გია ხუხაშვილი - ფაქტობრივად, ჩვენ სადისტური პოლიტიკიდან მაზოხისტურ პოლიტიკამდე მივედით

გია ხუხაშვილი - ფაქტობრივად, ჩვენ სადისტური პოლიტიკიდან მაზოხისტურ პოლიტიკამდე მივედით

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე "ინტერპრესნიუსი" დამოუკიდებელ ექსპერტს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდა ის თემაა, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს მოსახლეობას. გასაკვირიც არ არის, რომ ეს ახლა ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემაც გახლავთ. ფაქტია, რომ რეგიონებსა და დედაქალაქში დენის ფასმა უკვე მოიმატა და შემოსავლების კლებისა და ლარის მზარდი გაუფასურების ფონზე წინ მძიმე ზამთარი გველოდება. "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებებს თუ გავითვალისწინებთ, ყოველგვარი ახსნა ნაკლებად ანაც საერთოდ არადამაჯერებლად გამოიყურება. თქვენი აზრით, რა ხდება? რატომ ვერ შეძლო დანაპირების შესრულება მმართველმა გუნდმა? ბევრი იმაზეც საუბრობს, რომ ხელისუფლება ელექტროსისტემაში მომუშავე კომპანიებს კი არ უყენებს პირობებს, არამედ პირიქით, ამ სფეროსა და სისტემაში დასაქმებული გამანაწილებელი კომპანიები უყენებენ პირობებს ხელისუფლებას? თქვენც ასე ფიქრობთ?

- მთლად ასე არ ვფიქრობ. ამ ყველაფერში არის ობიექტური მიზეზები და არის, რა თქმა უნდა, სუბიექტურიც. ის, რომ შედეგად ჩვენ ვიღებთ ძალიან მაღალ სოციალურ რისკებს, ფაქტია. ძველი ტარიფიც კი იყო პრინციპში გადახდის უნარიანობის ზღვარს მიღმა და, შესაბამისად, გაძვირება კიდევ უფრო დაამძიმებს მომხმარებლის მდგომარეობას.

ვთვლი, რომ ხელისუფლების პასუხიმგებლობის ზონა ტარიფი იმდენად არ არის, რამდენადაც მოსახლეობის ღირსეული შემოსავალი. ხელისუფლება ტარიფის კლებაზე კი არ უნდა ზრუნავდეს, არამედ იმაზე, რომ ადამიანები იყვნენ დასაქმებული, ჰქონდეთ ღირსეული შემოსავალი და გაძვირებულ ტარიფსაც საკუთარი შემოსავლებიდან იხდიდნენ. ეს არის სწორი და ჯანსაღი სისტემა.

რაც შეეხება ხელისუფლების დაპირებებს, არ მინდა, ძალიან სუბიექტურები ვიყოთ. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" შესაძლებლობის ფარგლებში მოახდინა ტარიფების კლება, როგორც ელექტროენერგიაზე, ასევე გაზზე. განახევრება არ გამოვიდა, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი კლება იყო. იმის შემდეგ დიდი დრო გავიდა. შეიცვალა გარემოებები, მოხდა დოლარის დევალვაცია. ელექტროენერგიაში არის სავალუტი კომპონენტი, ზამთრის სეზონში ელექტროსადგურები გაზზე მუშაობენ და, შესაბამსიად, გარდაუვალი იყო გადაანგარიშება. სხვა საკითხია, რამდენად სწორად მოხდა ეს გადაანგარიშება და რამდენად იყო ეს პროცესი ჯანსაღი.

კომპანიების მხრიდან იმის გამოცხადებას, რომ თუ არ გაიზრდება ტარიფის იმდენით, რამდენსაც ჩვენ ვითხოვთ, ზამთარში გრაფიკი იქნება, კომპანიის მხრიდან ხელისუფლებასთან და მოსახლეობასთან ასე შანტაჟნარევი საუბარი, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არაკორექტულია. გამიჭირდება დაბეჯითებით თქმა, გაზრდილი ტარიფი სწორია თუ არა, მაგრამ კომპანიების მხრიდან თავად ეს პრესინგი, რასაც ხელისუფლება აჰყვა, ჩემი აზრით, არ არის მაინცადამაინც სასიამოვნო. გასაგებია, რომ ხელისუფლების ინტერესია, ახალი ინვესტორები მოიზიდოს ენერგეტიკის სფეროში, განავითაროს ენერგეტიკის სფერო და ყველაფერი კი დამოკიდებულია ტარიფზე.

ჩემი აზრით, განსაკუთრებით რთული და არაჯანსაღი იყო "ენერგოპროს" საქციელი, რომელმაც დაიწყეს გაძვირების ციკლი. კომპანია ითხოვს ტარიფის მომატებას და პარალელურად გასაყიდად დახლზეა დადებული. ამ შემთხვევაში მისი ინტერესი მოსახლეობის ხარისხიანი მომსახურება კი არაა, არამედ მიიღოს მაღალი ტარიფი, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ ფასში კომპანიის გაყიდვას. ფაქტია, რომ კომპანიას მოკლევადიანი, ერთჯერადი ინტერესი ჰქონდა. ამ ფონზე იმის გამოცხადება, რომ თუ ტარიფს არ მოუმატებთ, მე ზამთარში ვერ მოგემსახურებით, ძალიან ცინიკურად ჟღერს, ვინაიდან ზამთრამდე აქ დარჩენას არ აპირებენ და გაქცევაზე არიან.

- ანუ, "ენერგოპრომ", მას შემდეგ რაც მარეგულირებელი კომისია იძულებული გახადა, ტარიფები გაეზარდა, შეიძლება ზამთრამდე საქართველო დატოვოს?

- რა თქმა უნდა. ეს დამალული არაა, მათ გამოცხადებული აქვთ, რომ კომპანია იყიდება, ახლა პრაქტიკულად გაყიდვის რეჟიმშია. მათთვის ტარიფის გაზრდა მნიშვნელოვანი იყო იმისათვის, რომ კომპანია კარგად გაიყიდოს. რაც უფრო მაღალი იქნება ტარიფი, მისი გასაყიდი ფასი ერთი-ორად გაიზრდება.

ინტერვიუ სრულად იხილეთ interpressnews.ge-ზე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."