როგორ იხსნის სტრესს მძიმე ოპერაციის შემდეგ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, რომელსაც სალვადორ დალის ადარებენ

როგორ იხსნის სტრესს მძიმე ოპერაციის შემდეგ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, რომელსაც სალვადორ დალის ადარებენ

წლებია დაზიანებული და დასახიჩრებული ადამიანების ჯანმრთელობისთვის თავდაუზოგადად შრომობს. ამბობს, რომ ექიმობა მისთვის უმთავრესი საქმიანობაა, რომელიც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს, თუმცა ისეთი სამსახური აქვს, რომ მუდმივად სტრესში უწევს ცხოვრება, ამიტომ აქვს უამრავი ჰობი, რითაც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, პლასტიკური ქირურგი გუგა ქაშიბაძე სტრესს იხსნის.

- თქვენი პროფესიის წყალობით, გამუდმებულად უამრავ ტრავმირებულის დახმარება გიწევთ. ადამიანურად ეს ყველაფერი თქვენში რა ემოციას იწვევს?

- ნებისმიერი პროფესია და არა მარტო ექიმობა, ზეგავლენას ახდენს პიროვნების ჩამოყალიბებაზე და გარკვეულწილად ცვლის მას... ჩვენი პროფესიაც - პლასტიკური ქირურგია და ზოგადად ქირურგია, გინდა არ გინდა, სტრესთან არის დაკავშირებული. შეიძლება იმ მომენტში ვერც ატყობ, რომ გაჭირვებულ ადამიანთან გიწევს ურთიერთობა, თუმცა ცდილობ, შენი პროფესიით, შენი ქმედებით გააუმჯობესო მისი ცხოვრების სტილი, ფუნქცია აღუდგინო და საბოლოო ჯამში, გადაარჩინო. ასევე მნიშვნელოვანია მისი ესთეტიკური მხარეც, დაზიანებული ესთეტიკური ადგილის, ნაწიბურის, ნაიარევის აღდგენა. დიახ, პაციენტისთვის მნიშვნელოვანია ესეთეტიკური შედეგები იმისთვის, რომ შინ არ ჩაიკეტოს და დეპრესია მოეხსნას.

რაც შეეხება ემოციებს, ყოველთვის ვცდილობ, ცივ გონებას მოვუხმო. ამას რამდენად ვახერხებ, არ ვიცი. როდესაც ყველაფერს ემოციურად აფასებ, ეს ხელს გიშლის. ჩვენს პროფესიაში დიდია აზარტი, საერთოდ ასეა ქირურგიაში, რასაც თითოეული ოპერაციისა და პაციენტის ინდივიდუალურობაც განსაზღვრავს. სწორედ ამის გამოც ავირჩიე ეს პროფესია. დიახ, ეს იყო ძალიან დიდი აზარტი და არაფერი პრაგმატული იმაში არ ყოფილა, რომ ექიმი გამოვსულიყავი. ისე, ეს ორმხრივი ენერგია - პაციენტისა და ექიმის, მნიშვნელოვანია, - "ცალკარას" ხომ არ ვთამაშობთ? რა ენერგიასაც გასცემ, ის პაციენტისგან რაღაც ფორმით გიბრუნდება. როდესაც ასეთი ორმხრივი კავშირი მყარდება, ამას რა სჯობია...

- ექიმები ხშირად პარალელურად ხელოვნებისკენაც იხრებიან. ზოგი მღერის, არტისტობს, სიმღერას წერს... გაირკვა, რომ თქვენ ხატავთ. რა ჟანრში მუშაობთ და როდის ახერხებთ ამას?

- ბავშვობიდან ვხატავ, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, სანამ ექიმობაზე ვიფიქრებდი. სამხატვრო სკოლა არ დამიმთავრებია, ამიტომ ჩემს მხატვრობაზე საუბარი ხმამაღალი ნათქვამია, ეს უფრო ჰობია. უბრალოდ რამდენიმე ადამიანი ვართ, ექიმების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც სამ წელიწადში ერთხელ გამოფენებს ვაწყობთ. მართალია, ის ფართომასშტაბიანი არ არის, მაგრამ ერთმანეთს და კოლეგებს გამოცდილებას ვუზიარებთ.

ვხატავ გრაფიკაში, ზეთშიც. ნამუშევრები სიურიალიზმთან არის ახლოს, თუმცა ესეც ხმამაღალი ნათქვამია. გარდა ამისა, თოჯინების დამზადებით ვარ გატაცებული. ასევე ვმუშაობ რკინაზეც, პატარა ქანდაკებებს ვამზადებ. ხელოვნება ხომ ცალკე დარგია და ამიტომ შეუძლებელია ორ სფეროს ერთნაირად ემსახურო? ჩემი ძირითადი საქმიანობიდან რა თავისუფალი დროც მრჩება, მას ამ ყველაფერს ვუთმობ. ძირითადი ხომ ვამბობ, ჩემი პროფესია - ექიმობაა. დანარჩენი კი, სტრესის მოსახსნელი ჰობია. იმ დროს ყველაზე კარგად ვისვენებ. თუმცა საოპერციოდან გამოსვლისა და ნახტის დასრულების პროცესს ერთმანეთს ვერ შევადარებ.

- არ ნანობთ, რომ ძალები მხატვრობაში არ სცადეთ? ახლა მხატვარი იქნებოდით?

- არ ვიცი, რამდენად წარმატებული ვიქნებოდი, მაგრამ ნამდვილად არ ვნანობ, რადგან აქ არჩევანი თვითონ გავაკეთე. თუმცა იყო ლაპარაკი, ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში ჩამებარებინა, თუ ექიმი გავმხდარიყავი? მე ექიმობა გადავწყვიტე. პრინციპში, არ შევცდი...

- ე.ი. ექიმობა დიდ სიამოვნებას განიჭებთ...

- დიახ, ვემსახურები საქართველოს! თითოეული პაციენტისთვის სასიცოცხლო ფუნქციის დაბრუნება, აღდგენა, ჯანმრთელობაზე ზრუნვა არ უნდა იყოს ცუდი საქმე. მერე ისეთი დარგი გვაქვს, რომ ხშირია ტრავმიანობა, რასტანაც შეხება გვიწევს, მით უმერტეს, რომ საყოფაცხოვრებო პირობები არ არის გამართული. სამწუხარო ის არის, რომ ტრავმების 80 პროცენტი გაუფრთხილებლობის გამო ხდება. მეტი წინდახედულება რომ იყოს, ეს რიცხვი შემცირდებოდა.

- თქვენი მთამსვლელობაც სამოყვარულო ასპექტში უნდა განვიხილოთ და ესეც ჰობია?

- მთაზე ასვლას უბრალოდ მთის სიყვარული იწვევს და მეტი არაფერი, თუმცა ესეც საოცარ ემოციებს მანიჭებს. გული იმაზე მწყდება, რომ იქ ცოტა ქართველი დადის, გზაში ძირითადად უცხოელები გვხვდებიან. არადა, საიდან არ ჩამოდიან, რომ ჩვენი მთების სილამაზე ნახონ. ჩვენ კი თითქოს სათანადოდ ვერ ვაფასებთ საკუთარ ბუნებას. ამაში საკუთარ თავსაც ვგულისხმობ.

- მოკლედ, ბევრი გატაცება გქონიათ...

- კი, და თითოეული სტრესს არაჩვეულებრივად მიხსნის. პარაპლანით ფრენაც ჩემი ჰობია. დამოუკიდებელი ფრენებიც მქონია, რაც ძალიან მაგარია.

- თუ არ მიწყენთ, გკითხავთ, - ხშირად ადამიანები თქვენი ორიგინალური ულვაშით სალვადორ დალის გადარებენ. თავად რას იტყვით?

- აბა, ჩემს ულვაშზე რა გითხრათ? ამის გამო დალის კი არა, მარსელ პრუსტიდან დაწყებული, ვის არ მადარებენ. რატომ მოვუშვი ულვაში და ასეთი ფორმა რატომ მიიღო? არ ვიცი. შეიძლება ეს შინაგანი პროტესტია გლობალიზაციის მიმართ?! კარგია თუ ცუდი ეს, მართლა არ ვიცი, თუმცა ჩემი ულვაშით ვამაყობ. დღესასწაულებში ვიცვამ ჩოხას, მაგრამ ჩოხოსანი არ ვარ...

- რას გვეტყვით ოჯახზე?

- მყავს ექიმი მეუღლე - თამარ აბურჯანიძე და 12 წლის გოგონა, ბარბარე. ექიმების ოჯახი გვაქვს, ეს არის და ეს...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია