყოს, მაგრამ რკინიგზის დაცვის მიზნით, საჯარისო ფორმირებების შეყვანა აფხაზეთში იყო არასწორი გადაწყვეტილება ისევე, როგორც 27 ივლისის სოჭის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც საქართველო ენდო რუსეთს და გამოიყვანა საჯარისო ფორმირებები აფხაზეთიდან, რასაც მოჰყვა შემდეგ სოხუმის დაცემა და მთლიანად აფხაზეთზე კონტროლის დაკარგვა".

ლაგაზიძის თქმით, არასწორი გადაწყვეტილება აფხაზეთთან დაკავშირებით სააკაშვილმაც მიიღო მაშინ, როდესაც ის კოდორის ხეობისთვის სახელის შეცვლას და მისთვის "ზემო აფხაზეთის" დარქმევას შეეცადა, რამაც კოდორის ხეობის დაკარგვა გამოიწვია.

რაც შეეხება კიდევ ერთი რეგიონის - ცხინვალის დაკარგვას, ექსპერტების შეფასებით, იგი უკვე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილების შედეგია.

"2008 წელი იყო არასწორი გადაწყვეტილებების კასკადი მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ისეთივე ხაფანგი დაუგო სააკაშვილს, როგორც თავის დროზე შევარდნაძეს. თუმცა, მან არ გაითვალისწინა შეცდომები, რომლებიც დაშვებული იყო მანამდე და თვითონაც თავი შერგო ამ ხაფანგში", - ამბობს მამუკა არეშიძე.

"2008 წლის აგვისტოში სააკაშვილმა ვერ შეძლო თავი აერიდებინა რუსული პროვოკაციისთვის. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ომი დაიწყო საქართველომ, ომი დაიწყო რუსეთმა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო წამოეგო პროვოკაციას", - იხსენებს ხათუნა ლაგაზიძე.

ცხინვალის დაკარგვამდე კი მამუკა არეშიძე სააკაშვილის კიდევ ერთ არასწორ განცხადებას იხსენებს: "საინტერესო იყო სააკაშვილის განცხადება 2005 წელს, როდესაც მან განაცხადა, რომ პუტინს თვალებში ჩახედა და დაინახა ნორმალური ადამიანი. ამ განცხადებას შემდეგ აბსოლუტურად სხვა ნაბიჯები მოჰყვა მისივე მხრიდან ერთი კვირის თავზე".

კიდევ ერთი არასწორი გადაწყვეტილება, რომელიც სააკაშვილის ეპოქას უკავშირდება, ხათუნა ლაგაზიძის აზრით, სააკაშვილის მიერ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის გამოცხადებაა, რაც მისივე თქმით, საფუძვლად დაედო ქვეყანაში მასობრივი ტერორის დაწყებას საზოგადოების წინააღმდეგ.

რაც შეეხება მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, მას წინამორბედების მსგავსი ტრაგიკული გადაწყვეტილება ექსპერტების მოსაზრებით, ჯერ არ მიუღია, თუმცა, შეცდომები მასაც აქვს.

"მარგველაშვილის განცხადებებიდან მახსენდება ის, როდესაც მან თქვა, რომ ფეხის შემდგმელი არ იყო რეზიდენციაში, ერთი კვირის შემდეგ კი ეს ნაბიჯი გადადგა. თან კატეგორიული განცხადება გააკეთა", - აღნიშნა მამუკა არეშიძემ.

მსგავს განცხადებებს არეშიძის თქმით, საზოგადოებისთვის მტკივნეული შედეგები არ მოჰყვება ხოლმე, თუმცა, იგი დიდხანს რჩება ხალხის ცნობიერებაში და ზოგადად ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად აისახება.

თამთა ჯიჯავაძე

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."