მოლდოვადან ე.წ.სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დელეგაციები გამოაძევეს

მოლდოვადან ე.წ.სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დელეგაციები გამოაძევეს

მოლდოვის მთავრობა, რომელსაც ახლო კავშირები აქვს საქართველოსთან, საქართველოს მსგავსი პოლიტიკის დემონსტრირებას ახდენს , - ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. დე ფაქტო უწყებამ განცხადება ე.წ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დელეგაციების წევრების მოლდოვიდან გაძევების შესახებ გაავრცელა.

"მოლდოვურმა მხარემ დაარღვია თავისი პირობები, შეთანხმება და მიიღო პროვოკაციული ზომები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციების მისამართით. შედეგად კიშინიოვის აეროპორტში რამდენიმე საათის განმავლობაში დააკავეს ე.წ.სამხრეთ ოსეთის დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის და აფხაზეთის დელეგაცია ვიცე პრეზიდენტის ხელმძღვანელობით. მოლდოვის უსაფრთხოების სამსახური დელეგაციის წევრებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ცდილობდა, შედეგად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციები გამოაძევეს ქვეყნიდან და მათ მოლდოვაში 10 წლით ჩასვლის უფლება აუკრძალეს", - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დელეგაციები მოლდოვაში დნესტრისპირეთის ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 25-ე წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიემგზავრებოდნენ, თუმცა, ოფიციალურმა კიშინოვმა განაცხადა, რომ მათი ვიზიტი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ეწინააღმდეგებოდა.

როგორც აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყებაში აცხადებენ, მოლდოვის პოლიტიკა საქართველოს პოლიტიკის მსგავსია და იგი მეზობელი ქვეყნების იზოლაციას და დისკრიმინაციას ახდენს.

"მოლდოვური მხარის ზემოთხსენებული პროვოკაციული ნაბიჯები პირდაპირ ეწინააღმდეგება თავისუფლად გადაადგილების უფლებას. მოლდოვის მთავრობას უნდა შევახსენოთ, რომ მისი ქვეყნის მოქალაქეების საკმაოდ დიდი ნაწილი ყოველწლიურად სტუმრობს აფხაზეთს", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"